საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/49
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.03.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო
მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ - კულტურული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონული სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/49
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის №3/320 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“ (შემდგომში - ცენტრი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 აპრილის №259 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ უფლებამონაცვლეს და ხალხური შემოქმედების სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის სამართალმემკვიდრეს.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
3. ცენტრის სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“.
4. ცენტრის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
5. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №68.
მუხლი 2🔗.
ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“, ხელოვნების სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, აგრეთვე ეს დებულება.
2. ცენტრი საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე უფლებამოსილია გამოიყენოს და დადგენილი წესით განკარგოს მასზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები, გადაწყვიტოს მის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები.
მუხლი 3🔗.
ცენტრის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
ცენტრის ძირითადი მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანია:
ა) ხალხური შემოქმედების, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის მოძიება, შენარჩუნება, პოპულარიზაცია და მისი მეცნიერული კვლევა;
ბ) ხალხური ხელოვნების მოვლა-დაცვისა და განვითარების საკითხებზე საქართველოს რეგიონებში (რაიონი, ქალაქი, სოფელი) მოქმედი ხალხური შემოქმედებისა და მხატვრული თვითმოქმედების კოლექტივებისათვის, ფოლკლორული ჯგუფების, შემოქმედებითი გაერთიანებების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან არსებული ფოლკლორის სტუდიების, თვითნასწავლი მხატვრების, ხალხური რეწვის ოსტატებისა და სახალხო მთქმელებისათვის კვალიფიციური კონსულტაციების გაწევა;
გ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ავთენტური ფოლკლორის და ტრადიციული ქართული გალობის დაცვასა და განვითარებას;
დ) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიზნობრივი მივლინებებისა და სპეციალური ექსპედიციების მეშვეობით ფოლკლორული მასალის მოძიება, შეკრება-დამუშავება (გაშიფვრა) და ამ გზით ხალხური შემოქმედების დარგების (ჟანრების) მეცნიერული კვლევა და ანალიზი;
ე) ადგილებზე მომუშავე კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ლაბორატორია-სემინარების, მასტერ-კლასებისა და ვორქშოფების ორგანიზება ცენტრსა და წარმომადგენლობებში (ცენტრებში);
ვ) კულტურული (ფოლკლორული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ფოლკლორის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;
ზ) ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს რეგიონებში და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ღონისძიებების (მათ შორის, საკონცერტო საქმიანობის) განხორციელება.
მუხლი 4🔗.
ცენტრის უფლებები
1. თავისი მიზნების განხორციელებისათვის ცენტრს უფლება აქვს:
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებით მიმართულებათა განსაზღვრაში;
ბ) ხალხური შემოქმედების კვლევის, მოძიების, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით მოაწყოს სამეცნიერო ექსპედიციები, სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები, კონცერტები, გამოფენები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
გ) მოაწყოს სამეცნიერო ექსპედიციები, მოამზადოს და გამოსცეს სხვადასხვა სახის სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურა, აუდიო- და ვიდეომასალა, გადაიღოს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები;
დ) ითანამშრომლოს ტრადიციული ხელოვნებით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მეცნიერებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ ოსტატებთან;
ე) გააფორმოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომერციულ და არაკომერციულ იურიდიულ პირებთან;
ვ) დადოს გარიგებები საქართველოსა და საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, შეიმუშაოს ხალხური შემოქმედების ხელშემწყობი პროექტები და პროგრამები;
ზ) მოაწყოს ფესტივალები, კონკურსები, ფორუმები, დებულებით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ;
თ) განათავსოს სპეციალური ვებგვერდი ადგილობრივ და საერთაშორისო ქსელებში, გამოიყენოს სოციალური ქსელები და ახალი ტექნოლოგიური საშუალებები;
ი) წარმართოს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას;
კ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს ცენტრის შინაგანაწესი, განსაზღვროს ცენტრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა, დაადგინოს მუშაკთა მატერიალური წახალისების ფორმები და მეთოდები;
ლ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შექმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები (ცენტრები) საქართველოში და საზღვარგარეთ;
მ) უზრუნველყოს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამსახურების საქმიანობის კონტროლი და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ნ) დადგენილი წესის შესაბამისად, ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები საბიუჯეტო სახსრებით;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელოს ცენტრის სტრუქტურული რეორგანიზაცია;
პ) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;
ჟ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განახორციელოს სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად;
რ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.
2. ცენტრს, მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით, შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ცენტრის საშტატო ნუსხის, საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, პრემიების, ჯილდოებისა და ფინანსური დახმარების, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა/გაცემა, კვების ობიექტის მოწყობა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.
4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 5🔗.
ცენტრის მართვა და სტრუქტურა
1. ცენტრის ხელმძღვანელობას, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, ახორციელებს აღმასრულებელი დირექტორი.
2. აღმასრულებელ დირექტორს სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით ან საკუთარი შეხედულებით დამოუკიდებლად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია:
ა) დანიშნოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარდგენილი აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატი;
ბ) მოსთხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის ახალი კანდიდატურის წარდგენა;
გ) აღმასრულებელი დირექტორი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად.
3. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი:
ა) მოისმენს და განიხილავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მუშაობის გეგმებს და ანგარიშებს, ცალკეულ თანამშრომელთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ საკითხებს, თანამშრომლების მოხსენებებს;
ბ) განიხილავს გრანტის მოსაპოვებლად ცენტრის სახელით მომზადებული პროექტების თემატიკას და პროექტების დონეს; განიხილავს საქართველოს და უცხოეთის სხვა სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის საკითხებს;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს ფოლკლორის თემაზე პერიოდიკის გამოცემის თაობაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს გამოცემების სარედაქციო კოლეგიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;
დ) წარადგენს ღირსეულ შრომებს პრემიებისა და ჯილდოების მოსაპოვებლად;
ე) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;
ვ) წარმართავს და ორგანიზებას უწევს ცენტრის საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ საქმიანობას და პერსონალურად აგებს პასუხს ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;
ზ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ცენტრს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;
თ) კანონით დადგენილი წესით და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, განაგებს და განკარგავს ცენტრის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ი) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარება;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
მ) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს და ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურას, ბიუჯეტს და შინაგანაწესს;
ნ) ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებას;
ო) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ასევე ცენტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
პ) ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებს;
ჟ) ვალდებულია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს აცნობოს მისი არყოფნის პერიოდში აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ;
რ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია, განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები.
4. აღმასრულებელ დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
დ) გარდაცვალებისას;
ე) სამეთვალყურეო საბჭოს დასაბუთებული წარდგინებით და მინისტრის გადაწყვეტილებით;
ვ) მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
5. აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობას ზედამხედველობს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება შვიდიდან - ცამეტ წევრამდე.
6. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.
7. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს საბჭო თავისი შემადგენლობიდან.
8. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურებს განსაზღვრავს საბჭო.
9. სამეთვალყურეო საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც და უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9.1. მიღებულ გადაწყვეტილებას საბჭო აფორმებს წერილობით, რომელსაც ხელს აწერს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და 5 დღის ვადაში წარუდგენს ცენტრის გენერალურ დირექტორს.
9.2. სამეთვალყურეო საბჭოს ჰყავს საბჭოს არაწევრი მდივანი რომელიც ადგენს ოქმს და მიღებულ გადაწყვეტილებას.
10. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) ითანხმებს ცენტრის ბიუჯეტის პროექტს და აღმასრულებელი დირექტორისგან ისმენს მისი შესრულების ანგარიშს;
ბ) განიხილავს და ითანხმებს ცენტრის შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და ზედამხედველობას უწევს ცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას;
გ) განიხილავს ცენტრის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხებს; ითანხმებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მიერ შემუშავებული ცენტრის დებულების ცვლილების პროექტს;
დ) განიხილავს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივრებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.
11. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით და მინისტრის გადაწყვეტილებით;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
ე) გარდაცვალებისას;
ვ) მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
12. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.
მუხლი 6🔗.
ცენტრის ქონება
1. ცენტრს, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
2. ცენტრის ქონებად ითვლება აგრეთვე მის საკუთრებაში არსებული ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი.
3. ცენტრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განკარგოს კანონით ნებადართული სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის წარმართვისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი შემოსავლები, რომელიც მთლიანად ხმარდება ცენტრს.
მუხლი 7🔗.
ცენტრის დაფინანსების წყაროები
1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) გრანტები და შემოწირულობანი;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 8🔗.
ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
1. ცენტრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. ცენტრი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
3. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗.
ცენტრის სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 10🔗.
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 11🔗.
ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.