(სს "საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის" გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/15245-15
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
31.07.2015 წელი
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი - სს ,,საქართველოს სახელმწიფო დაზღვევა’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 202887064)
დირექტორი, შპს ,,რეაბილიტაციის’’ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა - გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა ერთპიროვნულად განიხილა სს ,,საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის’’ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
გამოარკვია
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის’’ დირექტორმა, შპს ,,რეაბილიტაციის’’ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ბიძინა ჩიკვილაძემ და მოითხოვა სს ,,საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან სს ,,საქართველოს სახელმწიფო დაზღვევას’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ სს ,,საქართველოს სახელმწიფო დაზღვევას’’ არ გააჩნია არავითარი ქონება, არ გააჩნია ფულადი თანხები ანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით.
,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების პერიოდში მზღვეველის გადახდისუუნარობის დადგენისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიწყოს მზღვეველის გაკოტრების საქმისწარმოება, ლიკვიდაციის პროცესის დაწყების გარეშე.
სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის’’ 2015 წლის 18 მაისის №250 წერილში აღნიშნულია, რომ სს ,,საქართველოს სახელმწიფო დაზღვევას’’ 2004 წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუუქმდა მის მიერ დაზღვევის ყველა სახეობაში აღებული სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ლიცენზიები. შესაბამისად, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის რეგულირებიდან გავიდა და განაგრძობდა ფუნქციონირებას როგორც სამეწარმეო სუბიექტი. ამავე წერილის თანახმად, სს ,,საქართველოს სახელმწიფო დაზღვევა’’ როგორც საბიუჯეტო სახსრებით შექმნილი სამეწარმეო სუბიექტები ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიკვიდაციას. ამასთან, როგორც ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის’’ ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა საქართველოში ლიცენზირებულია 15 სხვადასხვა სადაზღვევო კომპანია, რომელთა შორის სს ,,საქართველოს სახელმწიფო დაზღვევა’’ მითითებული არ არის.
სს ,,საქართველოს სახელმწიფო დაზღვევა’’ გასულია სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის’’ რეგულირებიდან, აღარ ახორციელებს ,,დაზღვევის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას და მისი გაკოტრების საქმისწარმოების დაწყება ცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილების ფარგლებს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით სს ,,საქართველოს სახელმწიფო დაზღვევას’’ საბანკო ანგარიშებზე არ ერიცხება თანხა, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე (არ არსებობს არანაირი ქონება) ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს ,,საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის’’ (ს/ნ. 202887064) დირექტორს, შპს ,,რეაბილიტაციის’’ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს ბიძინა ჩიკვილაძეს უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა 5 დღის ვადაში, მხარეზე განჩინების გადაცემის ან გამოცემის დღიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი).
მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი