1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) ტერმინი „საქართველო” ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
b) ტერმინი „ბელარუსი” ნიშნავს ბელარუსის რესპუბლიკას და, გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას, ნიშნავს ტერიტორიას, რომელზეც ბელარუსის რესპუბლიკა თავიანთი კანონმდებლობის საფუძველზე და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ახორციელებს სუვერენულ უფლებებსა და იურისდიქციას;
c) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან ბელარუსს, კონტექსტის შესაბამისად;
d) ტერმინი „პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
e) ტერმინი „კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ იურიდიულ პირს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც ცალკეული ერთეული;
f) ტერმინი „საწარმო” მოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას;
g) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
h) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, რომლის ექსპლუატაცია ხდება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ეფექტური მართვის ადგილის მქონე საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
i) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:
(i) საქართველოს შემთხვევაში: ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
(ii) ბელარუსის შემთხვევაში: გადასახადების და მოსაკრებლების სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
j) ტერმინი „ნაციონალური პირი” ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს:
(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა;
(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე;
k) ტერმინი „ეკონომიკური საქმიანობა“ მოიცავს პროფესიული მომსახურებისა და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის წარმართვას;
l) ტერმინი „პროფესიული მომსახურება” მოიცავს, კერძოდ, დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო ან პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობას;
m) ტერმინი „ეფექტური მართვის ადგილი” ნიშნავს ადგილს, საიდანაც უშუალოდ ხორციელდება კომპანიის მართვა და კონტროლი ან/და ადგილს, სადაც უმაღლეს დონეზე ხდება კომპანიის მართვისთვის აუცილებელი მნიშვნელოვანი პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
n) ტერმინი „კაპიტალი” ბელარუსის შემთხვევაში ნიშნავს ქონებას;
o) ტერმინი „პოლიტიკური-ადმინისტრაციული ქვედანაყოფი” გამოიყენება მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების მიზნებისთვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭება იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნია ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმები