საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 12.12.2014
ძალაში შესვლა 01.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოსთვის:
ნომერი №20/7
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016332
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2015
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| საქართველოსთვის: | ნორვეგიის სამეფოსთვის: |
| განსაკუთრებული მნიშვნელობის | STRENGT HEMMELIG |
| სრულიად საიდუმლო | HEMMELIG |
| საიდუმლო | KONFIDENSIELT |
| შეზღუდული სარგებლობისთვის | BEGRENSET |
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | ნორვეგიის სამეფოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობა (შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები”);
თანხმდებიან რა, გამართონ მოლაპარაკებები პოლიტიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გააფართოონ და გააღრმავონ მათი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა;
აცნობიერებენ რა, რომ ეფექტიანი თანამშრომლობა შესაძლოა ითხოვდეს მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას;
სურთ რა, დაამკვიდრონ საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი წესები, რომლებიც გამოყენებული იქნება თანამშრომლობის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მომცველი ან შემცველი ნებისმიერი სამომავლო შეთანხმებებისათვის და საიდუმლო კონტრაქტებისათვის, რომლებიც დაიდება მხარეებს შორის;
ორმხრივად სცემენ რა პატივს მათი სახელმწიფოების სუვერენიტეტს, თანასწორობას, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებასა და ინტერესებს;
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მიზანი და მოქმედების სფერო
1. წინამდებარე შეთანხმების მიზანია იმ საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა, რომელიც მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მიჩნეულია ასეთად და რომელიც მხარეებს შორის თანამშრომლობის პროცესში გაიცვალა ან შეიქმნა.
2. წინამდებარე შეთანხმება გამოყენებული უნდა იქნეს იმ ნებისმიერი მოქმედებების, კონტრაქტების, შეთანხმებების ან სხვა დოკუმენტების მიმართ, რომლებიც შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას და რომლებიც განხორციელდება ან დაიდება მხარეებს შორის.
3. წინამდებარე შეთანხმება არ უნდა იქნეს გამოყენებული არცერთი მხარის მიერ იმ საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად, რომელიც მეორე მხარემ მიიღო მესამე მხარისაგან.
მუხლი 2🔗
განსაზღვრებები
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:
1. „საიდუმლო ინფორმაცია" ნიშნავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ნებისმიერ ზეპირ ან წერილობით ინფორმაციას, რომელიც მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულია საიდუმლო ინფორმაციად, მიუხედავად მისი ჩაწერის სახისა/საშუალებისა და, აგრეთვე, ასეთი ინფორმაციის შემცველ ნებისმიერ მატერიალურ საგანს ან დოკუმენტს;
2. „საიდუმლო კონტრაქტი” ნიშნავს მხარესა და კონტრაჰენტს ან კონტრაჰენტსა და ქვეკონტრაჰენტს შორის დადებულ კონტრაქტს (ქვეკონტრაქტს), რომელიც მოიცავს ან შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას;
3. „კონტრაჰენტი” ნიშნავს პირს, რომელსაც გააჩნია საიდუმლო კონტრაქტის დადების უფლებამოსილება;
4. „საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება” ნიშნავს შემოწმების პროცედურის გავლის შედეგად მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას, რომელიც განსაზღვრავს პირის სანდოობასა და საიმედოობას, აგრეთვე უსაფრთხოების სხვა ასპექტებს მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთი გადაწყვეტილება პირს ანიჭებს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლებას და აძლევს მასთან მოპყრობის ნებართვას;
5. „ინფორმაციის გაცნობის საჭიროება (need-to-know)” ნიშნავს პრინციპს, რომლის მიხედვითაც საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება ენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც გააჩნია ასეთი ინფორმაციის ცოდნის ან ფლობის დადასტურებული საჭიროება თავის სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებით;
6. „მესამე მხარე” ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც არ არის წინამდებარე შეთანხმების მხარე, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას;
7. „პირი” ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს;
8. „წარმომშობი მხარე” ნიშნავს მხარეს, რომელიც ქმნის და აწვდის საიდუმლო ინფორმაციას;
9. „მიმღები მხარე” ნიშნავს მხარეს, რომელიც მოიპოვებს საიდუმლო ინფორმაციას წარმომშობი მხარისაგან.
მუხლი 3🔗
კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები
1. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებმა დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა აცნობონ ერთმანეთს თავიანთი კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების დასახელებები და მათი საკონტაქტო დეტალები, აგრეთვე მათში ნებისმიერი შემდგომი ცვლილების შეტანის შესახებ.
2. ორივე კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ, თითოეულმა თავისი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში, უნდა უზრუნველყოს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის დაცვა თავის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
3. მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ მეორე კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია უსაფრთხოების სისტემის ორგანიზაციისა და პროცედურების შესახებ, რათა შესაძლებელი გახდეს უსაფრთხოების ერთნაირი სტანდარტების შედარება და შენარჩუნება, და ხელი შეუწყოს ერთობლივ ვიზიტებს მხარეთა ორივე ქვეყანაში. ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს ასეთ ვიზიტებზე.
მუხლი 4🔗
საიდუმლოობის ხარისხები
1. საიდუმლო ინფორმაციას უნდა მიენიჭოს საიდუმლოობის ხარისხი თითოეული მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, რომ შემდეგი საიდუმლოობის ხარისხები არის ეკვივალენტური:
საქართველოსთვის:
ნორვეგიის სამეფოსთვის:
ეკვივალენტი ინგლისურ ენაზე:
განსაკუთრებული მნიშვნელობის
STRENGT HEMMELIG
TOP SECRET
სრულიად საიდუმლო
HEMMELIG
SECRET
საიდუმლო
KONFIDENSIELT
CONFIDENTIAL
შეზღუდული სარგებლობისთვის
BEGRENSET
RESTRICTED
2. მიმღებმა მხარემ არ უნდა განასაიდუმლოს საიდუმლო ინფორმაცია და არ უნდა გამოიყენოს უფრო დაბალი საიდუმლოობის ხარისხი წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
3. მიმღებმა მხარემ მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას უნდა მიანიჭოს თავისი ეკვივალენტური საიდუმლოების გრიფი.
4. წარმომშობმა მხარემ უნდა აცნობოს მიმღებ მხარეს გაცვლილი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
მუხლი 5🔗
საიდუმლო ინფორმაციის დაცვა
1. ორივე მხარემ, თავის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უნდა გაატაროს სათანადო ღონისძიებები იმ საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად, რომელიც გაიცვალა ან შეიქმნა წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.
2. არცერთ ფიზიკურ პირს არ უნდა მიენიჭოს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება მხოლოდ მისი წოდების, თანამდებობის გამო ან საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების საფუძველზე. საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება უნდა მიენიჭოს მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც გააჩნიათ ინფორმაციის გაცნობის საჭიროება და საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება და/ან შესაბამისი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭათ საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება.
3. მიმღებმა მხარემ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა, რომ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მიღებული საიდუმლო ინფორმაცია არ გადასცეს მესამე მხარეს წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
4. მხარეებმა ყველა გაცვლილი საიდუმლო ინფორმაცია უნდა უზრუნველყონ დაცვის ისეთივე ხარისხით, როგორიც უზრუნველყოფილია ეკვივალენტური საიდუმლოობის ხარისხის მქონე მათი საკუთარი საიდუმლო ინფორმაციისთვის.
5. მიმღებმა მხარემ არ უნდა გამოიყენოს საიდუმლო ინფორმაცია ნებისმიერი სხვა მიზნით, გარდა იმ მიზნისა, რისთვისაც ის იქნა მიწოდებული.
6. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, თითოეულმა მხარემ ორმხრივად უნდა ცნოს საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებები, რომლებიც მინიჭებულია მეორე მხარის სახელმწიფოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
ვიზიტები
1. უფლება ვიზიტის განხორციელებაზე, რომლის დროსაც გათვალისწინებულია საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა ან იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა, სადაც ასეთი ინფორმაცია იქმნება, მუშავდება ან ინახება, ან სადაც ხორციელდება საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა, უნდა მიენიჭოს ერთი მხარის მიერ მეორე მხარის სახელმწიფოს ვიზიტორებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი წერილობითი ნებართვა იქნება მოპოვებული მიმღები მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოსგან. ასეთი ნებართვა უნდა გაიცეს მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც გააჩნიათ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვება და ინფორმაციის გაცნობის საჭიროება.
2. ვიზიტის შესახებ შეტყობინება ჩვეულებრივ უნდა გაიგზავნოს 3 (სამი) კვირით ადრე.
3. ვიზიტის შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
a) ვიზიტორის გვარს, სახელს, დაბადების ადგილსა და თარიღს, მოქალაქეობას, სამუშაო ადგილს, ვიზიტორის პასპორტს ან პირადობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებს;
b) ვიზიტის მიზნიდან გამომდინარე ვიზიტორის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების სერთიფიკატს;
c) ვიზიტის ან ვიზიტების მიზნის დეტალურ დახასიათებას;
d) მოთხოვნილი ვიზიტის ან ვიზიტების მოსალოდნელ თარიღსა და ხანგრძლივობას;
e) ინფორმაციას მოსანახულებელი შენობა-ნაგებობების საკონტაქტო პუნქტზე, წინა კონტაქტებზე და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც სასარგებლო იქნება ვიზიტის ან ვიზიტების საჭიროების განსასაზღვრად.
4. ვიზიტზე ნებართვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 (თორმეტ) თვეს.
5. ვიზიტის დროს გაცვლილ საიდუმლო ინფორმაციას უნდა გააჩნდეს ისეთივე საიდუმლოობის ხარისხი და დაცვის დონე, როგორიც გააჩნია წარმომშობი მხარის საიდუმლო ინფორმაციას.
6. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ვიზიტორების პერსონალური მონაცემების დაცვა თავის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა
1. საიდუმლო ინფორმაცია მხარეებს შორის ჩვეულებრივ უნდა გადაიცეს დიპლომატიური არხებით.
2. საიდუმლო ინფორმაცია მხარეებს შორის შეიძლება აგრეთვე გადაიცეს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების მიერ სხვა ორმხრივად შეთანხმებული არხებით მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დიდი მოცულობის საგნების ან დიდი რაოდენობით საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით.
4. საიდუმლო ინფორმაციის ელექტრონული გადაცემა უნდა განხორციელდეს მხარეთა კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებს შორის ორმხრივად შეთანხმებული კრიპტოგრაფიული საშუალებებით.
მუხლი 8🔗
თარგმნა და გამრავლება
1. საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა ან გამრავლება დაიშვება მხოლოდ ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპის საფუძველზე. საიდუმლო ინფორმაციის დედანი და ასლი/თარგმანი თანაბრად უნდა იყოს დაცული. თარგმანების ან ასლების რაოდენობა შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს წარმომშობი მხარის მიერ.
2. საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა/გამრავლება უნდა განხორციელდეს საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვების მქონე ფიზიკური პირების მიერ, მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საიდუმლო ინფორმაცია, რომელსაც მინიჭებული აქვს TOP SECRET/განსაკუთრებული მნიშვნელობის/STRENGT HEMMELIG და SECRET/სრულიად საიდუმლო/HEMMELIG საიდუმლოების გრიფი, უნდა იქნეს გამრავლებული და თარგმნილი მხოლოდ წარმომშობი მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოსგან წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ.
მუხლი 9🔗
საიდუმლო ინფორმაციის განადგურება და დაბრუნება
1. საიდუმლო ინფორმაცია უნდა განადგურდეს, თუ:
a) შეუძლებელია მისი დაცვა წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად;
b) წარმომშობი მხარე მოითხოვს მის განადგურებას.
2. საიდუმლო ინფორმაციის განადგურება უნდა განხორციელდეს მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. წარმომშობ მხარეს უნდა ეცნობოს განადგურების შესახებ რაც შეიძლება მოკლე ვადაში მხარეთა კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების მიერ ორმხრივად შეთანხმებული არხებით.
4. წარმომშობი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაცია უნდა დაუბრუნდეს მას.
მუხლი 10🔗
დაკარგვა ან გამჟღავნება
მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს წარმომშობ მხარეს საიდუმლო ინფორმაციის ნებისმიერი დაკარგვის ან მისი გამჟღავნების, აგრეთვე შესაძლო დაკარგვის ან გამჟღავნების შესახებ და უნდა დაიწყოს გამოძიება მათი გარემოებების დადგენის მიზნით. მიმღებმა მხარემ წარმომშობ მხარეს უნდა აცნობოს გამოძიების შედეგების შესახებ და მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულია ასეთი შემთხვევის გამეორების თავიდან ასაცილებლად. წარმომშობმა მხარემ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა ითანამშრომლოს გამოძიებაში.
მუხლი 11🔗
კონტრაქტები
1. მხარემ, რომელსაც განზრახული აქვს საიდუმლო კონტრაქტის დადება კონტრაჰენტთან მეორე მხარის სახელმწიფოში, ან განზრახული აქვს მიანიჭოს უფლებამოსილება ერთ-ერთ თავის საკუთარ კონტრაჰენტს, დადოს საიდუმლო კონტრაქტი მეორე მხარის სახელმწიფოში საიდუმლო პროექტის ფარგლებში, უნდა მიიღოს წინასწარი წერილობითი დასტური მეორე მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოსგან იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდო პოტენციურ კონტრაჰენტს აქვს შესაბამისი ხარისხის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება და გააჩნია იმავე ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობისა და მისი შენახვის ხელსაყრელი პირობები.
2. შეტყობინება ნებისმიერი საიდუმლო კონტრაქტის შესახებ წინასწარ უნდა გადაეცეს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს, სადაც უნდა შესრულდეს სამუშაო.
3. ნებისმიერი საიდუმლო კონტრაქტის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ნაწილის ასლი უნდა გადაეცეს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს, სადაც უნდა შესრულდეს სამუშაო. ეს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანო პასუხისმგებელი უნდა იყოს საიდუმლო კონტრაქტის განხორციელებისთვის აუცილებელი ზომების განსაზღვრასა და ადმინისტრირებაზე.
მუხლი 12🔗
ხარჯები
თითოეულმა მხარემ უნდა დაფაროს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი თავისი საკუთარი ხარჯები.
მუხლი 13🔗
დავების გადაწყვეტა
წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებს შორის კონსულტაციებით, ან, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტის მიღწევა შეუძლებელია, მხარეთა სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების გზით და იგი არ უნდა გადაეცეს რომელიმე ეროვნულ ან საერთაშორისო სასამართლო ორგანოს ან მესამე მხარეს.
მუხლი 14🔗
დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხების მეშვეობით მიღების დღიდან მეორე (მე-2) თვის პირველ დღეს.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის შემდეგ. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მიუხედავად, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გადაცემული ყველა საიდუმლო ინფორმაცია დაცული უნდა იყოს წინამდებარე შეთანხმების დებულებების თანახმად.
3. წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილებები და დამატებები, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, უნდა გაფორმდეს ცალკე დოკუმენტის სახით. იგი ძალაში შევა იმავე წესით, რა წესითაც წინამდებარე შეთანხმება შედის ძალაში.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2014 წლის 12 დეკემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ნორვეგიულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ნორვეგიის სამეფოს
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)