შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ

მიღების თარიღი 13.01.2015
ძალაში შესვლა 01.05.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილია
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016330
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2015
matsne.gov.ge 2,243 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.01.2015 მიღება
01.05.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილია ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ხელმოწერილია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 98% 13.11.2015 საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 15.10.2015 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 05.07.2001 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 30.08.2017 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელგიის სამეფოს მთავრობას შორის საგზაო გადაზიდვების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95%

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს მთავრობა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში  მხარეებად წოდებულნი, სურთ რა ხელი შეუწყონ ურთიერთშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავებას, სამგზავრო და სატვირთო საგზაო გადაზიდვების განვითარებას თავიანთი ქვეყნებიდან და ქვეყნებისაკენ და, ასევე, ტრანზიტად მათი სახელმწიფო ტერიტორიების გავლით, შეთანხმდნენ შემდეგზე: ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 სფერო 1. წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო და სატვირთო გადაყვანა-გადაზიდვებს, რომლებიც ხორციელდება ერთ-ერთი  მხარის ტერიტორიაზე დაფუძნებული გადამზიდველების მიერ, ამ ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით, პირდაპირი და უკუმიმართულებით და/ან ტრანზიტს მათი სახელმწიფო ტერიტორიების გავლით. 2. წინამდებარე შეთანხმება არ ზემოქმედებს მხარეების უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც გამომდინარეობენ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან.  მუხლი 2🔗 განსაზღვრებები ამ შეთანხმების მიზნებისათვის: 1. ,,გადამზიდველი“ – ნიშნავს კომპეტენტური ორგანოს მიერ ერთ-ერთი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს მგზავრების საერთაშორისო გადაყვანას ან ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვას ქირით ან ანაზღაურების საფასურად ან დამოუკიდებელ გადაზიდვებს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. 2. „გადაზიდვა“ – ნიშნავს დატვირთული ან დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით  ოპერირებას მონაწილე მხარეებს შორის ან მესამე სახელმწიფოდან/სახელმწიფოს მიმართულებით ან ტრანზიტით, იმ შემთხვევების ჩათვლით, როდესაც გადაყვანა/გადაზიდვის ნაწილი ხორციელდება მატარებლის ან საზღვაო ხომალდის საშუალებით. 3. ,,ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – ნიშნავს ძრავიან ავტოსატრანსპორტო საშუალებას:  a)     ცალკე აღებულს ან ავტოსატრანსპორტო საშუალებათა კომბინაციას მისაბმელით ან ნახევარმისაბმელით; b)     განკუთვნილს საავტომობილო გზით მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისათვის; c)     რომელიც იმყოფება გადამზიდველის განკარგვაში მისი საკუთრების სახით, ან ქირავნობის ან ლიზინგის ხელშეკრულების  პირობების თანახმად. 4. ,,რეგისტრაცია“ – ნიშნავს კომპეტენტური ორგანოების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა კომბინაციის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს ნებართვების გაცემისას ან მათგან განთავისუფლებისას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მისაბმელი ან ნახევარმისაბმელი არ არის რეგისტრირებული იმავე საიდენტიფიკაციო ნომრით ან რეგისტრირებულია სხვა ქვეყანაში, ან გააჩნია სხვა ქვეყანაში საქმიანობის უფლება. 5. „ნებართვა“ – ნიშნავს თითოეული  მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ სპეციალურ დოკუმენტს, რომელიც გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს მხარეებს შორის გადაზიდვა ორივე მიმართულებით ორმხრივი მიმოსვლისას ან ტრანზიტი, ან სატვირთო გადაზიდვები მესამე სახელმწიფოდან/სახელმწიფოს მიმართულებით, ან მგზავრთა რეგულარული ან არარეგულარული გადაყვანა დადგენილი წესით. 6. ,,დაფუძნების ქვეყანა“ – ნიშნავს  მხარის სახელმწიფო ტერიტორიას, სადაც  დაფუძნებულია გადამზიდველი და რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება. 7. ,,მასპინძელი ქვეყანა“ – ნიშნავს  მხარის სახელმწიფო ტერიტორიას, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალება   საქმიანობას ეწევა რეგისტრაციის და შესაბამისი გადამზიდველის  დაფუძნების გარეშე. 8. ,,სამგზავრო ავტობუსი“ – ნიშნავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას, განკუთვნილს საავტომობილო გზით მგზავრების გადაყვანისათვის, რომელიც საკუთარი აგებულებით და აღჭურვილობით განკუთვნილია მძღოლის ჩათვლით ცხრაზე მეტი მგზავრის გადასაყვანად; 9. „ტრანზიტი“ – ნიშნავს დატვირთული ან დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მეორე  მხარის სახელმწიფო ტერიტორიის გავლას, რომლის დროსაც არ ხდება ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვა და მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომა. 10. „რეგულარული სამგზავრო მომსახურება“ – ნიშნავს მომსახურებას, როდესაც მგზავრების გადაყვანა ხდება ავტობუსით, განსაზღვრული მარშრუტისა და განრიგის მიხედვით, მგზავრების ჩასხდომა და გადმოსხდომა ხდება წინასწარ განსაზღვრულ გაჩერების ადგილებზე, წინასწარ შეთანხმებული ტარიფებით. 11. ,,არარეგულარული სამგზავრო მომსახურება“ – ნიშნავს მომსახურებას, რომელიც არ აკმაყოფილებს  რეგულარული სამგზავრო მომსახურების განმარტებას. 12. ,,საკონტროლო დოკუმენტი“ – ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლის შესაბამისად შექმნილი ერთობლივი კომისიის მიერ შეთანხმებული და დამტკიცებული ფორმის სახით  შედგენილ ავტობუსების მგზავრთა სიას. 13. ,,კაბოტაჟი“ – ნიშნავს მასპინძელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე განლაგებულ პუნქტებს შორის მეორე  მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე დაფუძნებული გადამზიდველის მიერ განხორციელებულ ავტოსატრანსპორტო ოპერაციებს. 15. „მხარის სახელმწიფო ტერიტორია“ -  საქართველოს ტერიტორია ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის, სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღსა და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე, მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; -  ესტონეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში ნიშნავს ესტონეთის რესპუბლიკის ტერიტორიას. 15. ,,კომპეტენტური ორგანოები“ – ნიშნავს: -  საქართველოსთვის – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან საავტომობილო ტრანსპორტზე პასუხისმგებელ სხვა შესაბამის  ორგანოებს; -   ესტონეთის რესპუბლიკისათვის – ეკონომიკურ საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს. მგზავრთა გადაყვანა მუხლი 3🔗 რეგულარული სამგზავრო მომსახურება 1. მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებს შორის, ისევე როგორც ტრანზიტად მათი სახელმწიფო ტერიტორიების გავლით, შესაბამისი ავტობუსით განხორციელებული რეგულარული სამგზავრო მომსახურება ექვემდებარება სანებართვო სისტემას, რომელსაც გასცემენ  მხარეთა კომპეტენტური ორგანოები მათი  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მხარის კომპეტენტური ორგანო გასცემს ნებართვას მხოლოდ მის სახელმწიფო ტერიტორიაზე მგზავრობის შესახებ და ამტკიცებს მომსახურების განრიგს.  მგზავრებს ავტობუსში შეუძლიათ ასვლა/ჩამოსვლა მხოლოდ განრიგის მიხედვით დადგენილ გაჩერებებზე.  3. განაცხადი ნებართვის მისაღებად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს გადამზიდველის დაფუძნების ქვეყანაში. განაცხადის დაკმაყოფილების ან უარის შემთხვევაში ერთი მხარის კომპეტენტური ორგანო წერილობით აცნობებს მეორე  მხარის კომპეტენტურ ორგანოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. 4. ნებართვაზე განაცხადს თან უნდა ახლდეს საჭირო დამატებითი დოკუმენტები (განრიგი, რომელიც შეიცავს გასვლის დროს და მიმოსვლის ინტერვალს, მგზავრობის ღირებულებას, მარშრუტს, მძღოლების შრომისა და დასვენების მონაცემებს). საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია. 5. იმ შემთხვევაში, თუ გადამზიდველი გადაწყვეტს შეწყვიტოს რეგულარული სამგზავრო მომსახურება, მან საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ერთი თვით ადრე წერილობით უნდა აცნობოს ნებართვის გამცემ კომპეტენტურ ორგანოს ნებართვის გაუქმების თაობაზე.  კომპეტენტურმა ორგანომ, ზემოაღნიშნული განზრახვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ორი (2) კვირის ვადაში აღნიშნულის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს. 6. გადამზიდველზე გაცემული ნებართვა უნდა ინახებოდეს ავტობუსის ბორტზე, მგზავრობის მთელი დროის განმავლობაში და უნდა წარედგინოს მაკონტროლებელ ორგანოებს მათი მოთხოვნისთანავე. 7. ნებართვა არის პერსონალური და დაუშვებელია მისი გადაცემა სხვა  გადამზიდველისთვის. მუხლი 4🔗 არარეგულარული სამგზავრო მომსახურება 1. არარეგულარული სამგზავრო მომსახურება არის  მომსახურება, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლში მითითებულ მგზავრთა რეგულარული მომსახურების მოთხოვნებს. 2. ქვემოთ ჩამოთვლილი არარეგულარული სამგზავრო მომსახურება თავისუფლდება სანებართვო სისტემისაგან: a) გადაყვანა დახურული კარით, რომლის დროსაც ერთი და იმავე სამგზავრო  ავტობუსი გამოიყენება მგზავრთა ერთი და იგივე ჯგუფის  გადასაყვანად მგზავრობის მთელი დროის განმავლობაში მათი გამგზავრების პუნქტში დაბრუნებისათვის. გამგზავრების ადგილი მდებარეობს იმ  მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, სადაც ეს გადამზიდველი არის რეგისტრირებული; b) მომსახურება, რომლის დროსაც გამგზავრება ხდება დატვირთულად და დაბრუნება – დაუტვირთავად. გამგზავრების ადგილი მდებარეობს იმ  მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, სადაც ეს გადამზიდველი  არის რეგისტრირებული; c)   მომსახურება, რომლის დროსაც ავტობუსი მხარის  სახელმწიფო ტერიტორიაზე შედის ცარიელი  იმისათვის, რომ განახორციელოს იმავე გადამზიდველის მიერ გადაყვანილ მგზავრთა უკან დაბრუნება, მათი თავდაპირველი გამგზავრების ადგილას; d) დახურული კარით სატრანზიტო მომსახურება; e)  იმ ავტობუსის გარბენი, რომელიც გაგზავნილია  დაზიანებული ავტობუსის ჩანაცვლების მიზნით არარეგულარული სამგზავრო მომსახურებისათვის; f)   დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული ავტობუსის უკან ტრანსპორტირება იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული.  3. არარეგულარული სამგზავრო მომსახურებისას მთელი მგზავრობის განმავლობაში ხორციელდება მგზავრთა ერთი და იმავე  ჯგუფების გადაყვანა. დამატებით მგზავრთა ჩასხდომა ან გადმოსხდომა დაუშვებელია. 4. არარეგულარული სამგზავრო მომსახურება, რომელიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, წარმოადგენს მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ ნებართვის გაცემის საგანს.  ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პირობები და მოთხოვნები უნდა შეთანხმდეს მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის. 5. არარეგულარული სამგზავრო მომსახურების განხორციელებისას, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, სრულად უნდა იქნეს შევსებული საკონტროლო დოკუმენტები და იგი უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტზე. საკონტროლო დოკუმენტების შინაარსი და ფორმა უნდა იქნეს შეთანხმებული და დამტკიცებული წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლით შექმნილი ერთობლივი კომისიის მიერ. 6. კაბოტაჟი აკრძალულია. სატვირთო გადაზიდვები მუხლი 5🔗 სანებართვო სისტემა 1. ნებისმიერი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე დაფუძნებულ გადამზიდველებს, სანებართვო სისტემის საფუძველზე უფლება აქვთ განახორციელონ: a) გადაზიდვა მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებს შორის; b) ტრანზიტი  მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებს შორის. c) გადაზიდვა ერთ-ერთი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მდებარე პუნქტიდან მესამე ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიაზე მდებარე პუნქტის მიმართულებით ან მესამე ქვეყნიდან. 2. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ნებართვები და სხვა დოკუმენტები უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტზე მგზავრობის მთელი დროის მანძილზე და მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს მაკონტროლებელ ოფიცრებს. კ3. აბოტაჟი აკრძალულია. მუხლი 6🔗 ნებართვის მოთხოვნებისაგან განთავისუფლება წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლიდან გამონაკლისის სახით გადაზიდვების ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობები თავისუფლდება ნებართვის მოთხოვნებისაგან: a) გადაზიდვები იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა საერთო ნებადართული დატვირთული წონა, მისაბმელის ან ნახევრ-მისაბმელის ჩათვლით, არ აჭარბებს 6 ტონას, ან როცა ნებადართული ტვირთამწეობა, მისაბმელის ან ნახევარ-მისაბმელის ჩათვლით, არ აჭარბებს 3.5 ტონას; b) გადაზიდვები აეროპორტიდან ან აეროპორტებისაკენ, იმ შემთხვევაში, როცა ხდება საჰაერო მომსახურების გადამისამართება; c)  დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვები, რომელსაც  გადამზიდველი ახორციელებს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად და მწყობრიდან გამოსული შესაკეთებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირება; d)  ერთ-ერთი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესანაცვლებლად გაგზავნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი გარბენები და ასევე, მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალების უკუგარბენი შეკეთების შემდეგ; e)  საზღვაო და სამდინარო გემებისა და საჰაერო ხომალდებისათვის სათადარიგო ნაწილებისა და სასურსათო მარაგების გადაზიდვები; f)   სატვირთო გადაზიდვები განსაკუთრებული შემთხვევების, კერძოდ, ბუნებრივი კატასტროფებისა და ჰუმანიტარული საჭიროებებიდან გამომდინარე; g)  გამოფენების, ჩვენებებისა და ბაზრობებისათვის განკუთვნილი ხელოვნების საგნებისა და ნიმუშების გადაზიდვები; h)  არაკომერციული მიზნით იმ უძრავი ქონების, ცხოველებისა და აქსესუარების გადაზიდვები, რომელიც განკუთვნილია თეატრალური, მუსიკალური, კინო, სპორტული და საცირკო წარმოდგენების, გამოფენებისა ან დღესასწაულებების და განკუთვნილია რადიო-ჩანაწერების, ტელე და კინო გადაღებებისათვის; i)  ახლად შეძენილი (ახალი ან მეორადი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პირველი გარბენი; j)   სამგლოვიარო გადაზიდვები; k)  საფოსტო გადაზიდვები, რომლებიც ატარებენ საზოგადოებრივი მომსახურების ხასიათს. მუხლი 7🔗 ნებართვის პირობები 1. მხარეების კომპეტენტური ორგანოები ყოველწლიურად ცვლიან ნებართვების ბლანკების შეთანხმებულ რაოდენობას. გადამზიდველზე ნებართვა გაიცემა მხარის კომპეტენტური ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადამზიდველის დაფუძნების ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიაზე. 2. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის და მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია დამატებითი ნებართვის ბლანკების გაცვლა.  3. ნებართვები პერსონალურია და მათი გადაცემა სხვა გადამზიდველისათვის ან მესამე მხარისათვის არ დაიშვება. 4. ნებართვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ ერთი ბრუნის შესასრულებლად. მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება გაიცეს დამატებითი სახის ნებართვები.  ნებართვები ძალაშია მომდევნო კალენდარული წლის 31 იანვრამდე. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა კომბინაციის შემთხვევაში, ნებართვის მოთხოვნის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალება. 5. ერთობლივი კომისია განსაზღვრავს კვოტას, სახეობებს და ნებართვის გამოყენების ნებისმიერ სხვა პირობებს. საერთო დებულებები მუხლი 8🔗 გადასახადები და  გადასახდელები 1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ურთიერთგაცვლილი ნებართვების საფუძველზე გადაზიდვების განხორციელებისას, ერთ-ერთი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები (მათი სათადარიგო ნაწილების ჩათვლით), რომლებიც დროებით არის შეტანილი მეორე მხარის ტერიტორიაზე  ნაცვალგების პრინციპით თავისუფლდებიან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე დაწესებული ყველა გადასახადისა და  გადასახდელებისაგან (საბაჟო გადასახდელების ჩათვლით), რომლითაც იბეგრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობა და მოძრაობა, გარდა იმ გადასახდელებისა, რომელიც შეეხება ნებართვის (რეკომენდაციის) გაცემას ავტოსატრანსპორტო საშუალებების მთლიანი წონის ან ღერძული  დატვირთვის გადაჭარბების შემთხვევაში. 2. გადამზიდველები, რომლებიც გადაზიდვას ახორციელებენ წინამდებარე შეთანხმების მე-4 და მე-6 მუხლების შესაბამისად,  ასევე თავისუფლდებიან ყველა სახის გადასახადისა და  გადასახდელებისაგან (საბაჟო გადასახდელების ჩათვლით), რომლითაც იბეგრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობა და მოძრაობა, გარდა იმ გადასახდელებისა, რომელიც შეეხება ნებართვის (რეკომენდაციის) გაცემას ავტოსატრანსპორტო საშუალებების მთლიანი წონის ან ღერძული  დატვირთვის გადაჭარბების შემთხვევაში. 3. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად განხორცილებული გადაზიდვები მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე ექვემდებარება ფასიანი ხიდებისა და გვირაბების გამოყენებაზე გადასახადებისა და  გადასახდელების გადახდევინებას. რეზიდენტი და არარეზიდენტი გადამზიდველები მოსაკრებლებითა და გადასახადებით იბეგრებიან არადისკრიმინაციულად. 4. ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ, მწარმოებლის მიერ დამონტაჟებულ ავზებში მოთავსებული საწვავი, ისევე როგორც საცხებ-საპოხი მასალები, მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიაზე თავისუფლდება ყველა სახის გადასახადისა და გადასახდელებისაგან. 5. ერთ-ერთი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე დროებით იმპორტირებული სათადარიგო ნაწილები, რომლებიც გამიზნულია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მოქმედი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაკეთებლად, საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად  თავისუფლდება იმპორტის (საბაჟო) გადასახდელებისაგან. შეცვლილი სათადარიგო ნაწილები უნდა იქნეს რეექსპორტირებული ან განადგურებული მეორე მხარის კომპეტენტური საბაჟო ორგანოების კონტროლის ქვეშ. მუხლი 9🔗 წონა და გაბარიტები 1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მაქსიმალური დასაშვები წონა, ღერძზე დატვირთვა და გაბარიტები არ უნდა აჭარბებდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ოფიციალურად რეგისტრირებულ მაჩვენებელს და მასპინძელ ქვეყანაში მოქმედ ზღვრებს. 2. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად განხორციელებული ავტოსატრანსპორტო ოპერაციისას დატვირთული ან დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წონა (ღერძული  დატვირთვის ჩათვლით) ან/და გაბარიტები აჭარბებს მასპინძელ ქვეყანაში ნებადართულ ზღვრებს, აუცილებელია მასპინძელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ წინასწარ გაცემული იქნეს სპეციალური ნებართვა/რეკომენდაცია  მასპინძელი ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 10🔗 სახიფათო ტვირთების გადაზიდვა სახიფათო ტვირთების გადაზიდვა მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებს შორის ან ტრანზიტად მათი სახელმწიფო ტერიტორიების გავლით რეგულირდება მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 11🔗 შესაბამისობა შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასთან 1. გადამზიდველები, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ავტობუსები და მათი ეკიპაჟები  მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნისას ვალდებულნი არიან დაიცვან მოვალეობები, რომლებიც გამომდინარეობენ: a) იმ მრავალმხრივი და ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომელთა მონაწილეებსაც წარმოადგენენ მხარეები; b) წინამდებარე შეთანხმებიდან; c)   მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობიდან. 2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მოხსენიებული კანონმდებლობა გადამზიდველზე მოქმედებს იმავე პირობებით, როგორც მასპინძელი ქვეყნის ადგილობრივ გადამზიდველზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. მუხლი 12🔗 დარღვევები და სანქციები 1. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარის გადამზიდველი, ავტოსატრანსპორტო საშუალება, ავტობუსი ან მისი ეკიპაჟის წევრები მეორე მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე დაარღვევს წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერ დებულებას, იმ მხარის კომპეტენტური ორგანო, რომლის სახელმწიფო ტერიტორიაზეც მოხდა ეს დარღვევა, საკუთარ სახელმწიფო ტერიტორიაზე შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პროცედურებისათვის ზიანის მიუყენებლად აცნობებს მეორე მხარეს ასეთი დარღვევის შესახებ, რომელიც გაატარებს სათანადო ღონისძიებებს საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლია: a)  გააფრთხილოს გადამზიდველი ამ დარღვევის შესახებ; b)     გაუუქმოს გადამზიდველს მეორე მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საქმიანობისათვის განკუთვნილი ნებართვები ან გაუუქმოს გადამზიდველს მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებს შორის რეგულარული სამგზავრო მომსახურებისათვის განკუთვნილი ნებართვები, ან c)     ნებართვების გაცემის შემდგომ პერიოდში არ გასცეს გადამზიდველზე მეორე მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საქმიანობის განხორციელებისათვის განკუთვნილი ნებართვები ან არ დააკმაყოფილოს მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებს შორის რეგულარულ სამგზავრო მომსახურების ნებართვაზე გადამზიდველის განაცხადი. 2. ამ მუხლის დებულებები არ გამორიცხავენ იმ ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება მიღებული იქნეს შიდასახელმწიფოებრივი  კანონმდებლობის შესაბამისად იმ სახელმწიფოს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. დასკვნითი დებულებები მუხლი 13🔗 ერთობლივი კომისია 1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისათვის უნდა შეიქმნას ერთობლივი კომისია. ამ კომისიის მიზანია მგზავრებისა და ტვირთების საავტომობილო გადაზიდვასთან დაკავშირებული დავების საკითხების მოგვარება, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას. 2. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისამებრ, ერთობლივმა კომისიამ უნდა გამართოს შეხვედრები მონაცვლეობით თითოეული მხარის  ტერიტორიაზე. შეხვედრის დღის წესრიგი წარმოდგენილი უნდა იქნეს მასპინძელი მხარის მიერ, ან  საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრამდე არანაკლებ ერთი (1) თვით ადრე მომთხოვნი მხარის მიერ. თითოეული შეხვედრა დასრულებულ უნდა იქნეს ოქმზე ხელმოწერით, რომელიც ხელმოწერილი იქნება მხარეთა კომპეტენტური ორგანოების დელეგაციათა ხელმძღვანელების მიერ. მუხლი 14🔗 დავების მოგვარება 1. ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელსაც არ ფარავს წინამდებარე შეთანხმება ან ის საერთაშორისო შეთანხმებები, რომელთა წევრებიც არიან მხარეები, უნდა გადაწყდეს თითოეული მხარის სათანადო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ნორმების დაცვით. 2. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.  მუხლი  15🔗 ცვლილებები და დამატებები წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 16🔗 ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ,  დიპლომატიური არხებით,  უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. 2. წინამდებარე შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. რის დასტურადაც, ამაზე სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემოთ ხელმომწერებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას. შესრულებულია ქ. თბილისში, 2015 წლის ­­­­­­­­­­­­­­­­­­13 იანვარს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილია ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ხელმოწერილია