ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2014 წლის ანგარიშის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
2014 წელი მნიშვნელოვანი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელების მხრივ. ამ სფეროში დადებითი ცვლილებები და ძირითადი მიღწევები უკავშირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მუშაობის გაუმჯობესებას, აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების დანერგვისათვის ღონისძიებების განხორციელებას.
2014 წელს საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კანონით დადგინდა და ინერგება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ფარული მიყურადებისა და სხვა ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების კანონიერების კონტროლის სისტემა; შეიქმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის უფრო მყარი გარანტიები; ამაღლდა ინსპექტორის საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების ხარისხი; შეიცვალა ინსპექტორის არჩევის წესი; მნიშვნელოვნად გაიზარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების ხარისხი; გაუმჯობესდა დარღვევებისათვის კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენების მდგომარეობა.
ანგარიში მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა მონაცემთა დამუშავების პრინციპები და კანონიერი საფუძვლები, სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება, ვიდეოთვალთვალი, სხვა სახელმწიფოსათვის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემა, პირდაპირი მარკეტინგი, მოქალაქეთა და მონაცემთა დამმუშავებლების ინფორმირებულობა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2293 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2014 წლის ანგარიში დადებითად შეფასდეს.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის ხარისხის, ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დადგინდეს შემდეგი რეკომენდაციები:
ა) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გააძლიეროს პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებლებთან კომუნიკაცია კონსულტაციებისა და სამართლებრივი ექსპერტიზის ფორმით, პერსონალურ მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობის შეუზღუდაობის და დიდი მოცულობის არასათანადო პერსონალური მონაცემების შეგროვების საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) უფრო ფართოდ იქნეს გამოყენებული მედიასაშუალებები, რათა საქართველოში გაიზარდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის, როგორც ახალი ინსტიტუტის, ცნობადობა, რაც, თავის მხრივ, საკუთარ უფლებებთან მიმართებით მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს;
გ) დაჩქარდეს ნორმატიული აქტების შემუშავება, აგრეთვე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ოფიციალური კომენტარების მომზადება ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებლების მიერ კანონის ნორმების განსხვავებული და არასწორი ინტერპრეტაცია;
დ) შეძლებისდაგვარად სწრაფად გაიმართოს ტექნიკურად 2014 წელს კანონმდებლობით ჩამოყალიბებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ ფარული მიყურადებისა და სხვა ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების კანონიერების კონტროლის სისტემა მოქალაქეთა უფლებების ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 1 მაისი 2015 წ. N3579-IIს |