საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/3465-14 (შპს "რედიტი"-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების თაობაზე)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3465-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/3465-14

 

 

 

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

განცხადების განუხილველად დატოვებისა და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

 

201 5 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ მოვალე შპს „რედიტის” (ს/კ 404898189)მიმართ წარმოებული გაკოტრების საქმის წარმოების ფარგლებში მოწვეულ პირველ კრედიტორთა კრებაზე განიხილა განცხადების განუხილველად დატოვებისა და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების საკითხები და   

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2015 წლის 26 თებერვალს განცხადებით მიმართა შპს „რედიტის” წარმომადგენელმა ვასილ ხაჭაპურიძემ. აღნიშნული განცხადების თანახმად, შპს „რედიტი” დაფუძნდა  2011 წლის 15 მაისს. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სარემონტო, სამშენებლო და საპროექტო სამუშაოების შესრულება. ამჯერად საზოგადოებას შეჩერებული აქვს საქმიანობა და არ ფუნქციონირებს.  იმის გამო, რომ საზოგადოების ბალანსზე არსებული აქტივების ოდენობა ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, საზოგადოების დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად შპს „რედიტის” დავალიანება განცხადების სასამართლოში წარდგენის დღისათვის (2015 წლის 26 თებერვლისათვის) შეადგენს 31991,31 (ოცდათერთმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი მთელი ოცდათერთმეტი მეასედი) ლარს. საწარმოს ბალანსის მიხედვით, 2015 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით საზოგადოების აქტივების ღირებულება შეადგენს 30541 (ოცდაათი ათას ხუთას ორმოცდაერთი) ლარს, საიდანაც 3738 (სამი ათას შვიდას ოცდათვრამეტი) ლარი არის ძირითადი საშუალებების ღირებულება, ხოლო 26803 (ოცდაექვსი ათას რვაას სამი) ლარი კი არის საწარმოს მიერ 2011 წლის 15 ნოემბერს შპს „დინოზე” გაცემული სესხი და მასზე დარიცხული პროცენტები. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ შპს „რედიტის” მოთხოვნის უფლებას (დებიტორულ დავალიანებას) შპს „დინოს” (ს/კ 404895789) მიმართ  არანაირი ღირებულება არ გააჩნია, ვინაიდან შპს „დინოს” არ აქვს რაიმე სახის ქონება, რომლითაც შესაძლებელი იქნება შპს „რედიტის” მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, შპს „რედიტს” ანგარიში გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკში”. სს „საქართველოს ბანკის” მიერ გაცემული ამონაწერით კი დასტურდება, რომ შპს „რედიტს” ანგარიშზე თანხა არ გააჩნია. განმცხადებლის მითითებით, შპს „რედიტს” არ აქვს რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება. მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობითა და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესის საფუძველზე განმცხადებელმა მოითხოვა გაკოტრებულად გამოცხადების გამო მისი რეგისტრაციის გაუქმება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის დანაწესით, 2015 წლის 4 მარტის განჩინებით განცხადება მიიღო წარმოებაში და დაიწყო შპს „რედიტის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება. ამ წარმოების ფარგლებში კრედიტორთაგან მოთხოვნა განაცხადა მხოლოდ სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და ის ამ იურიდიული პირის მტკიცებით შეადგენს 32462,27 ლარს. პირველ კრედიტორთა კრების ფორმატში 2015 წლის 17 და 29 აპრილს ჩატარებულ სხდომებზე მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პრაქტიკულად დაადასტურა მოვალის მიერ განცხადებით მოწოდებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შპს „რედიტს” არ აქვს რაიმე სახის ქონება, მას ჰყავს ერთადერთი დებიტორი შპს „დინოს” (ს/კ 404895789) სახით და მისი დავალიანება შპს „რედიტის” მიმართ შეადგენს 26803 ლარს. მოვალის განმარტების მსგავსად მეურვე აცხადებს, რომ დებიტორული დავალიანების გასტუმრება და შპს ”დინოსაგან” შპს „რედიტის” სასარგებლოდ თანხის ამოღების პერსპექტივა არ არსებობს, რადგან თავად შპს „დინო” არის უქონელი, რაც, თავის მხრივ, დადასტურდა შპს „დინოს” წინააღმდეგ და კრედიტორ შპს „ფლიტის” (ს/კ 202291091) სასარგებლოდ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების პროცესით. რაც შეეხება კრედიტორს – სსიპ – შემოსავლების სამსახურს, მან გაიზიარა მოვალის და მეურვის განმარტებები, მასაც მიაჩნია, რომ მოვალე შპს „რედიტი” არის აბსოლუტურად უქონელი და დაეთანხმა მოსაზრებას, რომ შპს „რედიტის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გაგრძელებას არ აქვს აზრი (იხ. ს.ფ.1-4, 62-63, მოისმინეთ 2015 წლის 17 და 29 აპრილის სხდომების ოქმების აუდიოჩანაწერები).

 

სასამართლომ შეაფასა მოვალის, მეურვის და კრედიტორის განმარტებები, შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ არსებობს მოვალის განცხადების განუხილველად დატოვებისა და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შემდეგი სახის საფუძვლები:

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის   მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ამდენად, აღნიშნული ნორმა ადგენს უქონლობის და ან მცირე ღირებულების აქტივის არსებობისას, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის წარმოების ხარჯების დაფარვას, გაკოტრების საქმის წარმოების გარეშე მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და მისი რეგისტრაციის გაუქმების შესაძლებლობას. თუმცა კანონი ითვალისწინებს ამ შესაძლებლობის გამოყენებისათვის აუცილებელ გარემოებათა მითითების მიუხედავად, გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების და მოვალის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემთხვევასაც. სწორედ ეს შემთხვევაა გათვალისწინებული „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტში. ამ ნორმის თანახმად, თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

სწორედ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით ისარგებლა სასამართლომ შპს ”რედიტის” განცხადების წარმოებაში მიღების და მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განჩინების გამოტანისას. ასეთი განჩინების გამოტანას საფუძვლად დაედო ვარაუდი იმისა, რომ მოვალის აქტივში არსებული დებიტორული დავალიანების ამოღება შესაძლებელია. მაგრამ მას შემდეგ, რაც მეურვემ გადაამოწმა ამ აქტივის ლიკვიდურობა, დადასტურდა და პროცესში მონაწილე კრედიტორმაც გაიზიარა, რომ შპს „რედიტის” მოვალე შპს „დინოსაგან” მისი უქონელობის გამო შეუძლებელია რაიმე თანხის ამოღება. ამდენად, ფაქტი იმის თაობაზე, რომ მოვალე შპს „რედიტის” ქონება ვერ უზრუნველყოფდა გაკოტრების საქმის წარმოების ხარჯების დაფარვას, სარწმუნო გახდა განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.  

სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი ვითარება გვკარნახობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების და შპს ”რედიტის” განცხადების განუხილველად დატოვების აუცილებლობას.

ამასთან, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოებები, რომ შპს ”რედიტის” მიმართ წარმოებული გაკოტრების საქმის მსვლელობისას მხოლოდ ერთმა კრედიტორმა მიმართა სასამართლოს და მეურვეს განცხადებით, ერთადერთმა კრედიტორმა განაცხადა მოთხოვნა მოვალის მიმართ და ისიც დაეთანხმა მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით კრედიტორთათვის გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომელიც გულისხმობს მოვალის აქტივით წარმოების ხარჯების დაფარვის შეუძლებლობის გამო განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან კრედიტორთა მხრიდან 1 თვის ვადაში იმავე მოვალის მიმართ სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანას, უბრალო ფორმალობად იქცევა, ქარწყლდება ინტერესი, რომლითაც კრედიტორმა შეიძლება იხელმძღვანელოს ამ უფლების გამოყენებისას. შესაბამისად, დღის წესრიგში რჩება საკითხი მხოლოდ იმის შესახებ, რომ მოვალე გამოცხადდეს გაკოტრებულად და სამეწარმეო რეესტრში გაუქმდეს მოვალის სუბიექტად რეგისტრაცია.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „რედიტის” (ს/კ 404898189) განცხადება მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად.

2.  შპს „რედიტი” (ს/კ 404898189) გამოცხადდეს გაკოტრებულად და სამეწარმეო რეესტრში გაუქმდეს შპს ”რედიტის” რეგისტრაცია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მოვალე შპს „რედიტმა”.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განიჩნების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                 ბესიკ სისვაძე