ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.04.2015
ძალის დაკარგვა 19.06.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.121.016164
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.06.2018
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2015 წლის 24 აპრილი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ცოფის პრევენციის მიზნით 2014-2018 წლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №690 განკარგულების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „ცხოველიდან ადამიანზე გადამდები საშიში დაავადებების ჩამონათვალი“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავევანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი (შემდგომში - წესი) ადგენს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების (შემდგომში - ცხოველები) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის პირობებს.
მუხლი 2🔗.
მიზანები და ამოცანები
წესის მიზანია ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პატრონიანი ცხოველი - ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე და კონკრეტული მომენტისთვის იმყოფება მეპატრონის, ან მეპატრონის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ;
ბ) უპატრონო ცხოველი - ცხოველი, რომელზედაც კონკრეტული მომენტისთვის არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ ამ წესით დადგენილ ვადაში არ დაუდგინდა მეპატრონე;
გ) უმეთვალყურეო ცხოველი - ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანიდან წესით განსაზღვრულ ვადაში დაუდგინდება მეპატრონე;
დ) ცხოველის მეპატრონე - პირი, რომელსაც საკუთრებაში და/ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით დადგენილ მოვლა-პატრონობას;
ე) ცხოველის მოვლა-პატრონობა - ცხოველის კვება, ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა: საცხოვრებელი ფართის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით. ვეტერინარული ზედამხედველობა და მომსახურება - დაავადების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა;
ვ) ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება - ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა;
ზ) ცხოველის მოკვდინება - უფლებამოსილი პირის მიერ ცხოველის სიცოცხლის შეწყვეტა;
თ) ცხოველთა თავშესაფარი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით;
მუხლი 4🔗.
ცხოველთა კლასიფიკაცია
1. ცხოველთა სამართლებრივი სტატუსის, მათზე ზედამხედველობისა და მოვლა-პატრონობის განხორციელების მიზნისთვის ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) პატრონიანი;
ბ) უმეთვალყურეო;
გ) უპატრონო;
2. უმეთვალყურეო ცხოველს პატრონიანისა და უპატრონოს სტატუსი უდგინდება მისი ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანიდან 6 დღის ვადაში.
მუხლი 5🔗.
ცხოველის მოვლა-პატრონობა
1. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) ცხოველის კვება;
ბ) დარწყულება;
გ) საძილე ადგილის განთავსება;
დ) მდედრი ცხოველის შეჯვარების შემთხვევაში ნაყარისა და ცხოველის სათანადო პირობების შექმნა;
2. დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება; მისი მოვლა-შენახვის შეუძლებლობის შემთხვევაში ცხოველის მეპატრონემ ცხოველი უნდა ჩააბაროს ცხოველთა თავშესაფარში.
3. აკრძალულია ცხოველების ბრძოლების გამართვა.
4. აკრძალულია ცხოველების სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, კვების ობიექტებში შეყვანა;
5. მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, ხოლო დაბინძურების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მისი დასუფთავება.
6. ძაღლების გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები, და სხვა საზოგადოებრივი ადგილები) ნებადართულია მხოლოდ საბმელით და ალიკაპით;
7. ცხოველის გვამის დამარხვა უნდა განხორციელდეს სპეციალურ გამოყოფილ ადგილებში;
8. ცხოველის მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური ვეტერინარულ-სანიტარული შემოწმება, ვაქცინაცია, მკურნალობა და სხვა.
9. მეპატრონემ ცხოველისათვის დაავადების კლინიკური ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ვეტერინარს;
10. მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗.
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა პოპულაციების მართვისა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანო
1. ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველებისა და მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზება განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას, რომლის განხორციელება მუნიციპალიტეტის გამგეობას შეუძლია გამგეობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
2. უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) უპატრონო, უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა, იზოლაცია და ზედამხედველობის განხორციელება;
ბ) ცხოველთა მონაცემების ბაზის წარმოება;
გ) ცხოველისათვის ამ წესით განსაზღვრული სტატუსიდან ერთ-ერთის მინიჭება;
დ) დაჭერილი ცხოველების მოკვდინება ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და შემდგომი პროცედურების განხორციელება;
ე) ამ წესითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
მუხლი 7🔗.
ცხოველთა თავშესაფარი
1. ცხოველთა თავშესაფრების მოწყობის აუცილებლობა განპირობებულია ქუჩებში მაწანწალა, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების საკმაოდ მაღალი რაოდენობით, რაც ერთ-ერთი ძირითადი წყაროა როგორც ცოფის ვირუსის, ასევე სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების.
2. თავშესაფარში უნდა განხორციელდეს მაწანწალა უმეთვალყურეო ცხოველებზე შესაბამისი ვეტერინარული ზედამხედველობა, ვაქცინაცია, კასტრაცია (რაც ხელს უწყობს მაწანწალების დეპოპულაციას), საჭიროების შეთხვევაში ევთანაზია და კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველების თავის ბუნებრივ არიალებში დაბრუნება.
3. ცხოველთა თავშესაფრების მოწყობის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას მისი განთავსების ადგილი, მოცულობა, ცხოველების მოვლა-შენახვის პირობები, შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც.
4. თავშესაფარი ექვემდებარება შესაბამის კონტროლს უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან.
5. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე.
მუხლი 8🔗.
ცხოველთა საკარანტინო ვოლიერები
1. ცხოველთა საკარანტინო ვოლიერებში უნდა განთავსდნენ დამკბენი ცხოველები, რომლებზედაც საჭიროა 10-დღიანი ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება. ზედამხედველობის შედეგი უნდა ეცნობოს ჯანდაცვის ორგანოებს, რაც განაპირობებს ანტირაბიული ვაქცინაციის კურსის ხანგრძლივობის განსაზღვრას. 10-დღიანი ვეტერინარული ზედამხედველობის პერიოდში ხშირია ცხოველების დაკარგვის ფაქტები, დაკბენილი ადამიანი იძულებულია ჩაიტაროს ვაქცინაციის სრული კურსი, რაც გარკვეულწილად ანტირაბიული ვაქცინის დიდ დანახარჯებს იწვევს.
2. საკარანტინო ვოლიერების რაოდენობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს დამკბენი ცხოველების რაოდენობის გათვალისწინებით (სასურველია გათვალისწინებულ იქნეს რამდენიმე წლის დაკბენის შემთხვევების საშუალო არითმეტიკული).
3. ვოლიერებში განთავსებულ ცხოველებზე ზედამხედველობა განახორციელოს ვეტერინარმა ექიმმა და ცხოველისათვის დაავადების კლინიკური ნიშნების შემჩნევის, დაცემის ან 10-დღიანი ზედამხედველობის დამთავრების შემდეგ დაუყოვნებლივ ინფორმაცია მიაწოდოს ჯანდაცვის ორგანოებს და დაინტერესებულ მხარეებს.
4. ვოლიერების მოწყობის დროს გათვალისწინებულ იქნეს მისი განთავსების ადგილი, მოცულობა, ცხოველების მოვლა-შენახვის პირობები, ვოლიერებში ცხოველების მომსახურება (დარწყულება, კვება).
5. ცხოველთა ვოლიერების და თავშესაფრების რაოდენობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა იმ სავარაუდო სულადობის გათვალისწინებით, რომლებიც შესაძლებელია დაექვემდებარონ მსგავს დაწესებულებაში მოხვედრას.
მუხლი 9🔗.
უპატრონო ცხოველების პოპულაციის ოპტიმიზაცია
1. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობის მიზნით მოახდინოს მათი დაჭერა, იზოლაცია და ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება.
2. უფლებამოსილმა ორგანომ უპატრონო ცხოველების რაოდენობის ოპტიმიზაციისას უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ცხოველის შეპყრობა თუ მოკვდინება დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 10🔗.
ცხოველების მოკვდინება
1. მოკვდინებას ექვემდებარებიან მხოლოდ ის ცხოველები, რომელთაც კომპეტენტური ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე დაუდგინდათ წინამდებარე წესზე თანდართული ადამიანისთვის საშიში ერთ-ერთი დაავადება მაინც. ცხოველის მოკვდინება შესაბამისი ვეტერინარის მიერ დაიშვება ცხოველთა თავშესაფარში.
2. ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ მათი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული დახმარების მიღება შეუძლებელი/არაეფექტურია, ან ცხოველის აგრესია აშკარა საფრთხეს უქმნის ადამიანს, სხვა ცხოველებს; აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მყისებრ, სპეციალური მედიკამენტის გამოყენებით.
4. ცხოველის ცხოველთა თავშესაფარში მოკვდინების შემდეგ, ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია. მხოლოდ ამის შემდეგ დასაშვებია შემდგომი პროცედურების ჩატარება (ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, კრემაცია, პათანატომიური გამოკვლევა და ა.შ.).
5. დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით:
ა) დახრჩობა;
ბ) გაგუდვა;
გ) მოწამვლა;
დ) ელექტრომუხტის გამოყენება;
ე) მექანიკური დაზიანების მიყენება;
ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით და სხვა არაჰუმანური მეთოდებით.
მუხლი 11🔗.
ცხოველთა სამარხები და კრემატორიუმები
1. სამარხების და კრემატორიუმების მოსაწყობად განისაზღვროს დასახლებული პუნქტებისგან საკმაოდ მოშორებული ტერიტორიები;
2. ცხოველთა სამარხების და კრემატორიუმის არსებობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს დაცემული ცხოველებისგან ინფექციის გარემოში გავრცელება.
3. მათი რიცხოვნობა გადაწყდეს საჭიროებიდან გამომდინარე.
დანართი №2
ცხოველიდან ადამიანზე გადამდები საშიში დაავადებების
ჩამონათვალი:
ლისტერიოზი - ძაღლი, კატა;
ტოქსოპლაზმა - ძაღლი, კატა;
ტულარემია - კატა;
ლეპტოსპიროზი - ძაღლი;
ტუბერკულოზი - ძაღლი;
ცოფი - ძაღლი, კატა;
ეხინოკოკოზი - ძაღლი, კატა;
ლეიშმანიოზი - ძაღლი;
პიროპლაზმოზი - ძაღლი, კატა;
დემოდეკოზი - ძაღლი, კატა;
ტეტანუსი - ძაღლი, კატა;
სტაფილოკოკი - ძაღლი, კატა;
სტრეპტოკოკი - ძაღლი, კატა;
მკრეჭავი მუნი - ძაღლი, კატა;
ბრუცელოზი - ძაღლი;
ციმბირული წყლული - ძაღლი;
თურქული - ძაღლი;
სალმონელოზი - ძაღლი.