გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება მოქმედი სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 08.04.2015
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №219-ს
სარეგისტრაციო კოდი 010100000.31.060.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/04/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2015 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახალგორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების
დამტკიცების შესახებ თიღვის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიუციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების
შესახებ
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას გენდერული თანასწორობის საბჭო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 6 წევრის შემადგენლობით.
2. დამტკიცდეს თანდართული გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა
თბილისი,
8 აპრილი 2015 წ.
№ 219-ს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გენდერული თანასწორობის საბჭოს
დებულება
I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ქმნის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდეგ - საბჭო).
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სხვა აქტებით.
3. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.
II. საბჭოს ძირითადი ამოცანები
მუხლი 2🔗.
1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება;
ბ) შეიმუშაოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
გ) განახორციელოს საქართველოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები კანონმდებლობაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;
დ) უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით;
ე) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;
ვ) შეიმუშაოს და დანერგოს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ზ) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ი) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე სპეციალისტები ან/და ექსპერტები;
კ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. საბჭო:
ა) წელიწადში ერთხელ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ანგარიშს გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ;
ბ) ამზადებს ანგარიშს მათი საქმიანობის თაობაზე;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებთან წარმოადგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა.
III. საბჭოს სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
1. საბჭოს თავმჯდომარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით - უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი მოადგილე.
2. საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით საბჭო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.
4.საბჭოსთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
მუხლი 4🔗.
1. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე (ან დღის წესრიგი მტკიცდება საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობით).
3. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ:
ა) საბჭოს თავმჯდომარეს;
ბ) საბჭოს წევრს.
4. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარისათვის ან/და საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად.
5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 5🔗.
საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატი.