1. ნაგავსაყრელის მოწყობისას გამოყენებული მასალები, პროდუქტები, სისტემები და ის ტექნიკური სპეციფიკაციები, რომლებიც განსაზღვრავენ მათ ფიზიკურ მახასიათებლებს, უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და უზუნველყოფდნენ ნაგავსაყრელის აუცილებელი გრძელვადიანი დაბინძურების პრევენციას.

2.  ნაგავსაყრელის მოწყობა უნდა განხორციელდეს:

ა) სამშენებლო სტანდარტებისა და სამშენებლო სამუშაოების კონტროლთან, თითოეული აშენებული ელემენტის გამოსაცდელ ამუშავებასთან და ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული წესების (მოთხოვნების) გათვალისწინებით;

ბ) ნაგავსაყრელის ყველა სისტემის და კომპონენტის მიმართ ამ ტექნიკური რეგლამენტისა და ნებართვის პირობების არსებული მოთხოვნების შესაბამისად და ამგვარი შესაბამისობის დადასტურებით.

3.   ნაგავსაყრელის ფსკერის საიზოლაციო ფენის მოწყობის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გეომემბრანის გვერდითი და ქვედა ნაწილების გადაბმის ადგილებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საიზოლაციო სისტემის სრულფასოვანი და ეფექტიანი ფუნქციონირება გამონაჟონის გადინების თავიდან აცილებისა და მისი ეფექტური შეგროვების საშუალებების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

4.   საჭიროების შემთხვევაში ქვედა საიზოლაციო გეომემბრანის დაგების და მონტაჟის წინ უნდა მოეწყოს მიწისზედა სადრენაჟო და წყალგამყვანი სისტემა ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენის ზედაპირულ წყალთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.

5. ნებისმიერი ნაგავსაყრელის გეომემბრანის გვერდითი ნაწილები უნდა წარმოადგენდნენ ქვედა საიზოლაციო გეომემბრანის გაგრძელებას და მთლიანად ფარავდნენ გვერდითი ჯებირების შიდა მხარეს.

6. ქვედა და ზედა საიზოლაციო სისტემების კომპონენტების მონტაჟით (გეომემბრანების დაგებისა და საჭიროების შემთხვევაში მისი ნაწილების შეერთების ჩათვლით) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი:

ა)   ნარჩენების მოსალოდნელი დატვირთვით გამოწვეულმა დეფორმაციამ და ჯდენამ არ უნდა შეუქმნას საფრთხე გეომემბრანისა და საიზოლაციო ფენების მთლიანობას;

ბ) ქვედა და ზედა საიზოლაციო ფენის სისტემისათვის გამოყენებული მასალების ხარისხი და ფორმა უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკურ რეგლამენტში წარმოდგენილ მოთხოვნებს;

გ) მშენებლობის დროს მინერალურ ფენაში გამოყენებული მასალის სიმკვრივის, წყლის შემცველობისა და ერთგვაროვნების ხარისხი უნდა განისაზღვროს  ტესტირებისა და შესაბამისობის დადგენის მეთოდებით ამ ტექნიკური რეგლამენტის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასადგენად საფენის ზედაპირის ყოველი 1000 მ2 ფართობის მქონე სექციაზე;

დ) ყველა ობიექტის სიმაღლე და დახრილობა უნდა შეესაბამებოდეს ნაგავსაყრელის დამტკიცებულ პროექტში განსაზღვრულ სიდიდეებს;

ე) ნაგავსაყრელის ქვედა საფენისა და ზედაპირის საიზოლაციო სისტემის მოწყობაში გამოყენებული გრუნტის მასალის სიმკვრივე უნდა გადამოწმდეს სულ მცირე დაგებული მასალის ყოველ 100 მ2-ზე;

ვ) დაგებული მინერალური გამტარუნარიანობის კოეფიციენტი უნდა გადამოწმდეს შესაფერისი ლაბორატორიული ან საველე ტესტებით დაგებული მასალის ყოველ 2000 მ2-ზე.

თავი III

ოპერირება და ტექნიკური მომსახურე