ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.05.2015
ძალის დაკარგვა 13.07.2015
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 300090020.35.137.016177
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი | ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 06.10.2015
- ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.07.2015
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2015 წლის 14 მაისი
დ. ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 დამე-4 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესი. (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №12 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი
დანართი N1
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, წყაროს, მოედნის, გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე- პარკის, სასაფლაოს, შენობა-ნაგებობის და ა.შ.) სახელდების და ნუმერაციის დადგენის პირობებს.
2. წესის მიღების მიზანია ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ობიექტების სახელდების და ნუმერაციის მოწესრიგება.
3. წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ , საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტებრის №358 დადგენილების „დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ და სხვა ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გეოგრაფიული ობიექტი – ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ისტორიულად ჩამოყალიბებული დასახლება, უბანი, ესა თუ ის ზონა, წყარო, მოედანი, გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, სასაფლაო, შენობა-ნაგებობა და ა.შ. და სხვა მსგავსი ობიექტი;
ბ) გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების დადგენა – არსებული სახელწოდების გამოვლენა, სახელწოდების არმქონე ობიექტის სახელდება, აგრეთვე სახელდებული ობიექტებისთვის სახელწოდების გადარქმევა;
გ) გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ნორმალიზება – ობიექტის სახელწოდების კორექტირება ზოგადეროვნული და ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით;
დ) სახელდება – ამ წესის შესაბამისად უსახელო ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა);
ე) გამოჩენილი პირი – ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის, ადიგენის ან/და მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებების განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე გარდაცვლილი საერო ან სასულიერო პირი;
ვ) ნუმერაცია – დადგენილი წესით გარკვეული რიგითობის მიხედვით გეოგრაფიული ობიექტების, აგრეთვე მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების დანომვრა არსებული ციფრების, ქართული ანბანის ან/და ინდექსების მეშვეობით;
ზ) ბინა მრავალბინიან სახლში – ინდივიდუალური საკუთრების საგანი მრავალბინიან სახლში, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი (მათ შორის კომერციული) მიზნებისთვის;
თ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე (ფიზიკური ან იურიდიული პირი), აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელდება ან ნუმერაცია;
ი) შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოთა შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის.
კ) ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვევით.
მუხლი 3🔗.
გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება, აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა)
1. სახელწოდება ენიჭება:
ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;
ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს;
2. აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა) ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) იცვლება ძველი სახელწოდებები;
ბ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ–კულტურული მნიშვნელობა გააჩნია;
გ) მიიღწევა დუბლირების თავიდან აცილება;
დ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი;
ე) ტარდება სახელდების ობიექტის და მისი მიმდებარე ტერიტორიის იმგვარი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 4🔗.
გეოგრაფიული ობიექტების სახელდება
1. გამოჩენილ პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან
არანაკლებ 5 წლის გასვლის შემდეგ ან საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. გამოჩენილ პირთან დაკავშირებულ სახელდებისას მისი სახელ-გვარი ან ზედწოდება უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით.
3. სახელდებისას დაუშვებელია გამოჩენილი პიროვნების ინიციალების გამოყენება (მაგალითად: „დ. აღმაშენებელი“).
4. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგალითად: „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა“).
5. თუ საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზეწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზეწოდება (მაგალითად: „მეფე დიმიტრი თავდადებულის ქუჩა“).
6. ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა გადმოიცეს სიტყვიერად და არა ციფრებით (მაგალითად: „სამასი არაგველი“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღის გამოყენებისას გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობა (მაგალითად: „26 მაისის მოედანი“).
7. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი თუ გასასვლელი (მაგ: „დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსაც და გასასვლელსაც.
8. გეოგრაფიული ობიექტი, რომელსაც გააჩნია რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოურენოვანი წარწერის შემთხვევაში ინარჩუნებს შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას.
მუხლი 5🔗.
გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაცია
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.
3. ნუმერაცია დაუშვებელია თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.
4. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ.
5. ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე - არაბულ ციფრზე ინდექსის დამატებით.
6. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს დამატებით.
მუხლი 6🔗.
უფლებამოსილი ორგანო და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. გადაწყვეტილებას ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების და ნუმერაციის შესახებ განკარგულებით (ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით) იღებს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, ან/და ადმინისტრაციულ ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების და ნუმერაციის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შემოსული ყველა სახის ინიციატივა (განცხადება, მომართვა, საჩივარი, წინადადება და სხვა) წარედგინება ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციაზე მომუშავე დროებით სამუშაო ჯგუფს.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ინიციატივას ჯგუფი განიხილავს 30 სამუშაო დღის ვადაში, საკითხის სირთულის მიხედვით პროცესი შეიძლება გახანგრძლივდეს დაინტერესებულ პირთან ან/და ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებით.
5. წინამდებარე წესის მოთხოვნებთან ინიციატივის შესაბამისობის შემთხვევაში დროებითი სამუშაო ჯგუფი თავის დასკვნა-რეკომენდაციას და განკარგულების პროექტს წარუდგენს საკრებულოს.
6. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარმოდგენილ დასკვნა-რეკომენდაციას და განკარგულების პროექტს თან უნდა ერთოდეს (კონკრეტული საჭიროების შესაბამისი):
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;
ბ) ობიექტის აღწერა (ნახაზი, ორთოფოტო, საკადასტრო რუკა და სხვა);
გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პირის შესახებ;
დ) დაინტერესებული პირის საკუთრების ან კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სხვა დოკუმენტაცია (ოქმი, კრების გადაწყვეტილება და ა.შ.).
7. საკრებულოს განკარგულება გეოგრაფიული ობიექტების (ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, წყაროს, მოედნის, გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე- პარკის, სასაფლაოს, შენობა-ნაგებობის და ა.შ.) სახელდების და ნუმერაციის თაობაზე მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნებათ:
ა) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადიგენის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს;
ბ) შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს შესაბამის სერვისცენტრს;
გ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურს;
დ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.