შპს „ელიტ-პრო“-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/
3868
-201
0
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
2015 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა შპს. ,,ელიტ-პროს” კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,ელიტ-პროს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ივნისის განჩინებით შპს ,,ელიტ-პროს” განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულიიქნა წარმოებაში. მოვალის განცხადების და მეურვის ინფორმაციის მიხედვით, უძრავი ნივთი საწარმოს საკუთრებაში არ არის, მოძრავი ნივთებიდან საწარმოს საკუთრებაში აქვს სალარო აპარატი, ასევე ფიქსირდება დებიტორული დავალიანებები.
2010 წლის 22 ივლისს, შპს ,,ელიტ-პროს” კრედიტორთა პირველ კრებაზე განხილული იქნა კრედიტორთა მოთხოვნები, დამტკიცდა კრედიტორთა რეესტრი, საზოგადოების მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად კრედიტორთა გადაწყვეტილების შესაბამისად დაინიშნა ელენე დოლიძე.
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2011 წლის 28 დეკემბრის (№5668−რს) საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული მეურვე/გაკოტრების მმართველი ვალდებული გახდა 2012 წლის 1 თებერვლამდე გადაეცა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მის წარმოებაში არსებული გადახდისუუნარობის საქმეები, რომლებზედაც სასამართლომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება 2011 წლის 1 აგვისტომდე მიიღო. აღნიშნული საქმეების წარმოება უნდა გაგრძელებულიყო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით. ამ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შპს ელიტ-პროს” გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიურო“.
2015 წლის 12 აგვისტოს შპს ელიტ-პროს” კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველმა წარმოადგინა ანაგრიში, რომლის მიხედვით შპს ელიტ-პროს” დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით არსებობს მხოლოდ დებიტორთა ბრუნვითი უწყისი და მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა. ყველა დებიტორს გაეგზავნა წერილები და განემარტა დაეფიქსირებინა პოზიცია, იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა ვალის აღიარება, ვალის აღიარების საფუძველზე მოხდებოდა მოთხოვნის წაყენება დებიტორებისათვის, მაგრამ მხოლოდ ორმა საწარმომ მომართა გაკოტრების მმართველს და წარუდგინა ქვითრები, რომლითაც დასტურდება, რომ შპს ელიტ-პროს” მიმართ ამ ორ საწარმოს დავალიანება დაფარული აქვს. გაკოტრების მმართველის ინფორმაციით კომპანიას აქვს სამი სალარო აპარატი, რომელთა ღირებულება შეადგენს 15 ლარს.
2015 წლის 19 აგვისტოს შპს ,,ელიტ-პროს” კრედიტორთა კრებაზე კრედიტორებმა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 53 პუნქტის თანახმად მიიღეს გადაწყვეტილება დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით დავის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა გაკოტრების მმართველის და კრედიტორთა განმარტებები, მიაჩნია, რომ შპს ,,ელიტ-პროს” მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს ,,ელიტ-პრო” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ გამოვლინდა, რომ შპს ,,ელიტ-პროს” ქონება არ გააჩნია და ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით კრედიტორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება დავის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, რის გამოც უნდა შეწყდეს შპს ,,ელიტ-პროს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
ამასთან, ვინაიდან შპს ,,ელიტ-პროს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მიმდინარეობს 2010 წლის 15 ივლისიდან, მეურვის და გაკოტრების მმართველის მიერ დადგენილი იქნა ყველა კრედიტორი, რომელთაც გაეგზავნათ შეტყობინებები, კრედიტორების მიერ წარმოდგენილი იქნა მოთხოვნები, რომლებიც განხილულია, სასამართლოს მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კრედიტორებისათვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოსადგენად საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განსაზღვრის საფუძველი აღარ არსებობს, შპს ,,ელიტ-პრო” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ელიტ-პროს” (ს/ნ 205193976) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2. შპს ,,ელიტ-პრო” (ს/ნ 205193976) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ელიტ-პროს” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განიჩნების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი