1. მზღვეველი, დაზღვევის შუამავალი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვა მომხმარებელთან წინასახელშეკრულებო ურთიერთობის, ხელშეკრულების მოქმედებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულების ყველა ეტაპზე ამ კანონისა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. მზღვეველი ასევე ვალდებულია დაიცვას მომხმარებელთა უფლებები სამსახურის მიერ დადგენილი წესით და მზღვეველის მომხმარებელთა უფლებების დაცვის შიდა პოლიტიკისა და მზღვეველის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცედურების შესაბამისად.
2. სამსახური უფლებამოსილია მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის, დაზღვევის შუამავლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას და გამოსცეს სამართლებრივი აქტები, განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები და შესაბამისი შეზღუდვები.
3. სამსახური უფლებამოსილია მომხმარებლის უფლებების დაცვის ზედამხედველობის მიზნით საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად გამოითხოვოს და დაამუშაოს განმცხადებლის ან/და სხვა მომხმარებლის (მომხმარებლების) შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, ხოლო მზღვეველი და სადაზღვევო ბროკერი ვალდებული არიან სამსახურს მიაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია.
4. მომხმარებელს უფლება აქვს, მზღვეველის ან დაზღვევის აგენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს მზღვეველის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, სასამართლოს ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ნებისმიერ სხვა საჯარო დაწესებულებას ან კერძო დაწესებულებას, ხოლო მზღვეველის ან დაზღვევის აგენტის მიერ მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში − მიმართოს აგრეთვე სამსახურს.
5. მომხმარებელს უფლება აქვს, სადაზღვევო ბროკერის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ნებისმიერ სხვა საჯარო დაწესებულებას ან კერძო დაწესებულებას, ხოლო სადაზღვევო ბროკერის მიერ მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში − მიმართოს აგრეთვე სამსახურს.
6. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მონაწილეს ან ბენეფიციარს უფლება აქვს, აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის მიერ იმავე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში პრეტენზიით მიმართოს აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველს ან საპენსიო კომპანიას ან/და სამსახურს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2019 წლის 3 სექტემბრის კანონი №4939 - ვებგვერდი, 09.09.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 23 ივნისის კანონი №1687 – ვებგვერდი, 05.07.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3340 – ვებგვერდი, 19.07.2023