📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.07.2015
ძალაში შესვლა 27.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №85
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016589
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,021 სიტყვა · ~20 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.07.2015 მიღება
27.07.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 30.09.2020 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 16.02.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 18.03.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 08.10.2025 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება 96% 04.03.2026

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №85 2015 წლის 25 ივლისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №227 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012  წლის 22 აგვისტოს №148 ბრძანება. 3. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2015 წლის 27 ივლისიდან. 4. ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 21 სექტემბრიდან. 5. ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი   საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლი (შემდგომში – იუსტიციის სახლი) არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №227 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. იუსტიციის სახლის სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლი“. იუსტიციის სახლის ინგლისურენოვანი სახელწოდებაა – „Legal Entity of Public Law -  Public Service Hall“. 3. საქმიანობისას იუსტიციის სახლი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. იუსტიციის სახლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 5. იუსტიციის სახლი საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 6. იუსტიციის სახლს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საიდენტიფიკაციო კოდი, ანგარიში კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში, ლოგო, ბეჭედი, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 7. იუსტიციის სახლი უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მექანიკური ან/და მართვის ავტომატური საშუალებებით. 8. იუსტიციის სახლის იურიდიული მისამართია: თბილისი, სანაპიროს ქ. №2. მუხლი 2🔗.იუსტიციის სახლის მიზნები იუსტიციის სახლის მიზნებია: ა) მომხმარებლისათვის ერთი ფანჯრის პრინციპით სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება;   ბ)   სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა; გ)   მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი მომსახურებების და ინოვაციური სერვისების შეთავაზება; დ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. მუხლი 3🔗.იუსტიციის სახლის ფუნქციები იუსტიციის სახლის ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობის ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებთან და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების/შეთანხმებების შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოების და იურიდიული პირების უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ქმედებების შესრულება მომხმარებლისათვის შესაბამისი მომსახურებების/კონსულტაციების გაწევის მიზნით; ბ) სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიცირება და მათი განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა; გ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა, მათი მომსახურების ეფექტიანობის გაზრდისა და გაუმჯობესების მიზნით; დ) იუსტიციის სახლის მიზნების მისაღწევად აუცილებელი სხვა ქმედებების განხორციელება. მუხლი 4🔗. იუსტიციის სახლის მართვა 1. იუსტიციის სახლის მართვას და ხელმძღვანელობას ახორციელებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში - აღმასრულებელი დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს 4 მოადგილე (ოპერაციების დირექტორი, განვითარების დირექტორი, ფინანსების დირექტორი და ადმინისტრაციის დირექტორი), რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი. 3. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებით კურირებენ იუსტიციის სახლში მათთვის მიკუთვნებულ სფეროებს. მოადგილეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის ან მის მიერ აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. 5. აღმასრულებელ დირექტორს შესაძლებელია ჰყავდეს თანაშემწე. მუხლი 5🔗. იუსტიციის სახლის  სტრუქტურული ქვედანაყოფები იუსტიციის სახლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) პროდუქტების განვითარებისა და ინოვაციების მართვის სამსახური; ბ) ხარისხის მართვის სამსახური; გ) ფილიალების კოორდინაციის სამსახური; დ) მომსახურების პროცედურების განვითარებისა და ბიზნეს ანალიზის  სამსახური; ე) სატელეფონო მომსახურების სამსახური; ვ) გაყიდვების სამსახური; ზ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; თ) შესყიდვების სამსახური; ი) სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური; კ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; ლ) საქმისწარმოების სამსახური; მ) იურიდიული სამსახური; ნ) მარკეტინგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ო) ადმინისტრაციის და პროტოკოლის სამსახური; პ) შიდა აუდიტის სამსახური. მუხლი 6🔗. იუსტიციის სახლის ფილიალები 1. ფილიალი არის იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანო, რომლის მეშვეობითაც იუსტიციის სახლი ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებებს.   2. იუსტიციის სახლის ფილიალებია: ა) ბათუმის იუსტიციის სახლი; ბ) რუსთავის იუსტიციის სახლი; გ) მესტიის იუსტიციის სახლი; დ) გურჯაანის იუსტიციის სახლი; ე) ქუთაისის იუსტიციის სახლი; ვ) ოზურგეთის იუსტიციის სახლი; ზ) ახალციხის იუსტიცის სახლი; თ) მარნეულის იუსტიციის სახლი; ი) თელავის იუსტიციის სახლი; კ) ყვარლის იუსტიციის სახლი; ლ) თბილისის იუსტიციის სახლი; მ) გორის იუსტიციის სახლი; ნ) ზუგდიდის იუსტიციის სახლი. ო) ფოთის იუსტიციის სახლი; პ) თიანეთის იუსტიციის სახლი; ჟ) ყაზბეგის იუსტიციის სახლი. მუხლი 7🔗. აღმასრულებელი დირექტორი 1. აღმასრულებელი დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს იუსტიციის სახლის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს იუსტიციის სახლს მესამე პირებთან ურთიერთობაში და იუსტიციის სახლის სახელით დებს გარიგებებს; გ) იუსტიციის სახლის ფუნქციებიდან გამომდინარე გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში  გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) ანაწილებს დავალებებს იუსტიციის სახლის თანამშრომლებზე და განსაზღვრავს დავალებების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს; აკონტროლებს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობას; ვ) ამტკიცებს იუსტიციის სახლის და მისი სამსახურების საქმიანობის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას; უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის სტრატეგიული მიზნების და ამოცანების განხორციელებას და იუსტიციის სახლის საქმიანობის შესაბამისობას სტრატეგიულ მიზნებთან; ზ) იუსტიციის სახლის ბიუჯეტის ფარგლებში ამტკიცებს პროექტებს, რომლებიც ემსახურებიან იუსტიციის სახლის საქმიანობის სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას; თ) უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული საოპერაციო პრობლემების გადაჭრასა და საოპერაციო რისკების შემცირებას; ი) ამტკიცებს იუსტიციის სახლის შინაგანაწესს; კ) შუამდგომლობს იუსტიციის სახლის მიზნების მიღწევისა და ფუნქციების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს მათი განკარგვის თაობაზე; ლ) უფლებამოსილია მოახდინოს კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილების  იუსტიციის სახლის თანამშრომელზე დელეგირება. დელეგირების ფაქტი აღმასრულებელ დირექტორს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით; მ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის სახლის თანამშრომლებს. მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ნ) კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს, მათ შორის, უცხოელ სპეციალისტებს; ო) სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; პ) უზრუნველყოფს სამსახურებისა და ფილიალების კოორდინირებულ საქმიანობას;    ჟ) ამტკიცებს იუსტიციის სახლის მომსახურების სტანდარტებს; რ) განიხილავს და სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს იუსტიციის სახლის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს; ს) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე  იუსტიციის სახლის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს; ტ) უფლებამოსილია იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის ან/და შესასრულებული სამუშაოსათვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, განუსაზღვროს დამატებითი საზღაური (დანამატი); უ) ამტკიცებს იუსტიციის სახლის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს; ფ) ამტკიცებს იუსტიციის სახლის ბეჭდის, შტამპების ფორმებს და მათი გამოყენების წესს; ქ) იუსტიციის სახლის სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; ღ) განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირს (პირებს); ყ) ზრუნავს იუსტიციის სახლის იმიჯზე/რეპუტაციაზე, მომსახურების ხარისხის შენარჩუნებაზე, ზრდასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე; შ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც მიმართულია იუსტიციის სახლის მიზნების მიღწევისა და ფუნქციების შესრულებისაკენ. მუხლი 8🔗. იუსტიციის სახლის სამსახურების ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი. 2. სამსახურის შემადგენლობაში შედიან მრჩევლები და სპეციალისტები. 3. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის ფუნქციების შესრულებაზე და სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. 4. სამსახურის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს. 5. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი. 6. სამსახურის უფროსის ფუნქციებია: ა) სამსახურის წლიური სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა; ბ) განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების გზების ძიება და წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; გ) ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება და კანდიდატთა შერჩევის პროცესში ჩართულობა; დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ კორესპონდენციებზე და საკითხებზე დროული, ადეკვატური რეაგირება და მომხმარებლის ინტერესზე მორგებული გამოსავლის ძიება კანონით დადგენილ ფარგლებში; ე) სამსახურის ფუნქციების ფარგლებში მესამე პირებთან ურთიერთობა; ვ) სამსახურის საქმიანობის მეთოდოლოგიის განსაზღვრა და განვითარება; ზ) სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; თ) სამსახურის საქმიანობის მუშაობის ეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული პროექტების ინიცირება; ი) იუსტიციის სახლის სხვა სამსახურებთან და ფილიალებთან თანამშრომლობა მათ ფუნქციებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;   კ) დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის მოვალეობების გადანაწილება და მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი; ლ) სამსახურში მომზადებული დოკუმენტების ვიზირება; მ) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 9🔗. პროდუქტების განვითარებისა და ინოვაციების მართვის სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად პროდუქტების განვითარებაზე ზრუნვა; ბ) არსებული და ახალი პროდუქტების პაკეტირების განსხვავებული შესაძლებლობების ანალიზი და წინადადებების შემუშავება; გ) პროდუქტების ტესტირება, მათ განვითარებაში ცვლილებების დაგეგმვა და განხორციელება; დ) პროდუქტების განვითარებისა და ინოვაციების მართვის მიმართულებით, იუსტიციის სახლის შესაძლებლობების გამოსავლენად და გამოვლენილი შესაძლებლობების გარშემო იდეების გენერირების  მიზნით მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება და მისი მუდმივი განვითარება; ე) პროდუქტების განვითარებასა და ინოვაციებთან დაკავშირებით, თანამშრომლების იდეების გენერირებისა და ინოვაციურ პროცესებში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა; ვ) იდეების წინასწარი ტესტირების ორგანიზება, იდეების დამუშავებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, დამუშავებული იდეების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა და განხორციელება; ზ) პროექტების მიმდინარეობაზე დაკვირვება; ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში, ახალი იდეების გენერირება და ცვლილებების ორგანიზება; თ) საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა. მუხლი 10🔗. ხარისხის მართვის სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) მომსახურების მაღალი ხარისხის (მომხმარებლისთვის მარტივად გასაგები, კომფორტული, სწრაფი და უხარვეზო) მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და განვითარება;  ბ) იუსტიციის სახლის მომსახურების ხარისხის დონის განსაზღვრის და ამაღლების მიზნით კვლევის ამოცანების განსაზღვრა, კვლევის ჩატარების და უკუკავშირის უზრუნველყოფა; გ) უკუკავშირის განხორციელების სტანდარტის შემუშავება, დანერგვა და განვითარება; დ) ფილიალებში არსებული მდგომარეობის ანალიზის, კვლევებისა და უკუკავშირის შედეგების საფუძველზე არსებული ან შესაძლო პრობლემების ან/და ხარვეზების იდენტიფიცირება, ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ე) მომსახურების ხარისხის ამაღლებისთვის რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა. მუხლი 11🔗. ფილიალების კოორდინაციის სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში ფილიალების გამართული და შეუფერხებელი საქმიანობის კოორდინაცია, ასევე, ფილიალებს შორის გამართული კავშირისა და ურთიერთობის უზრუნველყოფა; ბ) საოპერაციო სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად ფილიალებში მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებული პროცედურული, ტექნიკური და პროგრამული  საკითხების იდენტიფიცირება, შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება და  მომხმარებელთათვის იუსტიციის სახლის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მონიტორინგი; გ) ფილიალების ფუნქციების შესასრულებლად სიახლეების, პროდუქტების და სერვისების შესახებ ინფორმაციის, საკანონმდებლო ცვლილებების, ინსტრუქციებისა და მითითებების დროული მიწოდება; დ) ფილიალებში ტრენინგების საჭირო თემატიკის იდენტიფიცირება და უფლებამოსილი სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება; ე) ფილიალებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ფილიალების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ვ)  ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებში ფილიალების ჩართულობის კოორდინაცია; ზ) იუსტიციის სახლის ახალი ფილიალების გახსნის პროცესში ჩართულობა. მუხლი 12🔗. მომსახურების პროცედურების განვითარებისა და ბიზნეს ანალიზის სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) ტექნოლოგიური პროექტების მართვა; ბ) გასაუმჯობესებელი პროგრამების, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სისტემების და სხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ანალიზის პროცესის მართვა; გ) იუსტიციის სახლის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებული თანამშრომლობით ბიზნეს-ამოცანის სრულყოფილად ჩამოყალიბება; დ) ახალი სისტემების და პროცედურების დანერგვის მიზნით, შესაბამისი ტრენინგების მომზადება და თანამშრომლებისთვის გადამზადების პროცესის  ჩატარების უზრუნველყოფა; ე) პროდუქტების, პროექტების და მომსახურების პროცესების წინასწარი ფინანსური ანალიზი; ბიუჯეტის ფორმირების მიზნით სათანადო ინფორმაციის შეგროვება და პროგნოზირება; ვ) პროდუქტების, პროექტების, მომსახურების პროცესების ბიუჯეტიდან არსებული და მოსალოდნელი გადახრების კონტროლისა და ანალიზისთვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება; ზ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული პერიოდული სტატისტიკების მომზადება, ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; თ) პროდუქტების, პროექტების, მომსახურების პროცესების ხარჯების ოპტიმიზაციისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ხელმძღვანელობისთვის წინადადებების წარდგენა; ი) მომსახურების პროცედურების ხარვეზების ძიება, დროული გამოვლენა, მათი ანალიზი და გადაწყვეტის გზების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; მომსახურების პროცედურების ოპტიმიზაციის იდეების გენერირება; კ) იუსტიციის სახლის მომსახურების პროცედურების მუდმივი განვითარება, მომსახურების პროცესთან დაკავშირებული სისტემური ცვლილებების მართვა და მათი წინასწარი ტესტირება; ლ) ახალი ან/და არსებული პროდუქტის დანერგვა/დახვეწასთან დაკავშირებული პროცესის უზრუნველყოფა; მ) მომსახურების პროცედურების აღწერილობების მომზადება; ნ) პროცედურების/სისტემების ოპტიმიზაციისთვის ტექნოლოგიების და მეთოდოლოგიური სიახლეების მუდმივი მონიტორინგი. მუხლი 13🔗. სატელეფონო მომსახურების სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის სერვისებთან დაკავშირებით სატელეფონო და ონლაინ-კომუნიკაციის საშუალებებით კვალიფიციური, მარტივად გასაგები, მაღალი ხარისხის საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურება სატელეფონო მომსახურების ხარისხის სტანდარტის და იუსტიციის სახლის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად; ბ) მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით სატელეფონო და ონლაინ-კომუნიკაციის საშუალებებით შემოსული შეკითხვების ყოველთვიური ანალიზი და შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდება; ამ ანალიზის საფუძველზე ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; გ) საჭიროების შემთხვევაში, ახალ პროდუქტთან  ან მომსახურებასთან დაკავშირებით გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებელთა  აზრის კვლევის მიზნით. მუხლი 14🔗. გაყიდვების სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) პროდუქტების გაყიდვების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება და განვითარება; ბ) პროდუქტების გაყიდვების არხების შექმნის შესაძლებლობების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; გ) გაყიდვების გეგმის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; დ) ჯვარედინი გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და განხორციელების უზრუნველყოფა; ე) გარე მომხმარებლების მოძიება და მათთვის შეთავაზებების ორგანიზება. მუხლი 15🔗. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება; ბ) ბუღალტრული ოპერაციების კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხვა; გ) იუსტიციის სახლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება, მათი ხელმძღვანელობისთვის და სხვა უფლებამოსილი უწყებებისთვის წარდგენა; დ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვადასხვა წყაროების მიხედვით, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა; ე) ფინანსური ინფორმაციის/დოკუმენტების შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა; ვ) უნაღდო ფულადი ოპერაციების/ტრანზაქციების დროული წარმოება შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე; ზ) იუსტიციის სახლის თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების და სხვა განაცემების გაცემის ორგანიზება; თ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების აღრიცხვის უზრუნველყოფა; ი) ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების და მოთხოვნების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა; კ) არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა; ლ) იუსტიციის სახლის ბიუჯეტის პროექტის შედგენა და შესაბამის სამსახურებთან/უწყებებთან განხილვა/შეთანხმება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; მ) იუსტიციის სახლის საბიუჯეტო პროცესის მართვა; სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გონივრული და განვითარებაზე ორიენტირებული ხარჯვის უზრუნველყოფა; ნ) იუსტიციის სახლის ხარჯების ოპტიმიზაციისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა. მუხლი 16🔗. შესყიდვების სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის მიზნების შესაბამისად, იუსტიციის სახლის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა, შესაბამისი სამსახურის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე; ბ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება; ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება; გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის, მასში შესატანი ცვლილებების პროექტის შემუშავება და წარდგენა; დ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ჩატარება, ანგარიშგება, შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, წარმოება, რეგისტრაცია და შენახვა; ე) შესყიდვის რაციონალური განხორციელების, ღია და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, ბაზრის კვლევა და ალტერნატივების ძიება. მუხლი 17🔗. სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის, შენახვის და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა, ასევე, იუსტიციის სახლის ფილიალების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის სერვისის მისაწოდებლად; ბ) სასაწყობო მეურნეობის მართვა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა; გ) იუსტიციის სახლის ავტო-პარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება, დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით საწვავის ხარჯვის კონტროლი; დ) იუსტიციის სახლის სამსახურებისა და ფილიალების საჭირო ნივთებით მომარაგება; ე) იუსტიციის სახლის შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა; ვ) იუსტიციის სახლისთვის სხვადასხვა სახის მომსახურების მომწოდებელი სუბიექტების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და გამოვლენილ ნაკლოვანებებზე რეაგირება; ზ) იუსტიციის სახლის არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა; თ) იუსტიციის სახლის შენობა-ნაგებობების მდგომარეობის შემოწმება და საჭირო ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა; ი) სამშენებლო, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მართვა და ამ მიზნით მესამე პირებთან ურთიერთობა; კ) იუსტიციის სახლის  ინფრასტრუქტურის (მათ შორის ელექტრო-კომუნიკაციის, ვენტილაცია-კონდიცირების  და სხვა) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. მუხლი 18🔗. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა და მისი შესრულების უზრუნველყოფა; ბ) ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგიის შექმნა და განვითარება; გ) ადამიანური რესურსების მოზიდვა, შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა; დ) იუსტიციის სახლსა და თანამშრომლებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმიანობის სათანადო დოკუმენტური გაფორმება და თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება; ე) იუსტიციის სახლში შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება; ვ) თანამშრომელთა მოტივაციის და შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ზ) ადამიანური რესურსების მართვის მიზნებისათვის შესაბამისი მონაცემთა დამუშავება; თ) ადამიანური რესურსის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება; ი) თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; კ) თანამშრომელთა მიერ შრომით პირობებთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ლ) თანამშრომელთა შრომითი კმაყოფილების კვლევის განხორციელების ორგანიზება და კვლევის შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; მ) თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და თანამშრომელთა შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება; ნ) ელექტრონული ტაბელის ადმინისტრირება. მუხლი 19🔗. საქმისწარმოების სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლში არსებული საქმისწარმოების პროცესის ორგანიზება; ბ) შემოსული და შექმნილი დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და ადრესატისთვის დროულად მიწოდება; გ) საიდუმლო საქმისწარმოების პროცესის წარმართვა და ორგანიზება; დ) საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივირება; ე) საქმისწარმოების პროცესის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ვ) ელექტრონული ან მატერიალური სახით შემოსული კორესპოდენციის რეგისტრაცია, კლასიფიცირება და სარეზოლუციო ადრესატისათვის გადაგზავნა დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) ელექტრონულ დოკუმენტბრუნვის სისტემაში არსებული კორესპოდენციის მატერიალური ფორმით დაინტერესებული პირებისათვის გაცემა; თ) საფოსტო რეესტრის წარმოება ელექტრონული და მატერიალური ფორმით; ი) იუსტიციის სახლში გამოსაყენებელი დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების შემუშავება  და ადმინისტრირება. მუხლი 20🔗. იურიდიული სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და ექსპერტიზა და ვიზირება; გ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება; დ) სასამართლო დავებზე იუსტიციის სახლის წარმომადგენლობა; ე) იუსტიციის სახლის სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა შრომითი ხელშეკრულებებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) მომზადება და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება; ვ) იუსტიციის სახლის სახელით დასადები სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების და შრომითი ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება; ზ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით შესამუშავებელი ნორმატიული აქტების პროექტების  მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი მიღების პროცესში ჩართულობა; თ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობის და სამსახურების დროული ინფორმირება; ი) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა; კ) მოთხოვნის შემთხვევაში იუსტიციის სახლში მიღებული ან მისაღები გადაწყვეტილებების სამართლებრივი ანალიზი. მუხლი 21🔗. მარკეტინგული კომუნიკაციების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) ბრენდის – „იუსტიციის სახლი“  განვითარებაზე ზრუნვა; ბ) ბრენდის – „იუსტიციის სახლი“ განვითარების მიზნით იდეების გენერირება, ანალიზი, კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; გ) იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის მართვა; დ) ბრენდის – „იუსტიციის სახლი“ მახასიათებლების შესახებ თანამშრომელთა ინფორმირებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება; ე) მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება; ვ) იუსტიციის სახლის ბრენდისთვის საზიანო ფაქტებსა და მოვლენებზე დაუყოვნებლივ რეაგირება; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის საჭიროებების განსაზღვრა და განხორციელების ორგანიზება, საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება; თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომელთა კომუნიკაციის ფორმების და შინაარსის შესახებ მითითებების შემუშვება და თანამშრომელთა ინფორმირების უზრუნველყოფა; ი) იუსტიციის სახლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და რეაგირება. მუხლი 22🔗. ადმინისტრაციის და პროტოკოლის სამსახური ადმინისტრაციის და პროტოკოლის სამსახურის ფუნქციებია: ა) სამსახურების მიერ თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადების კოორდინირება; ბ) სამსახურების მიმდინარე საქმიანობის, აგრეთვე მათ მიერ განსახორციელებელი სამოქმედო გეგმების განხილვა და იუსტიციის სახლის მიზნებთან და სტრატეგიასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; გ) შესაბამის სამსახურებთან ერთად იუსტიციის სახლის საქმიანობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა; დ) აღმასრულებელი დირექტორის ან/და სამსახურების მიერ ინიცირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება თანამშრომლებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა; ე) შიდაორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად თანამშრომლებთან კომუნიკაცია; ვ) იუსტიციის სახლის წარმომადგენლობითი საკითხების (მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნებში) დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია; ზ)  დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, დელეგაციების ვიზიტების პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება და სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ორგანიზება; თ) საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა უწყებების უფლებამოსილი პირების ჩართვა საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში; ი) დამატებითი შემოსავლის გენერირების მიზნით აუქციონის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა. მუხლი 23🔗. შიდა აუდიტის სამსახური 1. შიდა აუდიტის სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ აღმასრულებელი დირექტორის წინაშე. აღმასრულებელი დირექტორის მიერ შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშებზე, დასკვნებსა და რეკომენდაციებზე რეაგირება ემსახურება მართვის ეფექტიანობისა და ეფექტურობის მიზნის მიღწევას. დაუშვებელია შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე. 2.  შიდა აუდიტის სამსახურის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს იუსტიციის სახლში  მიმდინარე ნებისმიერი პროცესი და საქმიანობის სფერო. იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტის სამსახურთან და უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება. 3.  სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის სამსახურების და ფილიალების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი; ბ) იუსტიციის სახლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგი; გ) იუსტიციის სახლის სტრატეგიული პროექტების განხორციელების მონიტორინგი; დ) იუსტიციის სახლში  მიმდინარე პროცესების და საქმიანობის სფეროების აუდიტის და  მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშების მომზადება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა; ე) სამსახურში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დარღვევების ფაქტებზე სატელეფონო შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება; ვ) იუსტიციის სახლში სამართალდარღვევის, დისციპლინური გადაცდომის ან/და იუსტიციის სახლის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შესახებ ცნობებთან (განცხადება, წერილი, საჩივარი, შეტყობინება, სხვა ინფორმაცია ან ფაქტი) დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების  ჩატარება,  დასკვნის მომზადება და აღმასრულებელი დირექტორისათვის წარდგენა; ზ) იუსტიციის სახლის თანამშრომელთა სამსახურებრივი დისციპლინის შემოწმება, გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა; თ) იუსტიციის სახლში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; ი) სამსახურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა; კ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს იუსტიციის სახლის მიზნებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მუხლი 24🔗. ფილიალების ორგანიზაციული მოწყობა 1. ფილიალი მომხმარებლების მომსახურებას ახორციელებს საკონსულტაციო სივრცის, სწრაფი მომსახურების სივრცის/სივრცეების და ხანგრძლივი მომსახურების სივრცის/სივრცეების მეშვეობით. 2. საკონსულტაციო სივრცეში შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში ხორციელდება იუსტიციის სახლის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლისათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა და მისი შესაბამის სივრცეში გადამისამართება. 3. საკონსულტაციო სივრცეში მომსახურების მიწოდება ხორციელდება სივრცის კონსულტანტების მეშვეობით. საკონსულტაციო სივრცეს შესაძლებელია ხელმძღვანელობდეს სექტორის კოორდინატორი. 4. სწრაფი მომსახურების სივრცეში ხორციელდება მომხმარებლებისათვის მზა დოკუმენტების ან/და მიღებული გადაწყვეტილებების გადაცემა/გაცნობა. აღმასრულებელი დირექტორის ან ფილიალის მენეჯერის გადაწყვეტილებით, სწრაფი მომსახურების უზრუნველსაყოფად, სწრაფი მომსახურების სივრცეში შესაძლებელია განხორციელდეს კონკრეტული სახის განაცხადების მიღებაც. 5. სწრაფი მომსახურების სივრცეში მომსახურების მიწოდება ხორციელდება სწრაფი სივრცის ოპერატორების მიერ. სწრაფი მომსახურების სივრცეს შესაძლებელია ხელმძღვანელობდეს სივრცის კოორდინატორი. 6. ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში ხორციელდება  უფლებამოსილების ფარგლებში იუსტიციის სახლის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადების მიღება, რეგისტრაცია და არსებულ სერვისებზე მომხმარებელთათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა. აღმასრულებელი დირექტორის ან ფილიალის მენეჯერის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლში სწრაფი მომსახურების უზრუნველსაყოფად,  ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში შესაძლებელია მზა დოკუმენტების ან/და მიღებული გადაწყვეტილებების გადაცემა/გაცნობა. 7. ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში მომსახურების მიწოდება ხორციელდება ხანგრძლივი სივრცის ოპერატორების  მიერ. ხანგრძლივი მომსახურების სივრცეს შესაძლებელია ხელმძღვანელობდეს სივრცის კოორდინატორი. 8. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მომხმარებელთა ნაკადის, თანამშრომელთა ოდენობის, მომსახურების მიწოდების დროის, გაწეული კონსულტაციების და ოპერატორების მიერ მიღებული განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ფილიალში შეიქმნას სექტორი. სექტორი არის არანაკლებ სამი  მომსახურების სივრცის გაერთიანება, რომელსაც ხელმძღვანელობს სექტორის კოორდინატორი. მუხლი 25🔗. ფილიალების ფუნქციები ფილიალის ფუნქციებია: ა)  უფლებამოსილების ფარგლებში იუსტიციის სახლის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადების მიღება (მათ შორის, ზეპირად ან წერილობით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში განცხადების ფორმის შევსება) და რეგისტრაცია; ბ) იუსტიციის სახლის სახელზე შემოსული  კორესპონდენციის მიღება და რეგისტრაცია; გ) მიღებული განცხადებისა და კორესპონდენციის შესაბამისი ორგანოსთვის მიწოდება ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით; დ) უფლებამოსილ პირთათვის შესაბამისი ორგანოს მიერ გასაცემი დოკუმენტების ან/და მიღებული გადაწყვეტილების  გადაცემა, მათ შორის ფოსტის მეშვეობით გაგზავნა; ე) უფლებამოსილების ფარგლებში გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლისათვის ინფორმაციის გადაცემა და  კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა; ვ) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 26🔗. ფილიალების  ხელმძღვანელობა 1. ფილიალს ხელმძღვანელობს მენეჯერი, რომელსაც, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი. 2. ფილიალის მენეჯერი პასუხისმგებელია ფილიალის ფუნქციების შესრულებაზე და ფილიალის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. 3. ფილიალის მენეჯერს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები და თანაშემწე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი. 4. ფილილის მენეჯერის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ფილიალის მენეჯერის მოადგილე (ასეთი არსებობის შემთხვევაში) ან აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი.  5. ფილიალის მენეჯერის ფუნქციები: ა) ფილიალის საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების  წარდგენა; ბ) ფილიალის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, ფილიალის საქმიანობის გაუმჯობესების გზების ძიება და წინადადებების ხელმძღვანელობისთვის  წარდგენა; გ) ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება და კანდიდატთა შერჩევის პროცესში ჩართულობა; დ) ფილიალში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და აღნიშნულის შესახებ შესაბამისი სამსახურ(ებ)ის დროული ინფორმირება; ე) დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის მოვალეობების გადანაწილება და მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი; ვ) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 27🔗. იუსტიციის სახლის სათათბირო ორგანოები 1. იუსტიციის სახლის მიზნების მიღწევისა და ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისათვის, ცალკეულ საკითხთა განხილვის მიზნით, იუსტიციის სახლში შესაძლებელია შეიქმნას სათათბირო ორგანოები (კომიტეტები, კომისიები). 2.  სათათბირო ორგანო იქმნება, მისი ამოცანები, თავმჯდომარე, წევრები, მდივანი და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 28🔗. იუსტიციის სახლის ქონება 1. მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად იუსტიციის სახლს აქვს ქონება, რომელიც ფორმირდება კანონმდებ­ლო­ბის შესაბამისად. 2. იუსტიციის სახლის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება იუსტიციის სახლის ბალანსზე. 3. იუსტიციის სახლის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან/მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი; გ) კრედიტები და გრანტები; დ) შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები. მუხლი 29🔗. იუსტიციის სახლის სახელმწიფო კონტროლი 1. იუსტიციის სახლი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. იუსტიციის სახლის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს იუსტიციის სახლის არამართლზომიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. 4. იუსტიციის სახლმა, სამინისტროს თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) იუსტიციის სახლის ქონებასთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილებების მიღება, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აგრეთვე აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 6. სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან უარი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 7. კანონით დადგენილ შემთხვევაში, იუსტიციის სახლი ვალდებულია საქართველოს მთავრობასთან შეათანხმოს მისი ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი. მუხლი 30🔗. იუსტიციის სახლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია იუსტიციის სახლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.