საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №54/2015
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016218
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 20.06.2003
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№54/2015
2015 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების გამოქვეყნების დღიდან არაუგვიანეს მისი პირველი მუხლის ამოქმედებამდე, ცესკოს აპარატის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა უზრუნველყოს აპარატის შესაბამის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ ცესკოს დადგენილების პროექტების მომზადება და ცესკოსთვის წარდგენა.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, ცესკოს აპარატის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა, უზრუნველყონ ცესკოს/ცესკოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი და მე-2 მუხლებისა. ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
დანართი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო) უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებას, საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების სრულ და განუხრელ განხორციელებას, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას.
თავის საქმიანობაში იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებითა და ამ რეგლამენტით.
რეგლამენტი განსაზღვრავს ცესკოს უფლებამოსილებათა განხორციელების წესს, პროცედურას, ცესკოს აპარატის სტრუქტურას და სავალდებულოა კომისიის ყველა წევრისა და აპარატის თანამშრომლებისათვის, აგრეთვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაქვემდებარებული ყველა ორგანოსათვის.
ცესკოს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი და ტვიფრი, გაერთიანებულია ხაზინაში.
ცესკოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0131, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი.
ცესკოს ხელმძღვანელობს და წარმოადგენს მისი თავმჯდომარე.
ცესკო მუშაობს კვირაში ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, სამუშაო დღის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე).
საარჩევნო პერიოდში ცესკოს მუშაობის პერიოდულობა და სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვრება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით.
ცესკოს სამართლებრივი აქტებია:
ა) ცესკოს დადგენილება;
ბ) ცესკოს განკარგულება;
გ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება;
დ) ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება;
ე) ცესკოს მდივნის განკარგულება;
ვ) ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
მუხლი 2🔗.
ცესკოს უფლებამოსილება
ცესკო:
დადგენილებით იღებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტს;
გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე;
განკარგულებით განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინფორმირების პირობებსა და წესს;
განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს და აზუსტებს მათ საზღვრებს;
აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა;
თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამ კომისიას და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება;
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს;
განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე, ხელახალ და შუალედურ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს;
საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საარჩევნო დავების განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით ბათილად ცნობს ან ცვლის მათ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემთხვევაში ცესკომ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე;
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს;
დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს;
განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ფორმას; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერის, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს; საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს;
ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელსაც წარუდგენს ანგარიშს ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში;
უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის/არჩევნების შედეგების კომპიუტერულ დამუშავებას და დაუყოვნებლივ განთავსებას ცესკოს ვებგვერდზე, ხოლო ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის ცესკოს ვებგვერდზე განთავსებასაც;
წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშებს;
უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის გამოქვეყნებასა და გავრცელებას;
დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულებას და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსების დებულებებს;
უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული სწავლების მონიტორინგს;
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი, მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის –
აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით –
ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის. საარჩევნო უბნების იმ ამომრჩეველთა საარჩევნო სიები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე საარჩევნო პერიოდში მათთვის გასაგებ ენაზედაც უნდა განთავსდეს;
დადგენილებით განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებით წესს და კენჭისყრის პროცედურებს;
განკარგულებით ამტკიცებს საშტატო განრიგს და ხარჯთაღრიცხვას ცესკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე;
დადგენილებით ამტკიცებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური სწავლების წესსა და პირობებს;
განკარგულებით ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას;
აწარმოებს იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზას, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ; რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან; რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;
დადგენილებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულებას;
დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს;
განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს;
განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ გეგმას, ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას და სამოქმედო გეგმის შემუშავების, დამტკიცების, კორექტირებისა და შესრულების წესს;
განკარგულებით ადგენს საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში არჩევნების ჩატარების წესსა და ვადებს;
განკარგულებით ადგენს მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის;
დადგენილებით ადგენს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესს;
განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების/თანადაფუძნებისა და წესდების შესახებ;
განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, კანონით უფლებამოსილი პირისაგან გრანტის მიღების შესახებ და უფლებამოსილია გამოიყენოს იგი ამ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;
ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი II
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები
მუხლი 3🔗.
ცესკოს ხელმძღვანელი პირები
ცესკოს ხელმძღვანელი პირები არიან:
ცესკოს თავმჯდომარე;
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე;
ცესკოს მდივანი.
მუხლი 4🔗.
ცესკოს თავმჯდომარე
ცესკოს თავმჯდომარე:
ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ცესკოში;
უძღვება ცესკოს სხდომებს;
განკარგავს ცესკოს ფინანსურ სახსრებს;
რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის), მათ წარმომადგენლებს ცესკოში;
რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს, პარტიულ სიებსა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს;
სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს;
სათანადო მოწმობებს აძლევს საქართველოს პრეზიდენტობისა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს;
სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის მერსა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრს, საქართველოს პარლამენტის წევრისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ უფლებამონაცვლეებს;
საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნის შემდეგ − ამ კომიტეტს გადასცემს პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;
ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ცესკოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას განსაზღვრული ვადით ავალებს ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;
საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს;
ხელს აწერს ცესკოს დადგენილებებსა და განკარგულებებს, ასევე, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებებს;
ხელს აწერს ცესკოს სხდომის ოქმებს და კომისიის სახელით გასულ დოკუმენტაციასა და კორესპონდენციას;
გამოსცემს ბრძანებებს შიდაუწყებრივ, მათ შორის, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
გასცემს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების საფუძველზე;
ნიშნავს და ათავისუფლებს ცესკოს აპარატის თანამშრომლებს;
წარმოადგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სხვა პირებთან, მათ შორის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან ურთიერთობაში;
ბრძანებით განსაზღვრავს ცესკოს აპარატში სტაჟიორთა მიღებისა და სტაჟირების გავლის წესს;
საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულიდან ნიშნავს გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების აღრიცხვის, გამოყენებისა და შენახვისათვის პერსონალურად პასუხისმგებელ პირებს და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) ქმნის და ნიშნავს გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების არსებობის, გამოყენებისა და შენახვის შემმოწმებელი კომისიის წევრებს.
მუხლი 5🔗.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე:
ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ ცესკოს არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და ცესკოს თანხმობით ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
მუხლი 6🔗.
ცესკოს მდივანი
ცესკოს მდივანი:
ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და ცესკოს სახელზე შესულ კორესპონდენციას;
რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ცესკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;
განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;
ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებასა და დღის წესრიგის შედგენას;
ხელს აწერს კომისიის დადგენილებებსა და განკარგულებებს;
გამოსცემს განკარგულებებს;
ცესკოს სამსახურებს შორის ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი III
ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი
მუხლი 7🔗.
ცესკოს აპარატი
არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის, ასევე ცესკოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება და ფუნქციონირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი, რომლის სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით.
აპარატს საერთო ხელმძღვანელობას უწევს ცესკოს თავმჯდომარე.
მუხლი 8🔗.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში იქმნება და ფუნქციონირებს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი:
ა.ა) საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის მართვის განყოფილება;
ა.ბ) საარჩევნო პროცედურებისა და საოქმო შედეგების განყოფილება.
ბ) იურიდიული დეპარტამენტი:
ბ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ.ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების განყოფილება.
გ) სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
გ.ა) საქმისწარმოების განყოფილება;
გ.ბ) რეგისტრაციების განყოფილება.
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი:
დ.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების განყოფილება;
დ.ბ) პროტოკოლის და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილება.
ე) საფინანსო დეპარტამენტი:
ე.ა) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;
ე.ბ) მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის განყოფილება;
ე.გ) ბიუჯეტის მართვის, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება.
ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი:
ვ.ა) მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილება;
ვ.ბ) პროგრამული უზრუნველყოფისა და კომპიუტერული ქსელების მართვის განყოფილება.
ზ) კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;
თ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
ი) შიდა აუდიტის სამსახური.
ცესკოს აპარატის მოხელეთა თანამდებობებია:
ა) დეპარტამენტის უფროსი;
ბ) სამსახურის უფროსი;
გ) განყოფილების უფროსი;
დ) თავმჯდომარის მრჩეველი;
ე) ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი;
ვ) ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი;
ზ) მთავარი ბუღალტერი (III კატეგორია);
თ) სპეციალისტი (I, II, III კატეგორია);
ი) ცესკოს თავმჯდომარის თანაშემწე;
კ) ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე;
ლ) ცესკოს მდივნის თანაშემწე;
მ) დამხმარე მოსამსახურე.
ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების და მოხელეთა უფლებამოსილებანი და მათი საქმიანობის წესი განსაზღვრულია ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, ცესკოს აპარატის უფლებამოსილებათა გადანაწილების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით და სამუშაოთა აღწერილობით.
ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ერთეულის დებულებები მტკიცდება ცესკოს განკარგულებით, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სამუშაოს აღწერილობის ფორმა ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით.
საჭიროებისამებრ, კომისიის დადგენილებით იქმნება სხვა მუდმივი ან/და დროებითი სტრუქტურული ერთეულები.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრუქტურული ერთეულების მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მტკიცდება ცესკოს დადგენილებებით.
თავი IV
ცესკოს სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 9🔗.
ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების საერთო ვალდებულებები
ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულები ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტით, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით.
ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს მისი უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცესკოს თავმჯდომარე. სტრუქტურული ერთეულის უფროსი ასრულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და კომისიის წევრთა დავალებებს, რომელიც ამ ერთეულის კომპეტენციაში შედის.
ცესკოს აპარატის ყველა სტრუქტურული ერთეული:
ა) აღრიცხავს მათ ხელთ არსებულ დოკუმენტაციას;
ბ) ცესკოს სხდომის დღემდე, არაუგვიანეს 24 საათისა (გარდა საარჩევნო პერიოდისა), ცესკოს სხდომებზე განსახილველი, მათ მიერ მომზადებული და ხელმოწერილი დადგენილების და/ან განკარგულებების პროექტებს, იურიდიული დეპარტამენტის სამართლებლივი უზრუნველყოფის განყოფილების ვიზირებით გადასცემს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს;
გ) ცესკოს სხდომის მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა (გარდა საარჩევნო პერიოდისა) საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებულ, მათ მიერ მომზადებული დადგენილებების ან/და განკარგულებების საბოლოო ვარიანტს გადასცემს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს;
დ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა პირადი ნომრებისა და ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე, ასევე სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე სხვა ინფორმაციის დაცვაზე;
ე) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მონაწილეობს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული და ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავებაში;
ვ) ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული წესის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;
ზ) ვალდებულია დაიცვას საარჩევნო ადმინისტრაციის ეთიკის კოდექსი.
მუხლი 10🔗.
საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი
ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:
ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;
კოორდინაციას და მეთოდურ დახმარებას უწევს ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს;
აგროვებს და ამოწმებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ;
აგროვებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრებში ცვლილების შესახებ;
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს;
ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს აცნობებს ინფორმაციას ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. ელექტრონული ან მატერიალური ფორმით გადასცემს მათ ცესკოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებს;
საჭიროების შემთხვევაში, კომპიუტერული/სტატისტიკური დამუშავებისათვის, გადასცემს ინფორმაციას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
საფინანსო დეპარტამენტთან ერთად ადგენს არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საჭირო დაფინანსების გეგმას;
ადგენს და საფინანსო დეპარტამენტს გადასცემს ინფორმაციას არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ინვენტარისა და სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის რაოდენობის შესახებ;
ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის პროექტს;
აწვდის მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტმენტს ცესკოს ვებგვერდზე განსათავსებლად;
ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ფორმით იღებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა დოკუმენტაციას;
საფინანსო დეპარტამენტთან კოორდინაციის გზით, უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების ორგანიზებას;
იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად, საარჩევნო პერიოდში ახორციელებს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას (ინფორმაციის განთავსებას და გამოქვეყნებას);
საფინანსო დეპარტამენტთან კოორდინაციის გზით, ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიების ტექნიკური ბაზის, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ორგანიზებასა და საამისოდ აუცილებელი საშუალებებით უზრუნველყოფას;
ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს და სხვა დოკუმენტაციას შესანახად გადასცემს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს;
ამზადებს და ადგენს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმებსა და საბუთების სახეებს, ამზადებს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტებს და ვიზირებისათვის გადასცემს შესაბამის დეპარტამენტს/სამსახურს;
ახდენს საარჩევნო ციკლის ხარისხის კონტროლის პროცედურების მართვას;
უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისათვის სტამბის ორგანიზაციასა და პოლიგრაფიული საქმიანობის გამართულ ფუნქციონირებას;
უზრუნველყოფს კოორდინაციას საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებთან საარჩევნო სიებში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების აღრიცხვის მიზნით;
პერიოდულად ახდენს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მუშაობის ადგილზე ანალიზს, ხარვეზების და პრობლემების იდენტიფიცირებას, შესაბამისი ანგარიშის მომზადებას და ხარვეზების აღმოფხვრის/პრობლემების გადაჭრის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
ახდენს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული რისკების (არსებულის და პოტენციურის) იდენტიფიცირებას, შეფასებას და რისკების ეფექტურად მართვი მიზნით, რეკომენდაციების შემუშავებას;
ზედამხედველობს დეპარტამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს მიერ შესრულების პროცესს;
მონიტორინგს უწევს ქვემდგომის საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის ორგანიზებისა და ჩატარების პროცესს და არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დასრულების შემდგომ, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა ცესკო ხელმძღვანელობას წარუდგენს პროცესების შეფასების შესახებ დასკვნას;
დაუყოვნებლივ გადაცემს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს საოლქო საარჩევნო კომისიებისგან მიღებულ ინფორმაციას და შესაბამის დოკუმენტაციას იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;
ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.
მუხლი 11🔗.
იურიდიული დეპარტამენტი
ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:
ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;
არჩევნებთან/რეფერენდუმთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე უწევს კონსულტაციებს ცესკოს წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს;
იხილავს არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებულ განცხადება/საჩივრებს და დასკვნებს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს ან/და ცესკოს;
წარმოადგენს ცესკოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში, კანონმდებლობიდან გამომდინარე დავების განხილვისას;
ცესკოს სათანადო სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ამზადებს სასამართლოში წარსადგენ საჭირო მასალას;
საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყავს ცესკოს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტები. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს;
ახდენს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge) განთავსებული სისტემატიზებული (კოდიფიცირებული) ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიების საჭიროებისამებრ მოძიება-დამუშავებას, ცესკოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის საჭიროებისამებრ ნორმატიული აქტების ან/და მათი ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და მიწოდებას;
ახდენს ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შედგენილი ხელშეკრულებების იურიდიული მხარის ვიზირებას;
ახდენს ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებლივი აქტების პროექტების ვიზირებას;
საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტთან ერთად, საარჩევნო პერიოდში ახორციელებს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას (ინფორმაციის შეგროვებას, განთავსებასა და გამოქვეყნებას);
როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში იურიდიულ კონსულტაციას უწევს საოლქო საარჩევნო კომისიებს;
ახდენს დასრულებული სასამართლო პროცესების აღრიცხვასა და ანალიზს;
ახდენს ცესკოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;
ახდენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;
დაუყოვნებლივ გადაცემს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას და შესაბამის დოკუმენტაციას იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;
ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.
მუხლი 12🔗.
სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:
ორგანიზებას უწევს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ერთიან სისტემას;
ახდენს შემოსული და გასული ყველა სახის კორესპონდენციის მიღებას, რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის დროულად მიწოდებას;
გადასცემს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს”, მის ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით;
უზრუნველყოფს დოკუმენტაციის გაგზავნას;
მართავს ცესკოს არქივს;
კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს ცესკოს დადგენილებების ან/და ცესკოს/ცესკოს თავმჯდომარის/ცესკოს მდივნის განკარგულებების პროექტებს;
ადგენს ცესკოსა და ცესკოს სამუშაო ჯგუფების სხდომის ოქმებს;
ელექტრონულად ათავსებს ცესკოს სხდომებისათვის მასალებს;
უზრუნველყოფს გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების დამზადების, გამოყენებისა და შენახვის კონტროლს, აღრიცხვას, განადგურებას და შენახვას სათანადოდ ჩაკეტილ და დაცულ ადგილას, „იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესების განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული” საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის №2858-Iს დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად გერბიანი ბლანკების აღრიცხვისათვის სააღრიცხვო-სარეგისტრაციო ფორმის (ბარათი, ჟურნალი) შემუშავებას და ფორმების დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურაში შეტანას;
ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან მატერიალური ფორმით იღებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა დოკუმენტაციას და უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტაციის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტისათვის დაუყოვნებლივ გადაცემას;
კომპეტენციის ფარგლებში, იცავს და ასრულებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს;
უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტისაგან გადმოცემული ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული შემაჯამებელი ოქმების და სხვა დოკუმენტაციის სათანადო წესით შენახვას/დაარქივებას;
მართავს ცესკოს საშვთა ბიუროს;
უზრუნველყოფს საკრებულოს/საქართველოს პარლამენტს გამოკლებული წევრების ნაცვლად შესაბამისი პარტიული სიიდან მათი ადგილმონაცვლეებისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნას;
ახდენს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ამომრჩევლისათვის პასიური საარჩევნო და საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებების ჩამორთმევის შესახებ ცესკოში შემოსული სასამართლოს განაჩენების აღრიცხვას;
ახორციელებს საარჩევნო კოდექსით ცესკოს მდივნისათვის განკუთვნილი უფლებამოსილებების შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, კერძოდ, საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტების, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების რეგისტრაციისა და სააკრედიტაციო დოკუმენტაციის მომზადებას;
უზრუნველყოფს პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით რეგისტრაციის პროცესის ადმინისტრირებას (ამოწმებს, ამზადებს და ინახავს რეგისტრაციისათვის განკუთვნილ მასალებს);
ამოწმებს პოლიტიკური პარტიების/პრეზიდენტობის კანდიდატთა/სარეფერენდუმო საკითხის მხარდამჭერთა სიებს;
უზრუნველყოფს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებისათვის, საქართველოს პრეზიდენტობისა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებისათვის სათანადო მოწმობების დამზადებას;
ამოწმებს პარტიულ სიებსა და კანდიდატთა სააღრიცხვო ბარათებს;
უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის/თბილისის საკრებულოს/ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის პროცედურების შესაბამისი ნორმების განხორციელებას;
დეპარტამენტის/სამსახურისგან მიღებული პროექტების საფუძველზე ადგენს ცესკოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს და წარუდგენს ცესკოს მდივანს;
ცესკოს მდივნის განკარგულებების საფუძველზე ამზადებს პრესის აკრედიტაციას;
ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.
მუხლი 13🔗.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას ცესკოს მისიის, საქმიანობისა და პერსონალის შესახებ;
არეგულირებს ცესკოს ურთიერთობას პრესასთან, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
გეგმავს და ორგანიზებას უწევს პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
უზრუნველყოფს ცესკოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და საზოგადოებისათვის მიწოდებას;
აკეთებს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ყოველდღიურ მიმოხილვას და წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს;
აწარმოებს პრესის არქივს;
ამზადებს ცესკოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ოფიციალურ შეტყობინებებს, განცხადებებსა და საინფორმაციო ხასიათის მასალებს და უზრუნველყოფს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მათ გავრცელებას;
ამზადებს პრესრელიზებს, ბიულეტენებს, მიმოხილვებს, სტატიებს და ავრცელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ცესკოს მიმდინარე საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და დაინტერესებული პირებისთვის პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ჩატარებას;
გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს კონფერენციების, პრეზენტაციების, თემატური სემინარებისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების ჩატარებას;
გეგმავს და ახორციელებს ღონისძიებებს საარჩევნო საკითხებზე ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით;
გასცემს ინფორმაციას კანონით დადგენილი წესით და უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას;
ადმინისტრირებას უწევს ცესკოს ვებგვერდს;
უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 51-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლების მიერ ამავე მუხლის 62 პუნქტის შესაბამისად გადაცემული, ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკისა და სარეკლამო დროის ფასის შესახებ ინფორმაციის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას, მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში;
უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 51-ე მუხლის 62 პუნქტით განსაზღვრული, ცესკოსათვის მაუწყებლის მიერ (რომელშიც სუბიექტმა შეიძინა სარეკლამო დრო) გადაცემული რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ (თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და სარეკლამო დროის ხანგრძლივობა), აგრეთვე ამ მუხლის 61 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილ სარეკლამო დროში რეკლამის განთავსების გრაფიკის თაობაზე ინფორმაციის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას, მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში;
უზრუნველყოფს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოსაქვეყნებლად, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის, ცესკოს ვებგვერდზე, კოდექსით დადგენილ ვადებში გამოქვეყნებას;
კოორდინაციას უწევს ცესკოს საგარეო ურთიერთობებს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების საარჩევნო სტრუქტურებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან;
გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ცესკოს წარმომადგენლების ვიზიტებს საზღვარგარეთ;
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ცესკოს განკარგულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, უზრუნველყოფს „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის შესრულებას;
გეგმავს და ორგანიზებას უწევს უცხოური დელეგაციების ვიზიტებს ცესკოში;
თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადგენს პროექტებს და კონცეფციებს, წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს ან/და საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს;
გეგმავს და ორგანიზებას უწევს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა ქვეყნების დელეგაციებთან შეხვედრებს და მოლაპარაკებებს;
წარმოადგენს საკონტაქტო სამსახურს ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან ურთიერთობისას;
ზედამხედველობას უწევს აღნიშნული ორგანიზაციების ინფორმაციულ უზრუნველყოფას;
ახდენს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკისა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას;
ხელს უწყობს ცესკოს პროაქტიულ კომუნიკაციაში დაინტერესებულ მხარეებთან (მედია, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები);
ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მოთხოვნის საფუძველზე ორგანიზებას უწევს ყველა დონის საპროტოკოლო ღონიძიებას;
ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.
მუხლი 14🔗.
საფინანსო დეპარტამენტი
ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით უზრუნველყოფს:
პროგრამული ბიუჯეტ(ებ)ის შემუშავებას (პროგრამა, ქვეპროგრამა, ღონისძიება);
საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტის პროექტის (საბიუჯეტო განაცხადის) შემუშავებას;
საარჩევნო ადმინისტრაციის ფინანსური საქმიანობის კოორდინაციას;
ბიუჯეტის მართვას, ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებას, ბიუჯეტის შესრულების კონტროლს, ბიუჯეტის შესრულების წლიური და კვარტალური ანგარიშების შედგენას;
საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმის პროექტის მომზადებას;
წლიურ საბიუჯეტო კანონზე დაყრდნობით ხარჯების კვარტალურ განწერას;
სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის მომზადებას;
საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის – პროგრამების, ქვეპროგრამების, ღონისძიებების – ანალიზი შეფასების კრიტერიუმების (ინდიკატორების) მიხედვით კოორდინაციას;
ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში განსაზღვრულ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული დადგენილებებისა და განკარგულებების პროექტების მომზადებას;
წლიური შესყიდვების გეგმის შედგენას მოსალოდნელი მოთხოვნილების გეგმის საფუძველზე: წლიური გეგმის შეჯერებას, დამტკიცებასა და კორექტირების მოხდენას;
სახელმწიფო შესყიდვებს, შესყიდვებთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მონიტორინგს;
სახელმწიფო შესყიდვაზე ანგარიშების შედგენას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბუღალტრული ოპერაციების დოკუმენტურ გაფორმებასა და მათ ასახვას საბუღალტრო რეგისტრში;
ქონებისა და სამეურნეო ოპერაციების შეფასებას;
ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვეტარიზაციას;
ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებასა და ანგარიშგებას, საარჩევნო კომისიის ბალანსის შედგენას;
ცესკოს ადმინისტრაციის შენობის ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას, ტექნიკური და სამეურნეო საქმიანობის ზედამხედველობას;
საოლქო საარჩევნო კომისიების ბუღალტრული აღრიცხვის მონიტორინგს;
საარჩევნო პერიოდში საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვის მონიტორინგს;
არასაარჩევნო პერიოდში საოლქო საარჩევნო კომისიების ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებას;
ცესკოს საქმიანობის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების ორგანიზებას;
ცესკოს ტექნიკური ბაზის, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ორგანიზებასა და საამისოდ აუცილებელი საშუალებებით განხორციელებას;
ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.
მუხლი 15🔗.
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:
უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელ მუშაობას;
გეგმავს და ეტაპობრივად ახორციელებს არსებული კომპიუტერული ქსელის გაფართოებას, მასში საარჩევნო ოლქებისა და უბნების ჩართვის გზით;
აყალიბებს მონაცემთა ბაზების შექმნის ერთიან კონცეფციას, ქმნის შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას და ავრცელებს მას ქვემდგომ კომისიებში;
ასრულებს კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს;
ცესკოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას და კომპიუტერულ დამუშავებას;
ქმნის კომისიისათვის საჭირო სხვადასხვა მონაცემთა ბაზებს, ახდენს არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებასა და საჭიროების შემთხვევაში, მათ მოდიფიცირებას;
უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო მასალების სისტემატიზაციას და შენახვას;
ამზადებს ამომრჩეველთა სიების ერთიან ელექტრონულ ვერსიას;
უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად ამომრჩეველთა სიებში შესატანი ცვლილებების გადამოწმებასა და დროულად დამუშავებას;
უზრუნველყოფს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებასა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეტანას;
უზრუნველყოფს საარჩევნო სიების განთავსებას ცესკოს ვებგვერდზე როგორც სახელმწიფო, ასევე საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ უმცირესობათა ენებზე (ორენოვანი სიები);
უზრუნველყოფს კოორდინაციას საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ უწყებებთან ამომრჩეველთა მონაცემების ბაზების სტრუქტურული დახვეწისა და დაახლოების მიზნით;
საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტთან კოორდინაციის გზით, უზრუნველყოფს საარჩევნო სიების ფორმირების კუთხით კოორდინაციას საჯარისო ფორმირებების, პენიტენციური დაწესებულებების და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან საარჩევნო სიებში მათი მონაცემების გათვალისწინებისათვის;
უზრუნველყოფს საარჩევნო სიების საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტისათვის მიწოდებას, დაბეჭდვის მიზნით;
ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ, წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;
კონსულტაციებს უწევს კომისიის წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს კომპიუტერული ტექნიკისა და თანამედროვე პროგრამული საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით;
თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;
უზრუნველყოფს ამომრჩეველთა პირადი ნომრებისა და სხვა საიდუმლო ინფორმაციის დაცვას, ამომრჩეველთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის გაცემის დროს;
თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნების შესრულებასა და დაცვას;
ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.
მუხლი 16🔗.
ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
ფუნქციების შესასრულებლად სამსახური:
ცესკოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, განსაზღვრავს ცესკოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას;
შეიმუშავებს საარჩევნო ადმინისტრაციის ეთიკის კოდექსის პროექტს და ცესკოს მიერ აღნიშნული პროქტის დადგენილებით დამტკიცების შემთხვევაში, უზრუნველყოფს აღნიშნული კოდექსის ცესკოს აპარატის თანამშრომლებისათვის გაცნობას;
კომპეტენციის ფარგლებში, იცავს და ასრულებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს;
კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს ცესკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს;
ხელს უწყობს ცესკოს აპარატში ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას, ორგანიზაციული კულტურის ელემენტების დანერგვას და განვითარებას;
ცესკოს გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ყოველწლიურად შეიმუშავებს ადამიანური რესურსების გეგმას;
ორგანიზებას უწევს ცესკოს აპარატის მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის მუშაობას;
ცესკოს ხელმძღვანელობის მოთხოვნით მართვას ცესკოს აპარატის სამუშაოს ანალიზის პროცესს, განსაზღვრავს სამუშაოს აღწერილობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ადამიანური რესურსების ეფექტური გამოყენების ან/და ოპტიმიზაციის მიზნით, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან ერთად წარმართავს ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესს;
უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შინაგანაწესის პროექტის შემუშავებას;
შეიმუშავებს, პერიოდულად ანახლებს და ატარებს საორინეტაციო პროგრამას ცესკოს აპარატის ახალი თანამშრომლებისათვის და სტაჟიორებისათვის;
უზრუნველყოფს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებას და ამ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, უზრუნველყოფს ცესკოს აპარატში სტაჟიორთა რაოდენობის განსაზღვრას, ცესკოს აპარატში სტაჟიორთა მიღებასა და სტაჟირების გავლის პროცესის კოორდინაციას/მონიტორინგს;
ახორციელებს აპარატის თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების ელექტრონული აღრიცხვიანობის წარმოებას და ცესკოს თავმჯდომარისათვის ინფორმაციის წარდგენას;
ხელს უწყობს ცესკოს შენობაში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას;
უზრუნველყოფს ცესკოს აპარატის და საოლქო საარჩევნო კომისიების ადამიანური რესურსების ეფექტურ ადმინისტრირებას;
ამზადებს შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომით და აპარატის სტაჟიორთა ხელშეკრულებების პროექტებს;
უზრუნველყოფს არჩევნების მართვის ელექტრონული სისტემის HR მოდულში (armasi.cec.gov.ge) ინფორმაციის შეტანასა და განახლებას;
ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტების მომზადებას საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა დანიშვნის, გათავისუფლების, შვებულებების, პრემირების, აპარატის მოხელეთა დაჯილდოების, წახალისებისა და სხვა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
ახდენს საშტატო განრიგის განახლებას ცესკოს აპარატის საკადრო მიგრაციის შესაბამისად;
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ცესკოს განკარგულებით დადგენილი პირობების შესაბამისად უზრუნველყოფს „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის შესრულებას;
იურიდიულ და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტებთან კოორდინაციის გზით, ახორციელებს იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოებას, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;
ყოველწლიურად იკვლევს ცესკოს აპარატის და საოლქო საარჩევნო კომისიების ადამიანური რესურსების ტრენინგ საჭიროებებს და კვლევის შედეგებს წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს;
ყოველწლიურად შეიმუშავებს ცესკოს აპარატის და საოლქო საარჩევნო კომისიების ადამიაური რესურსების ტრენინგების და განვითარების გეგმას, ტრენინგ საჭიროებათა ანალიზის საფუძველზე;
ცესკოს ხელმძღვანელობასთან ერთად შეიმუშავებს და მართავს ცესკოს აპარატის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემას;
ყოველწლიურად ან/და ცესკოს თავმჯდომარის დავალებით იკვლევს ცესკოს აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კმაყოფილებას და მოტივაციას. კვლევის შედეგებს და შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს ცესკოს ხელმძღვანელობას;
პერიოდულად იკვლევს შრომის ბაზარს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების კორექტირების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ;
სადაზღვევო მომსახურების უზრუნველსაყოფად, ამზადებს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა კორპორატიულ დაზღვევასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, დაზღვეულ პირთა საინფორმაციო ბაზების განახლებას;
ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.
მუხლი 17🔗.
შიდა აუდიტის სამსახური
ფუნქციების შესასრულებლად სამსახური უზრუნველყოფს:
საარჩევნო ადმინისტრაციაში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ცესკოს აპარატის, ცესკოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და ქვემდგომი საარჩევნო კომისიების შიდა აუდიტის განხორციელებას, შიდა აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენას;
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;
საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;
ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებას;
ცესკოს წინაშე არსებული რისკების და მათი მართვის ხარისხის შეფასებას;
ცესკოს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს;
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების შესრულებაზე კონტროლსა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რეაგირებას მისი ნორმების შესრულებაზე;
დისციპლინური/სამსახურებრივი გადაცდომის ან/და საარჩევნო ადმინისტრაციის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის მომზადებას და ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენას;
სამსახურის კომპეტენციის სფეროში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;
სხვა საქმიანობის განხორციელებას, რომელიც გამომდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერესებიდან, არ წარმოადგენს ცესკოს დეპარტამენტების/სამსახურების უფლებამოსილების სფეროს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.
მუხლი 18🔗.
კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი
ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის პერიოდულ ანგარიშგების მომზადების კოორდინაციას, მათ კონსოლიდაციასა და საჭიროებისამებრ ცესკოსათვის განსახილველად წარდგენას;
იმ პროექტების კოორდინაციას, რომელთა განხორციელებაში ჩართულია საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული;
პროექტების მართვას ან/და კოორდინაციას, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან დაინტერესებულ მხარეებთან ერთად;
პროექტების ინიციირებასა და მომზადებას, პროექტების განსახორციელებლად საჭირო რესურსების (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური) დაგეგმვასა და განაწილებას. პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩატარებას;
საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვას (სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავება);
საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შეფასებასა და ანალიზს;
საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამოქმედო გეგმის შესრულებას, ამავე საკითხებზე მომუშავე საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის კომისიის მუშაობის ორგანიზებას;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ახალგაზრდებისა და სხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაზრდას საარჩევნო პროცესში, კოორდინაციას უწვეს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვასა და შესრულებას;
ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებთან მუშაობას და ახორციელებს ამ ჯგუფთა საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზების პროცესის ხელშეწყობას და კოორდინაციას უწევს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვასა და შესრულებას;
ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.
მუხლი 19🔗.
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი და სპეციალისტი
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და სპეციალისტის უფლებამოსილებები განისაზღვრება „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონით, ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად;
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ექვემდებარება უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარეს, სპეციალისტი კი მენეჯერსა და ცესკოს თავმჯდომარეს;
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და სპეციალისტის უფლებამოსილებები მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.
თავი V
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება
მუხლი 20🔗.
ცესკოს სხდომა
ცესკოს სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით;
სხდომებისათვის დღის წესრიგს ამზადებს ცესკოს მდივანი;
სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა;
ცესკოს წევრს უფლება აქვს დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენჭისყრით. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საკითხი არ მოითხოვს სასწრაფო გადაწყვეტას, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია არ დააყენოს საკითხი კენჭისყრაზე და მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის კომისიაზე შეტანის დადგენილი პროცედურის გავლის შემდგომ განხილვის შესახებ;
ცესკოს სხდომებისათვის საკითხებს, ინფორმაციას, მოხსენებით ბარათებს, განკარგულებათა და დადგენილებათა პროექტებს ამზადებენ ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტები/სამსახურები;
ცესკოს სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით – მოადგილე;
ცესკოს სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ადგენს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციულ დეპარტამენტი და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი;
ცესკოს სხდომას, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირების გარდა, ესწრებიან აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, საჭიროებისამებრ განყოფილებების უფროსები, სპეციალური და სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები, ასევე კონკრეტული საკითხების განსახილველად, სხდომაზე საკითხის გამომატანი ერთეულის მიერ მოწვეული დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ ცესკოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს;
ცესკოს სხდომის მიმდინარეობაში მონაწილეობას ცესკოს წევრები დასწრების ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ;
ცესკოს ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად, უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იმავე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს სიტყვით 2 წუთის განმავლობაში. ცესკოს სხდომაზე ცესკოს აპარატის თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და დაინტერესებულ მხარეებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ, ამ მუხლით დადგენილი წესით;
საარჩევნო კომისიის წევრებს ან/და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, როგორც განსხილველ საკითხზე მომხსენებლებს, სხდომაზე გამოსვლისათვის ეძლევათ არაუმეტეს 10 წუთისა და საჭიროებისამებრ, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება დაემატოთ არაუმეტეს 5 წუთისა;
კონკრეტული საკითხის განხილვისას, სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, ცესკოს წევრების შემდეგ, სხდომაზე დასწრების უფლების მქონე და განსახილველი საკითხის განხილვაში მონაწილე დაინტერესებულ პირებს, შეიძლება მიეცეთ დრო, რომელიც უნდა იყოს გონივრული და ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ერთი და იმავე საკითხზე, ერთი და იმავე პირის მიმართ, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროებისამებრ, დამატებითი დროის გამოყოფის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს;
ცესკოს სხდომაზე განცხადება/საჩივრის განხილვის მიზნით გამართულ ზეპირ მოსმენაში ან სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების დროს, განმცხადებლის/მომჩივანის, თავად ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტის ან/და მათი კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლების მიერ სხდომაზე საკუთარი პოზიციების გადმოცემისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში საკუთარი მოსაზრების ზეპირად წარმოდგენისათვის მხარეს უნდა მიეცეს დრო, რაც მისცემს მას გონივრულ შესაძლებლობას დაიცვას საკუთარი/ ან მისი მარწმუნებლის პოზიცია;
მხარე უფლებამოსილია, მის მიერ წარდგენილ განცხადება/საჩივარში, წინასწარ მიუთითოს იმ დროის გონივრული ოდენობა, რაც მას დასჭირდება საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად გამართულ ზეპირ მოსმენაზე ან/და სხდომაზე გამოსვლის წინ მოითხოვოს დროის კონკრეტული ოდენობა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისათვის. აღნიშნული დროის შემცირება დასაშვებია სხდომის თავმჯდომარის მიერ, თუ მხარე მის მიერ მოთხოვნილ დროს იმდაგვარად იყენებს, რომ აღნიშნული, აშკარად ემსახურება საკითხის განხილვის ვადებისა და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის გაჭიანურებას ან/და წარმოშობს მისი განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადების დარღვევის საშიშროებას;
ამ მუხლით დადგენილი დროის ამოწურვის შემდგომ, წინადადების შეწყვეტის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელს მიეცემა იმდენი დრო დამატებით, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ დასრულებულ იქნეს წარმოთქმული წინადადება;
სხდომაზე საკითხის განხილვის პროცესში მხარეებისათვის და მხარის მიერ კითხვების დასმა და მასზე პასუხების გაცემა დასაშვებია მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით;
წესრიგის დარღვევისა და ცესკოს მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ცესკო, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში;
ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი ელექტრონული ფორმით უგზავნის ცესკოს წევრებს/დეპარტამენტებს/ სამსახურებს. ასევე გადაწყვეტილებების ასლებს მოთხოვნისთანავე გადასცემს დაინტერესებულ მხარეებს;
ცესკოს სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.
მუხლი 21🔗.
კენჭისყრა
სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე საკითხს აყენებს წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით;
ცესკოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ ცესკოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ცესკო გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედი;
ხმათა თანაბრად გაყოფისას სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება;
სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით;
ცესკოს იმ წევრებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ცესკოს გადაწყვეტილებას, უფლება აქვთ წერილობით გამოთქვან განსაკუთრებლი აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყეტილებას, მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას;
საჭიროების შემთხვევაში, კენჭისყრის ჩატარების პროცედურას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
თავი VI
საქმიან ქაღალდებზე მუშაობის ორგანიზაცია
მუხლი 22🔗.
საქმეთა წარმოება
ცესკოში საქმიანი ქაღალდების, ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გასაცემი დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება სარეგისტრაციო და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სამუშაო დღის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე).
განცხადების (საჩივრის) მიღებისას ცესკოს სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისათვის (მომჩივანისათვის) გადასაცემ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო (საათი, წუთი). ცესკო განიხილავს განცხადებას (საჩივარს) და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი მატერიალურად ან/და არამატერიალურად (correspondence@cec.gov.ge) შემოსულ დოკუმენტებს (გარდა განცხადება/საჩივრისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული სხვა საარჩევნო დოკუმენტაციისა) რეგისტრაციის შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარის რეზოლუციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შესასრულებლად.
სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, სარეგისტრაციო და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში რეგისტრაციის შემდეგ, ცესკოს მდივანი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ ან ანეს 10 დღისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). არჩევნების შესახებ ინფორმაციასა და საარჩევნო დოკუმენტაციას ამზადებს შესაბამისი დეპარტამენტი/სამსახური, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასაშვებია, ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ვერსიის სახით.
ცესკოში შემოსული ნებისმიერი საარჩევნო დოკუმენტაცია საჯაროა გასაცნობად ცესკოს წევრებისა და საჭიროებისამებრ აპარატის თანამშრომლებისათვის. აკრძალულია, ცესკოში შემოსული და ცესკოს მიერ მომზადებული კონფიდენციალური ინფორმაციის გატანა ცესკოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე (გარდა საჯარო ინფორმაციისათვის დადგენილი წესით გამოთხოვილი ინფორმაციისა).
ცესკოში საჯარო ინფორმაციის რეესტრს აწარმოებს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
ცესკოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია ცესკოს მდივანი. აკრძალულია ცესკოში შემოსული ყველა სახის დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.