ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2015 წლის ანგარიშის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
1. ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2015 წლის ანგარიშში დეტალურად არის მოცემული მოქალაქეთა განცხადებების განხილვის, ჩატარებული ინსპექტირებისა და გაწეული კონსულტაციების შედეგები. ამ დოკუმენტის მიზანია 2015 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, არსებული ტენდენციებისა და პრობლემების ანალიზი.
2. ანგარიში მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძვლები და პრინციპები, მონაცემთა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავება, პერსონალურ მონაცემთა სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ დამუშავება, ვიდეოთვალთვალი, პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსათვის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა, პირდაპირი მარკეტინგი, მოქალაქეებისა და მონაცემთა დამმუშავებლების ინფორმირებულობა.
3. 2015 წელი მნიშვნელოვანი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის დანერგვისა და სასამართლო პრაქტიკის განვითარების, აგრეთვე სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე და კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის სისტემის ამოქმედებისა და ინსპექტორისადმი მეტი მოქალაქის მიმართვის მხრივ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს საქართველოს ევროპის კავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროკომისიის 2015 წლის ანგარიშში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით გატარებული რეფორმის დადებითი შეფასება.
4. საქართველოს პარლამენტი ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2015 წლის ანგარიშს დადებითად აფასებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის ხარისხის, ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით იძლევა შემდეგ რეკომენდაციებს:
ა) პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, გაძლიერდეს მოქალაქეთა ინფორმირების ღონისძიებები, რათა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს მისი პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიების შესახებ;
ბ) ინტენსიურად ჩატარდეს შემოწმებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული იმ მოთხოვნის შესაძლო დარღვევა, რომელიც ითვალისწინებს ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შემთხვევაში საჯარო და კერძო დაწესებულებების ვალდებულებას, თვალსაჩინო ადგილას განათავსონ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი;
გ) გაძლიერდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრინციპების დაცვის მონიტორინგი, რათა მონაცემები მიზნის არაპროპორციული − დიდი ან განუსაზღვრელი ვადით არ იქნეს შეგროვებული და შენახული;
დ) კვლავ აქტიურად განხორციელდეს იმ ობიექტების მონიტორინგი, სადაც ვიდეოთვალთვალი დაშვებულია, რათა აუდიოჩაწერა უკანონოდ არ განხორციელდეს;
ე) ახალი საკანონმდებლო ნორმების დანერგვისა და ეფექტიანად გამოყენების პროცესში გაანალიზდეს და გამოიკვეთოს პრაქტიკაში წარმოქმნილი პრობლემები და შესაბამისი ინფორმაცია წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დროული და ეფექტიანი რეაგირებისათვის;
ვ) გაძლიერდეს საინფორმაციო კამპანია, რათა საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებულმა პირებმა იცოდნენ საკუთარი უფლებები მათ სამუშაო ადგილებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენების შემთხვევაში.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 10 ივნისი 2016 წ. N5433-IIს |