სს "საქართველოს ბანკი"-ის გადაწყვეტილება -სს "საქართველოს ბანკი და სს "გალტ ენდ თაგგარტ ჰოლდინგზ"-ის შერწყმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“
ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება
ორი ათას თხუთმეტი წლის ოცდაორ აპრილს, ბენქ ოფ ჯორჯია ჰოლდინგზ პლს–ს (Bank of Georgia Holdings Plc) (2011 წლის 14 ოქტომბერს ინგლისსა და უელსში დაფუძნებული და რეგისტრირებული კომპანიის, რეგისტრაციის ნომრით 7811410) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი დირექტორის ბ-ნ ირაკლი გილაურის სახით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და, შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 ქვე-პუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
1. განხორციელდეს სს „საქართველოს ბანკისათვის“ მიერთების გზით სს „გალთ ენდ თაგგარტ ჰოლდინგზ“-ის შერწყმა (მიერთება), რის შედეგადაც სს „საქართველოს ბანკი“ გახდება სს „გალთ ენდ თაგგარტ ჰოლდინგზ“-ის უფლებამონაცვლე (სამართალმემკვიდრე);
2. დამტკიცდეს შერწყმის ხელშეკრულების პროექტი შემდეგი პიროებით:
2.1 სს „გალთ ენდ თაგგარტ ჰოლდინგზ“-ი შეერწყმება (მიუერთდება) სს “საქართველოს ბანკს”;
2.2 შერწყმის (მიერთების) შედეგად, სს „გალთ ენდ თაგგარტ ჰოლდინგზ“-ი შეწყვეტს არსებობას როგორც იურიდიული პირი, ხოლო სს „საქართველოს ბანკი“ იქნება სს „გალთ ენდ თაგგარტ ჰოლდინგზ“-ის უფლებამონაცვლე (სამართალმემკვიდრე);
2.3 შერწყმის (მიერთების) შედეგად, სს „გალთ ენდ თაგგარტ ჰოლდინგზ“-ის აქტივები და ვალდებულებები აისახება სს „საქართველოს ბანკის“ ბალანსზე;
2.4 სს „საქართველოს ბანკის“ კაპიტალი დარჩება უცვლელი და შეადგენს 43,308,125 (ორმოცდასამი მილიონ სამასრვა ათას ასოცდახუთი) ლარს;
2.5 შერწყმის (მიერთების) შედეგად არ შეიცვლება სს „საქართველოს ბანკის“ აქციონერები და მათი წილობრივი მონაწილეობა;
2.6 შერწყმის (მიერთების) დასრულების შემდეგ სს „გალთ ენდ თაგგარტ ჰოლდინგზ“-ის თანამშრომელთა უფლებრივი მდგომარეობა, ასევე მართვის ორგანოების წევრთა და სხვა აღმასრულებელ თანამდებობაზე დასაქმეულ პირთა შემდგომი დასაქმების პირობები და ვადები განისაზღვროს სს „საქართველოს ბანკის“ ინტერესებიდან გამომდინარე, გენერალური დირექტორის გადაწყვეტლებით;
2.7 შერწყმის (მიერთების) დასრულება მოხდება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოებთან რეგისტრაციის შემდგომ;
3. დაევალოს სს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბ-ნ ავთანდილ ნამიჩეიშვილს, ხელი მოაწეროს შერწყმის (მიერთების) ხელშეკრულებას და აღნიშნულთან დაკავშირებულ ყველა სხვა საჭირო დოკუმენტს.
4. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 531 მუხლის შესაბამისად, იმ აქციონერებს, რომლებიც საერთო კრებაზე მხარს არ დაუჭერენ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება საწარმოს რეორგანიზაციას, უფლება აქვთ საზოგადოებას მოსთხოვონ თავიანთი აქციების შეფასება და გამოსყიდვა. ვინაიდან, წინამდებარე საერთო კრების გადაწყვეტილებით ხდება საწარმოს რეორგანიზაცია (შერწყმა მიერთების გზით), გადაწყდა, რომ საზოგადოების მიერ მოხდება აქციების გამოსყიდვა იმ აქციონერებისგან, რომლებიც წინამდებარე საერთო კრების გადაწყვეტილების მიღებიდან 45 დღის განმავლობაში საზოგადოებას წერილობით მოსთხოვენ თავიანთი აქციების გამოსყიდვას. აქციის გამოსასყიდი ფასი განისაზღვრება წინამდებარე კრების გადაწყვეტილებამდე წინა 6 თვის განმავლობაში საქართველოს საფონდო ბირჟაზე საზოგადოების აქციაზე დადებულ გარიგებებზე გადახდილი საშუალო ფასით, ან თუ ამგვარი ფასი ნაკლებია აქციის საბალანსო ღირებულებაზე, მაშინ აქციის საბალანსო ღირებულებით. გამოსყიდვა განხორციელდება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკისგან სათანადო თანხმობის მიღების შემთხვევაში. აღნიშნული თანხმობის მისაღებად საზოგადოება ეროვნულ ბანკს მიმართავს წინამდებარე საერთო კრების გადაწყვეტილებიდან 45 დღის შემდეგ, აქციონერ(ებ)ისგან აქციების გამოსყიდვაზე მოთხოვნის მიღების შემთხვევაში. საზოგადოების მიერ აქციების გამოსყიდვა მოხდება ეროვნული ბანკის თანხმობის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა.