თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/8445-15 (შპს ”მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფო” -ს გასკოტრების საქმის წარმოების შესახებ)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/8445-15 (330210315797319)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2015 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფო” (ს/კ 236035438)
წარმომადგენელი: დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” (ს/კ 236035438) წარმომადგენელმა
შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419)ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ მა პირ მა ბიძინა ჩიკვილაძე მ და განმარტა, რომ შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფო” (ს/კ 236035438) წარმოადგენს 100%-ით სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც დღეისათვის აღარ ფუნქციონირებს. იგი წარმოადგენს შპს „ფასანაურის საავადმყოფოს”, შპს „თიანეთის სამედიცინო ცენტრის”, შპს „თიანეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03”-ის, შპს „იმედის”, შპს „დუშეთის რაიონული საავადმყოფოს” და შპს „დუშეთის პოლიკლინიკის” სამართალმემკვიდრე ორგანიზაციას. ამჟამად შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიან საავადმყოფოს” (ს/კ 236035438) არც საკუთრებაში და არც ბალანსზე უძრავი ქონება არ ერიცხება. რაც შეეხება მოძრავ ნივთებს, შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” (ს/კ 236035438) საკუთრებაში ერიცხება მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება „MERCEDES-BENZ E320”, სახელმწიფო ნომრით PBP-636. განმცხადებლის მითითებით, ავტომანქანის ღირებულება აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს. რაც შეეხება დებიტორებს, საწარმოს ერთადერთი დებიტორია სახელმწიფო, რომლის დავალიანებაც სალდირებული ზედმეტობის სახით შეადგენს 5 (ხუთი) ლარს. რაც შეეხება კრედიტორებს, საწარმოს უზრუნველყოფილი კრედიტორია შპს „მცხეთის წყალი”, რომლის მიმართაც დავალიანება შეადგენს 25 202,44 (ოცდახუთი ათას ორას ორი მთელი ორმოცდაოთხი მეასედი) ლარს, ხოლო არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს კი წარმოადგენენ ამავე ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომლები: გიორგი სამხარაძე, ნოდარ შაფათავა, იოსებ კიკნაძე, სოლომონ გუჩმაზაშვილი, პაატა პატაშური, ლევან ჭავჭავაძე. რაც შეეხება ფულად სახსრებს, შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” (ს/კ 236035438) ანგარიშზე თანხები არ ერიცხება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელი ითხოვს საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზები. კერძოდ, განმცხადებელს უნდა წარმოედგინა: ა) მტკიცებულება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომ შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” (ს/კ 236035438) არ აქვს წილი სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში; ბ) საკუთრებაში არსებული ავტომანქანის შეფასების აქტი; გ) ყველა ის მტკიცებულება (სასამართლოს და\ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებები, ხელშეკრულებები და სხვა), რომელიც ადასტურებს შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” (ს/კ 236035438) კრედიტორული დავალიანებების არსებობას;
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება განმცხადებლის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა 2015 წლის 16 მაისს. 2015 წლის 22 მაისს სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” (ს/კ 236035438) წარმომადგენელმა და წარმოადგინა სასამართლოს განჩინებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” (ს/კ 236035438) უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანს სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. იმავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც გახდება მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” (ს/კ 236035438) კუთვნილი ქონების სიმცირის და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარმოდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 30 აპრილის მდგომარეობით საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „ლიბერთი ბანკსა” და სს „საქართველოს ბანკში”. სს „ლიბერთი ბანკის” მიერ 2015 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობის თანახმად საწარმოს ანგარიშზე ნაშთი შეადგენს ნულ ლარს (იხ. ს/ფ 29), ხოლო სს „საქართველოს ბანკის” მიერ გაცემული ცნობით კი საწარმოს ანგარიშზე 2015 წლის 29 აპრილის მდგომარეობით ირიცხება 3,32 ლარი. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” (ს/კ 236035438) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „MERCEDES-BENZ E320", სახელმწიფო ნომრით „PBP-636”, რომლის ღირებულებაც წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის თანახმად შეადგენს 5100 (ხუთი ათას ასი) ლარს. ელექტრონულ ბაზაში ასევე მოძიებულ იქნა სატრანსპორტო საშუალება „IZH 2715”, სახელმწიფო ნომრით „QOQ 536”, რომელიც რეგისტრირებულია მცხეთის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სახელზე, თუმცა მისი მოძიება ვერ მოხერხდა. არ იძებნება ასევე „UAZ 39629”, სახელმწიფო ნომრით „PAJ 645”, რომელიც რეგისტრირებულია შპს „დუშეთის რაიონული საავადმყოფოს სახელზე”, „UAZ 396201”, სახელმწიფო ნომრით „PAE 104” და „ფასანაურის საუბნო საავადმყოფოს” სახელზე რეგისტრირებული „UAZ 3962”, სახელმწიფო ნომრით „PAO 830”. რაც შეეხება შპს „თიანეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03”-ის სახელზე რეგისტრირებულ ავტომანქანას „UAZ 396259”, სახელმწიფო ნომრით „IJI 129”, ის 2011 წლის 26 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა სახელმწიფოს, თუმცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აღნიშნული ცვლილება სარეგისტრაციო მონაცემებში არ განუხორციელებია. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის თანახმად, შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფო” (ს/კ 236035438) საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ის ასევე არ ფლობს წილს სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 21 მაისის წერილი).
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იგივე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისთვის, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება, მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა. მითითებული ნორმის თანახმად, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა მინიმუმ 5000 ლარია.
განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” (ს/კ 236035438) აქტივები არ გააჩნია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის – მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” (ს/კ 236035438) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” (ს/კ 236035438) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფო” (ს/კ 236035438) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მისი რეგისტრაციის გაუქმებას.
3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება განმცხადებლისათვის მისი ასლის გადაცემიდან გონივრულ ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანმა საავადმყოფომ” (ს/კ 236035438); ამასთან, განმცხადებელსვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე