1. დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:

ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;

გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა;

დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;

ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით;

ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა;

ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობა დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე;

თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;

ი) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა;

კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

ლ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება პალატიდან პალატაში ან დაწესებულების გარეთ;

მ) დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი სამკურნალო რეჟიმისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.

2. დისციპლინური დარღვევის აღმოჩენის დროს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე/მოსამსახურეები ადგენს ოქმს დისციპლინური დარღვევის შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დარღვევის დრო, ადგილი, მნიშვნელოვანი გარემოებები, დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დარღვევის მოწმე, დაზარალებული და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ოქმის შედგენისას დარღვევის მოწმედ არ შეიძლება განიხილებოდეს ოქმის შემდგენი მოსამსახურე.

3. ოქმის შედგენის დროს, აგრეთვე საქმისწარმოების შემდგომ ეტაპებზე, მკიცებულებების შეგროვების მიზნით, დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ფოტო, ვიდეო და აუდიოაპარატურა.

4. თუ არსებობს ნივთიერი მტკიცებულებები ისინი ამოიღება, შეიფუთება, დაილუქება, მიეთითება რომელ საქმეზე და როდის არის დალუქული და შეინახება ერთი თვე ან დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

5. თუ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება წარმოადგენს აკრძალულ ნივთს, ის განადგურდება შენახვის ვადის გასვლიდან ერთი კვირის განმავლობაში, ან გადაეცემა ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო, თუ ის არ წარმოადგენს დაწესებულებაში აკრძალულ ნივთს, იგი დაუბრუნდება შესაბამის პირს.

6. დარღვევის ოქმის შედგენის შემდგომ, შემდგენი პირებიდან თანამდებობით ან/და წოდებით უფროსი მოსამსახურე უზრუნველყოფს ოქმის ადმინისტრაციულ განყოფილებაში რეგისტრაციას და პატაკით დირექტორისთვის წარდგენა