პროგრამის ფარგლებში იფარება ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებები, გარდა ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებისა და ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო იმ ტესტსისტემებისა, რომელთა უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები:

ა) ამბულატორიული მომსახურება, რომელიც მოიცავს:

ა.ა) ტუბერკულოზის ყველა სავარაუდო შემთხვევის (ექიმის მიმართვით ან მჟავაგამძლე ბაქტერიაზე დადებითი გამოვლენილი (შემდგომში – მგბ(+)) შემთხვევების კონტაქტში მყოფი პირების) კლინიკურ-ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას და ნახველის/საკვლევი მასალის რეფერალს ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელთან;

ა.ბ) დადასტურებული შემთხვევების, მათ შორის, სტაციონარული მკურნალობის შემდეგ, ამბულატორიულ ზედამხედველობას, რაც მოიცავს ფთიზიატრის ზედამხედველობას, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ გამოკვლევებსა და ნახველის/საკვლევი მასალის რეფერალს ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელთან;

ა.გ) უშუალო ზედამხედველობის ქვეშ მკურნალობის განხორციელებას (DOT) სპეციფიკური ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებით;

ა.დ) ლატენტური ტუბერკულოზის მკურნალობას მაღალი რისკის ჯგუფებში (5 წლამდე კონტაქტები და იმუნოკომპრომიტირებული პირები) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული გაიდლაინების შესაბამისად;

ა.ე) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსებას, რაც მოიცავს ტუბერკულოზზე სკრინინგის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სამედიცინო პერსონალის – სპეციალურად გადამზადებული ექთნების დაფინანსებას;

ა.ვ) ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალისა და დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პენიტენციური სისტემის მუშაკთა რუტინულ გამოკვლევას წელიწადში ერთხელ (აღნიშნული პირობა ვრცელდება მხოლოდ ამ დადგენილების საფუძველზე გაწეულ მომსახურებებზე);

ა.ზ) მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობას ახალი მედიკამენტებით და მკურნალობის მონიტორინგს, რომელიც მოიცავს როგორც მკურნალობის დაწყებამდე, ასევე მკურნალობის პროცესის მონიტორინგის მიზნით ჩასატარებელ გამოკვლევებსა და ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებს მკურნალობის ინტენსიურ თუ გაგრძელების ფაზაში;

ბ) ეპიდზედამხედველობა, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) დადასტურებული მგბ+ შემთხვევების კონტაქტების კვლევას:

ბ.ა.ა) მგბ+ ახლადგამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტების ეპიდკვლევას სპეციალურად შემუშავებული კითხვარების საფუძველზე. მ.შ. კონტაქტების კვლევა უნდა ჩაუტარდეთ ოჯახურ და ახლო კონტაქტში მყოფ პირებს თუ ინდექს-პაციენტი:  ნაცხით დადებითი ფილტვის ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულია, მულტირეზისტენტული ან ექსტენსიურად რეზისტენტული (დადასტურებული ან სავარაუდო) ტუბერკულოზით დაავადებულია, აივ ინფიცირებულია, 5 წლამდე ასაკის ბავშვია;

ბ.ა.ბ) გამოვლენილი კონტაქტების რეფერალს დადასტურებისა და შემდგომი მკურნალობისთვის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით, შესაბამისი საინფორმაციო და საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარების გზით.

ბ.ბ) ზედამხედველობიდან დაკარგულ პაციენტებთან და სასჯელაღსრულების სისტემიდან გათავისუფლებულ პატიმრებთან (რომლებიც იმყოფებოდნენ ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობაზე)  მუშაობას:

ბ.ბ.ა) ზედამხედველობიდან დაკარგული (მგბ+ და მგბ-) პაციენტების მოძიებას (რომელთაც თვითნებურად, დროზე ადრე შეწყვიტეს მკურნალობა);

ბ.ბ.ბ) დროზე ადრე ზედამხედველობიდან დაკარგული პაციენტების რეფერალს მკურნალობის გასაგრძელებლად მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელთან, შესაბამისი საინფორმაციო და საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარების გზით;

ბ.ბ.გ) სასჯელაღსრულების სისტემიდან გათავისუფლებული პატიმრების მოძიება და დადგენა - გააგრძელეს თუ არა შესაბამისი მკურნალობა სამოქალაქო სექტორში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მათი რეფერირება მკურნალობის გასაგრძელებლად;

გ) ლაბორატორიული კონტროლი და ნახველის ლოჯისტიკა, რომელიც გულისხმობს ტუბერკულოზზე სავარაუდო შემთხვევების ლაბორატორიულ დადასტურებასა და მკურნალობის პროცესში ჩართული პაციენტების ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის სპეციფიკურ კვლევებს და მოიცავს:

გ.ა) ნახველის/საკვლევი მასალის ტრანსპორტირებას;

გ.ბ) სპეციფიკურ ლაბორატორიულ კვლევებს;

გ.გ) ხარისხის კონტროლს როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში;

დ) სტაციონარული მომსახურება, რომელიც მოიცავს:

დ.ა) ტუბერკულოზით დაავადებულთა სპეციფიკურ თერაპიულ სტაციონარულ მომსახურებას;

დ.ბ) რთულ სადიაგნოსტიკო მომსახურებას, რომლის დროსაც აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და დამატებით ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები;

დ.გ) ტუბერკულოზით დაავადებულთა სპეციფიკურ ქირურგიულ სტაციონარულ მომსახურებას;

ე) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისთვის ტუბერკულოზის მართვის მიზნით მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა და გადაცემა;

ვ)  ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონალური მართვა და მონიტორინგი, რაც თავის მხრივ მოიცავს:

ვ.ა) ამბულატორიული სექტორის ტუბსაწინააღმდეგო ერთეულებისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელში ტუბსაწინააღმდეგო აქტივობების ზედამხედველობასა და მონიტორინგს, მათ შორის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ მკურნალობის განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;

ვ.ბ) ზედამხედველობის ოქმების და გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში შესყიდული წამლებისა და პაციენტზე ორიენტირებულ სარგებელთა პაკეტის (პაციენტების მკურნალობისადმი სრული დამყოლობისათვის ფინანსური წახალისება) შესახებ  ანგარიშგებას;

ვ.გ) ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფ რეზისტენტული ფორმით დაავადებულ პაციენტთა სარეგისტრაციო ჟურნალების ზედამხედველობას და გამოვლენილ ნაკლოვანებათა ოპერატიულად აღმოფხვრას;

ვ.დ) რეგიონის დონეზე DOT-ის დაგეგმვას და უზრუნველყოფის მონიტორინგს;

ზ) ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვა;

თ)  სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, ფულადი წახალისების საშემოსავლო გადასახადისა და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა  (თვეში არაუმეტეს 150 პაციენტისა) ფულადი წახალისების დაფინანსებ