ა) უფლებამოსილების მინიჭება − საქართველოს მიერ აღიარებული ორგანიზაციისთვის უფლებამოსილების დელეგირების (გადაცემის) სათანადო აქტი;

ბ) გემი − საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველა ტიპის გემი;

გ) საქართველოს გემი − ამ კოდექსის დებულებების შესაბამისად საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი;

დ) გემთმფლობელი − გემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი;

ე) სატვირთო გემი − გემი, რომელიც სამგზავრო გემი არ არის;

ვ) სამგზავრო გემი − გემი, რომელიც იტევს 12 მგზავრზე მეტს და რომელზედაც მგზავრი არის ნებისმიერი პირი, გარდა:

ვ.ა) კაპიტნისა, ეკიპაჟის წევრებისა და გემზე დასაქმებული სხვა პირებისა;

ვ.ბ) 1 (ერთ) წლამდე ასაკის ბავშვისა;

ზ) სატვირთო გემის უსაფრთხოების რადიოკავშირის რადიომოწმობა − მოწმობა, რომელიც გათვალისწინებულია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესწორებული რადიოწესებით;

თ) კლასის მოწმობა − აღიარებული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული და გამოქვეყნებული წესებისა და პროცედურების საფუძველზე მათ მიერვე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გემის განსაზღვრულ მიზნებთან ან მომსახურებასთან შესაბამისობას;

ი) ინსპექტირება და შემოწმება − საქართველოს გემის აუცილებელი ინსპექტირება და შემოწმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის აქტების, სტანდარტების, რეზოლუციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე;

კ) საერთაშორისო კონვენცია − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია, რომლის მონაწილეც არის საქართველო;

ლ) ადგილსამყოფელი − რეგისტრირებული ოფისის ადგილსამყოფელი, ცენტრალური ადმინისტრაციის ან ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის ადგილი;

მ) გემის ოპერატორი − გემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც შესაძლებელია იყოს მენეჯერი ან გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი (ბერბოუტ-ჩარტერერი), რომელსაც გემთმფლობელმა დააკისრა გემის მართვის პასუხისმგებლობა და რომელმაც ამ პასუხისმგებლობის აღებისას განაცხადა თანხმობა, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და იკისროს სათანადო პასუხისმგებლობა;

ნ) კონტროლი ორგანიზაციასთან მიმართებით − უფლებები, კონტრაქტები ან სხვა, კანონით განსაზღვრული ან ფაქტობრივი საშუალებები, რომლებიც ცალმხრივად ან ერთობლივად ანიჭებს პირს შესაძლებლობას, გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს იურიდიულ პირზე ამ კოდექსით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად;

ო) წესები და პროცედურები − აღიარებული ორგანიზაციის მიერ გემის დიზაინის, კონსტრუქციის, აღჭურვილობის, მოვლა-შენახვისა და შემოწმების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, რომლებიც შეთანხმებულია სააგენტოსთან;

პ) მინისტრი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

ჟ) ორგანიზაცია − იურიდიული პირი, კერძოდ, საკლასიფიკაციო საზოგადოება ან სხვა კერძო დაწესებულება, მისი ფილიალი, მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პირი, რომლებიც ერთობლივად ან ცალ-ცალკე ახორციელებენ ისეთ საქმიანობას, რომელიც ამ კოდექსის მოქმედების სფეროში ექცევა;

რ) გემების შემმოწმებელი − პირი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოში გემების შემმოწმებლად ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად;

ს) აღიარებული ორგანიზაცია − ამ კოდექსის თანახმად აღიარებული ორგანიზაცია;

ტ) სავალდებულო მოწმობა − საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს მიერ ან საქართველოს სახელით გაცემული მოწმობა;

უ) IMO-ს A.1070 (28) რეზოლუცია − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2013 წლის 4 დეკემბრის რეზოლუცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ინსტრუმენტების საიმპლემენტაციო კოდექსის (III კოდექსის) შესახებ;

ფ) IMO-ს A.739 (18) რეზოლუცია − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1993 წლის 4 ნოემბრის რეზოლუცია ადმინისტრაციის სახელით მოქმედი ორგანიზაციებისათვის უფლებამოსილების მისანიჭებლად სახელმძღვანელოს შესახებ;

ქ) MSC/Circ. 710 და MEPC/Circ. 307 ცირკულარები – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1995 წლის 9 ოქტომბრის ცირკულარები ადმინისტრაციის სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციებისათვის უფლებამოსილების გადაცემის ხელშეკრულების მოდელის შესახებ;

ღ) გადამცემი ორგანიზაცია − გემის მიერ კლასის შეცვლისას ის აღიარებული ორგანიზაცია, რომლის კლასიც ჰქონდა გემს;

ყ) მიმღები ორგანიზაცია − გემის მიერ კლასის შეცვლისას ის აღიარებული ორგანიზაცია, რომლის კლასიც ექნება გემს.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023