თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/9234-15 (შპს "ალუკენთი"-ს გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/9234-15 ( 330210315806497)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2015 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „ალუკენთი” (ს/კ 217873665)
წარმომადგენელი: დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ალუკენთის” (ს/კ 217873665) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა (დირექტორმა) ბიძინა ჩიკვილაძემ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ალუკენთი” (ს/კ 217873665) წარმოადგენს 100%-ით სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც დღეისათვის არ ფუნქციონირებს. განმცხადებლის მითითებით, მის სახელზე არანაირი უძრავი ქონება არ არის აღრიცხული. რაც შეეხება მოძრავ ნივთებს, საწარმოს ბალანსზე აღრიცხულია ტრანსფორმატორი; ორი ცალი სახარატო დაზგა (პრესი), არამუშა მდგომარეობაში; ორი ცალი საჩარხი არამუშა მდგომარეობაში; 6 ცალი ელ. ამწე 2-ტონიანი, არამუშა მდგომარეობაში; ორი ცალი რაზვალის გასასწორებელი არამუშა მდგომარეობაში. საწარმოს არაუზრუნველყოფილი კრედიტორია ამავე ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი თეიმურაზ ლობჟანიძე, რომლის მიმართაც სახელფასო დავალიანება შეადგენს 14 400 ლარს; საწარმოს ასევე ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორი – სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც დავალიანება შეადგენს 4886,85 (ოთხი ათას რვაას ოთხმოცდაექვსი მთელი ოთხმოცდახუთი მეასედი) ლარს. შპს „ალკუნეთს” დებიტორები არ ჰყავს. საწარმოს ანგარიშზე არ ირიცხება ფულადი სახსრები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზები. კერძოდ, შპს „ალუკენთს” (ს/კ 217873665) დაევალა სასამართლოსათვის წარმოედგინა ა) მტკიცებულება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომ შპს „ალუკენთს” (ს/კ 217873665) არ აქვს წილი სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში; ბ) საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების შეფასების აქტი; გ) ყველა ის მტკიცებულება (სასამართლოს და\ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებები, ხელშეკრულებები და სხვა), რომელიც დაადასტურებდა შპს „ალუკენთის” (ს/კ 217873665) კრედიტორული დავალიანებების არსებობას;
2015 წლის 4 ივნისს, განჩინებით დადგენილ 5 (ხუთი) დღიან ვადაში სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „ალუკენთის” წარმომადგენელმა და წარმოადგინა სასამართლოს მიერ მოთხოვნილი მტკიცებულებები.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „ალუკენთს” (ს/კ 217873665) უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე. ამავე განჩინებაში სასამართლო უთითებს, რომ თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანს სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც გახდება მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
შპს „ალუკენთს” (ს/კ 217873665) კუთვნილი ქონების სიმცირის და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარმოდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 11 მაისის მდგომარეობით საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკში”. სს „საქართველოს ბანკის” მიერ გაცემული ცნობის თანახმად კი შპს „ალუკენთს” (ს/კ 217873665) ანგარიშზე თანხა არ გააჩნია. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც შპს „ალუკენთის” (ს/კ 217873665) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები ვერ იქნა მოძიებული. რაც შეეხება საწარმოს ბალანსზე რიცხულ მოძრავ ნივთებს, წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის თანახმად, მოძრავი ნივთების საბაზრო ღირებულება შეადგენს 4200 (ოთხი ათას ორასი) ლარს. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, შპს „ალუკენთი” (ს/კ 217873665) საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ის ასევე არ ფლობს წილს სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1 ივნისის წერილი).
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იგივე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისთვის, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება, მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა. მითითებული ნორმის თანახმად,გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა მინიმუმ 5000 ლარია.
განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს „ალუკენთს” (ს/კ 217873665) აქტივები არ გააჩნია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის – მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ალუკენთს” (ს/კ 217873665) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „ალუკენთის” (ს/კ 217873665) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, საწარმო გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მისი რეგისტრაციის გაუქმებას.
3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება განმცხადებლისათვის მისი ასლის გადაცემიდან გონივრულ ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „ალუკენთმა” (ს/კ 217873665) ; ამასთან, განმცხადებელსვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენა.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე