შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელგიის სამეფოს მთავრობას შორის საგზაო გადაზიდვების შესახებ
მიღების თარიღი 19.03.2002
ძალაში შესვლა 29.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №2/5
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016368
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის
მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო
ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელგიის სამეფოს მთავრობას შორის საგზაო გადაზიდვების შესახებ
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ბელგიის სამეფოს მთავრობას შორის საგზაო გადაზიდვების შესახებ
საქართველოს მთავრობა (საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება) და ბელგიის სამეფოს მთავრობა, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი, ესწრაფვიან რა, შექმნან უკეთესი შესაძლებლობები თავიანთ სახელმწიფოებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისათვის და განავითარონ ტვირთებისა და მგზავრების გადაზიდვებისათვის დამაკმაყოფილებელი პირობები;
ითვალისწინებენ რა, ევროპაში მიმდინარე ლიბერალიზაციის პროცესს, რომელიც ხელს უწყობს მომსახურებისა და ტვირთნაკადების თავისუფალ მოძრაობასა და პირთა თავისუფალ გადაადგილებას;
მხედველობაში იღებენ რა, გარემოს დაცვისა და მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისს, შეთანხმდნენ შემდეგზე:
ნაწილი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
სფერო
1. ამ შეთანხმების დებულებები ეხება ტვირთებისა და მგზავრების საგზაო გადაზიდვებს ქირავნობით ან ანაზღაურებით, ასევე დამოუკიდებელ გადაზიდვებს (გადაზიდვებს საკუთარი სახსრებით), შეთანხმების მონაწილე მხარეების ტერიტორიებს შორის, ტრანზიტად მათ ტერიტორიებზე, ასევე მესამე ქვეყნებიდან ან მესამე ქვეყნებისაკენ, გადამზიდავის მიერ, რომელიც დაფუძნებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
2. ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს ევროგაერთიანებასა და საქართველოს შორის დადებული სხვა მრავალმხრივი შეთანხმებებიდან.
მუხლი 2🔗
განმარტებები
ამ შეთანხმებაში:
1. ტერმინი ,,გადამზიდავი“ ნიშნავს პირს (იურიდიული პირის ჩათვლით), რომელიც დაფუძნებულია ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და კანონის ძალით უფლებამოსილია დაფუძნების ქვეყანაში აწარმოოს ტვირთებისა და მგზავრების გადაზიდვები საერთაშორისო სატრანსპორტო ბაზარზე ქირავნობით ან ანაზღაურების საფასურად, ან დამოუკიდებლად (საკუთარი სახსრებით) შესატყვისი ეროვნული კანონებისა და წესების შესაბამისად.
2. ტერმინი ,,სატრანსპორტო საშუალება“ ნიშნავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც რეგისტრირებულია ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან სატრანსპორტო საშუალებათა კომბინაციას, რომელშიც ავტოსატრანსპორტო საშუალება (საწევარი) მაინც უნდა იყოს ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, და რომელიც გამოიყენება და აღჭურვილია მხოლოდ და მხოლოდ ტვირთების გადასაზიდად ან მგზავრების გადასაყვანად.
3. ტერმინი ,,ავტობუსი“ ნიშნავს მგზავრების გადასაყვან სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც თავისი კონსტრუქციითა და აღჭურვილობით შესაფერისია ცხრაზე მეტი მგზავრის გადასაყვანად მძღოლის ჩათვლით, და გამოიყენება ამ მიზნით.
4. ტერმინი ,,გადაზიდვა“ ნიშნავს საგზაო გადაზიდვებს დატვირთული ან დაუტვირთავი სატრანსპორტო საშუალებით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მარშრუტის რაიმე მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალება იყენებს რკინიგზის ან საწყალოსნო ტრანსპორტს.
5. ტერმინი ,,რეგულარული საავტობუსო მომსახურება“ ნიშნავს მომსახურებას, რომლის დროსაც ხდება მგზავრების გადაყვანა წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით, გრაფიკითა და დადგენილი ტარიფით. მგზავრების ჩასხდომა ან გადმოსხდომა ხდება წინასწარ განსაზღვრულ გაჩერებებზე, და მომსახურება ყველასათვის მისაწვდომია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სავალდებულოა წინასწარი დაჯავშნა. „სპეციალური რეგულარული საავტობუსო მომსახურებები“ წარმოადგენენ რეგულარულ საავტობუსო მომსახურებებს, რომლებიც მისაწვდომია მხოლოდ მგზავრთა გარკვეული კატეგორიებისთვის.
6. ტერმინი „მაქოსებური მომსახურება“ ნიშნავს მომსახურებას, რომლის დროსაც განმეორებადი გარეთ მიმართული და დაბრუნებითი რეისების მეშვეობით ხდება მგზავრთა ჯგუფების გადაყვანა გამგზავრების მოცემული ადგილიდან დანიშნულების მოცემულ ადგილამდე. ეს ჯგუფები, რომლებიც შედგება მგზავრებისგან, რომლებმაც შეასრულეს გარეთ მიმართული რეისი, გადაიყვანება უკან გამგზავრების ადგილამდე მომდევნო რეისით.
„გამგზავრების ადგილი“ და „დანიშნულების ადგილი“ ნიშნავს შესაბამისად ადგილს, საიდანაც იწყება რეისი და ადგილს, სადაც რეისი მთავრდება, 50კმ რადიუსის ფარგლების ჩათვლით თითოეულ შემთხვევაში.
„მაქოსებური მომსახურება დაბინავებით“ მოიცავს, გადაყვანის გარდა, მგზავრთა არა ნაკლებ 80% - ის დაბინავებას (კვებით ან კვების გარეშე) დანიშნულების ადგილზე და, საჭიროების შემთხვევაში, რეისის განმავლობაში მგზავრები დანიშნულების ადგილზე უნდა გაჩერდნენ არა ნაკლებ ორი ღამისა.
მაქოსებური მომსახურება დაბინავებით შეიძლება გაწეულ იქნეს გადამზიდავთა ჯგუფის მიერ, რომელიც მოქმედებს ერთი და იმავე კონტრაქტორის სახელით, ხოლო მგზავრებს შეუძლიათ:
- დაბრუნდნენ უკან იმავე ჯგუფის, მაგრამ არა იმავე გადამზიდავის მეშვეობით, რომლითაც მათ ისარგებლეს გარეთ მიმართული რეისისას,
- ან მიუერთდნენ „გზად“, იმავე ჯგუფის სხვა გადამზიდავს.
7. ტერმინი „არარეგულარული მომსახურება“ ნიშნავს მომსახურებას, რომელიც არ აკმაყოფილებს როგორც რეგულარული საავტობუსო მომსახურებისა ან სპეციალური რეგულარული საავტობუსო მომსახურების, ისე მაქოსებური მომსახურების განსაზღვრებებს.
ის მოიცავს:
a) ტურებს, ანუ მომსახურებას, როდესაც ერთი და იგივე სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება მგზავრთა ერთი ან მეტი ჯგუფის გადასაყვანად, და როდესაც თითოეული ჯგუფი ბრუნდება უკან თავისი გამგზავრების ადგილზე, ან
b) მგზავრთა ჯგუფების მომსახურებას, როდესაც მგზავრები არ ბრუნდებიან უკან გამგზავრების ადგილზე იმავე რეისის მეშვეობით, ან
c) მომსახურებებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ზემოხსენებულ კრიტერიუმებს, ანუ ყველა დანარჩენი სახის მომსახურებებს.
8. ტერმინი ,,კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს
საქართველოსათვის:
ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო
სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია
ბელგიის სამეფოსათვის:
კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მუხლი 3🔗
ბაზარზე დაშვების პირობები
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ნება დართოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაფუძნებულ გადამზიდავს, აწარმოოს ტვირთებისა ან მგზავრების გადაზიდვები:
a) მის ტერიტორიაზე განლაგებულ ნებისმიერ პუნქტსა და მისი ტერიტორიის გარეთ მდებარე ნებისმიერ პუნქტს შორის, და
b) ტრანზიტად მის ტერიტორიაზე,
რაც ექვემდებარება შესაბამისი ნებართვის გაცემას თითოეული მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ.
მუხლი 4🔗
წონები და გაბარიტები
1. სატრანსპორტო საშუალების წონა და გაბარიტები უნდა შეესაბამებოდეს სატრანსპორტო საშუალების ოფიციალურად რეგისტრირებულ წონასა და გაბარიტებს და არ უნდა აჭარბებდეს მასპინძელ ქვეყანაში დაწესებულ ზღვრებს.
2. იმ შემთხვევაში როცა ამ შეთანხმების დებულებებით გათვალიწინებული გადაზიდვებისას, დატვირთული ან ცარიელი სატრანსპორტო საშუალების წონა და/ან გაბარიტები აჭარბებს მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ნებადართულ მაქსიმალურ ზღვარს, აუცილებელია კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა.
მუხლი 5🔗
ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა
ხელშემკვრელი მხარის გადამზიდავები და მათი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას უნდა დაემორჩილონ ამ უკანასკნელ ქვეყანაში მოქმედ კანონებსა და წესებს.
მუხლი 6🔗
დარღვევები
მონაწილე მხარის გადამზიდავის მიერ ამ ხელშეკრულების დებულებათა დარღვევის შემთხვევაში, ხელშემკვრელმა მხარემ, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა ეს დარღვევა, საკუთარი სასამართლო პროცედურებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, უნდა აცნობოს ამის შესახებ შეთანხმების მონაწილე მეორე მხარეს, რომელმაც უნდა მიიღოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები ნებართვის ჩამორთმევისა ან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაზიდვების აკრძალვის ჩათვლით. ხელშემკვრელი მხარეები აცნობებენ ერთმანეთს მიღებული ზომების შესახებ.
მუხლი 7🔗
ფისკალური საკითხები
1. სატრანსპორტო საშუალებები, მათი სათადარიგო ნაწილების ჩათვლით, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს ამ შეთანხმების შესაბამისად, ურთიერთგაცვლილი ნებართვების საფუძველზე ორმხრივად უნდა იქნენ გათავისუფლებული ყველა გადასახადისა და მოსაკრებლისაგან, რომლებითაც იბეგრება სატრანსპორტო საშუალების ფლობა თუ მოძრაობა, ისევე როგორც ყველა სპეციალური გადასახადისა და მოსაკრებლისაგან სატრანსპორტო ოპერაციებზე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
2. ამ ხელშეკრულების ძალით განხორციელებული გადაზიდვები მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე ექვემდებარება ფასიანი საგზაო ინფრასტრუქტურისა და ხიდების გამოყენებაზე მოსაკრებლებითა და გადასახადებით დაბეგვრას. ადგილობრივი და არაადგილობრივი სატრანსპორტო ოპერატორები მოსაკრებლებითა და გადასახადებით იბეგრება არადისკრიმინაციულად.
3. საწვავი, რომელიც მოთავსებულია სატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში, ისევე როგორც საპოხი მასალა, რომელიც მოთავსებულია სატრანსპორტო საშუალებაში და განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ მისი ექსპლუატაციისათვის, ორმხრივად უნდა იქნეს განთავსებული საბაჟო ბეგარისა და სხვა გადასახადებისა თუ მოსაკრებლებისგან.
4. დროებით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად განკუთვნილი სათადარიგო ნაწილები დროებით უნდა იქნეს დაშვებული დროებითი იმპორტის უფლებით, საიმპორტო ბეგარისა და სხვა გადასახადების გადახდის გარეშე, და იმპორტზე არსებული აკრძალვებისა ან შეზღუდვების გარეშე. შეცვლილი ნაწილები უნდა განბაჟდეს, ან მოხდეს მათი რეექსპორტი ან განადგურდეს საბაჟოს კონტროლისა და ზედამხედველობის ქვეშ.
მუხლი 8🔗
ერთობლივი კომიტეტი
1. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები აწესრიგებენ ამ ხელშეკრულების განხორციელებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.
2. ამ მიზნით ხელშემკვრელი მხარეები ქმნიან ერთობლივ კომიტეტს.
3. ერთობლივი კომიტეტი იკრიბება რეგულარულად ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით.
4. ერთობლივი კომიტეტი აყალიბებს საკუთარ წესებსა და პროცედურებს და მონაცვლეობით იკრიბება თითოეული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. ყოველი შეხვედრის შემდეგ დგება ოქმი.
5. მე-3 მუხლიდან გამომდინარე ერთობლივი კომიტეტი ადგენს ნებართვების რაოდენობასა და ტიპს და ბაზარზე დაშვების პირობებს. მიუხედავად მუხლი 12🔗, პარაგრაფი 2 - ისა, ერთობლივ კომიტეტს შეუძლია განავრცოს გადაზიდვების სახეობები, რომლებიც არ საჭიროებენ შესაბამისი ნებართვის მიღებას.
6. ერთობლივმა კომიტეტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ საკითხებს:
- ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაზიდვების ჰარმონიულ განვითარებას, მათ შორის, გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით;
- საგზაო სატრანსპორტო პოლიტიკისა და სატრანსპორტო კანონმდებლობის კოორდინაციას, მის დანერგვას ხელშემკვრელი მხარეების მიერ ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე;
- წარმოქმნილ პრობლემებზე შესაძლო გადაწყვეტათა ფორმულირებას შესაბამისი ეროვნული ორგანოებისთვის, განსაკუთრებით ფისკალურ, საბაჟო და გარემოსდაცვით საკითხებზე, საზოგადოებრივი წესრიგის საკითხების ჩათვლით.
- შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას;
- წონებისა და გაბარიტების დადგენის მეთოდებს;
- სატრანსპორტო საწარმოებსა და დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას;
- მულტიმოდალური გადაზიდვების ხელშეწყობას, ბაზრის მისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით.
ნაწილი II
მგზავრთა გადაყვანის დებულებები
მუხლი 9🔗
რეგულარული მომსახურება
1. რეგულარულ მომსახურებაზე ნებართვის მისაღებად განაცხადი უნდა წარედგინოს იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც დაფუძნებულია გადამზიდავი.
2. ნებართვის გაცემის გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებენ ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები. მათი გაცემა ხდება თითოეული მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ მის ტერიტორიაზე.
3. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას ნებართვაზე, თუ, სხვა დანარჩენთან ერთად:
- განმცხადებელს არ შეუძლია მის ხელთ უშუალოდ არსებული სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოს განცხადებაში მოყვანილი მომსახურება;
- წარსულში განმცხადებელი არ აკმაყოფილებდა ეროვნულ ან საერთაშორისო კანონმდებლობას საგზაო გადაზიდვებზე და კერძოდ, საერთაშორისო საგზაო სამგზავრო მომსახურებაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებულ პირობებსა და მოთხოვნებს, ან ჩადენილი აქვს საგზაო უსაფრთხოების კანონმდებლობის სერიოზული დარღვევები, განსაკუთრებით კი სატრანსპორტო საშუალებებთან ან მძღოლთა დასვენებისა და მანქანის მართვის პერიოდებთან დაკავშირებული წესების მიმართ;
- თუ ნებართვის განახლების თაობაზე წარდგენილი განცხადებისას, ნებართვის გაცემის პირობები დაკმაყოფილებული არ არის;
- განმცხადებელს არ შეუძლია დაამტკიცოს, რომ ჰყავს პარტნიორი მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში.
4. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის თაობაზე მიღებულ უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს მიერ სრულყოფილი განცხადების მიღების თარიღიდან სამი თვის განმავლობაში.
5. ნებართვის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს არა უმეტეს ერთი წლისა და შეიძლება გაგრძელებულ იქნეს მოთხოვნის საფუძველზე.
6. ნებართვა ან მისი ნამდვილი ასლი, დამოწმებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ, უნდა ინახებოდეს შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში.
მუხლი 10🔗
მაქოსებური მომსახურება
1. მაქოსებური მომსახურება დაბინავებით არ საჭიროებს ნებართვას იმ შემთხვევაში, თუ ის სრულდება ქართველი გადამზიდავის მიერ და ამ მომსახურებებისთვის გამგზავრების პუნქტი მდებარეობს საქართველოში, ან თუ სრულდება ბელგიელი გადამზიდავის მიერ და გამგზავრების პუნქტი მდებარეობს ბელგიის სამეფოში.
2. მაქოსებური მომსახურება დაბინავების გარეშე გათანაბრებულია რეგულარულ მომსახურებასთან.
3. ამ მუხლის პარაგრაფ 1- ში მოხსენიებული მაქოსებური მომსახურების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სრულად შევსებული მგზავრთა სია.
მუხლი 11🔗
არარეგულარული მომსახურებები
მე-2 მუხლის მე-7 ა) პუნქტში განსაზღვრული არარეგულარული მომსახურებები არ საჭიროებენ ნებართვას, თუკი რეისი იწყება იმ სახელმწიფოში, სადაც რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება.
სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა იმყოფებოდეს სრულად შევსებული მგზავრთა სია.
ნაწილი III
ტვირთის გადაზიდვების დებულებები
მუხლი 12🔗
1. ნებართვა ტვირთის გადაზიდვაზე გაიცემა კვოტის ფარგლებში 1 (ერთი) რეისისთვის (წინა და უკანა მგზავრობა) თითოეული, და მისი მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 13 თვეს, დაწყებული ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრიდან. ნებართვა უნდა ინახებოდეს შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე.
2. გადაზიდვების შემდეგი სახეობები ან მათთან დაკავშირებული ცარიელი გარბენები არ საჭიროებენ ნებართვას:
a) პირადი ნივთები საოჯახო მეურნეობის გადაადგილებისას;
b) არაკომერციული ხასიათის საგნები, ხელოვნების ნიმუშები და აღჭურვილობა, რომელიც გამიზნულია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გამართული აუქციონებისა და გამოფენებისათვის.
c) საგნები და მასალები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო დანიშნულებისთვის;
d) მოწყობილობები, აქსესუარები და ცხოველები, თეატრალური მუსიკალური, პროფესიონალური ფილმების, საცირკო წარმოდგენებისა და ბაზრობებისათვის, რომლებიც იმართება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;
e) რადიოგადამცემი ან ხმის ჩამწერი მოწყობილობები, პროფესიული ტელე და კინოაპარატურა:
f) გარდაცვლილთა ნეშთი ან ფერფლი;
g) საფოსტო გადაზიდვები, როგორც საზოგადოებრივი მომსახურება;
h) დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვები;
i) ფუტკრების ან ლიფსიტების გადაზიდვები;
j) ტვირთების გადატანა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელთა ნებადართული დატვირთული წონა, მისაბმელების ჩათლით, არ აჭარბებს 6 ტონას ან რომელთა დასაშვები ტვირთზიდვა, მისაბმელის ჩათვლით, არ აჭარბებს 3,5 ტონას;
k) სამედიცინო ტვირთისა და აღჭურვილობის, ან სხვა სახის ტვირთების გადაზიდვები საგანგებო შემთხვევების, განსაკუთრებით, ბუნებრივი კატასტროფების დროს.
3. თითოეული ნებართვა უნდა შეივსოს რეისის დაწყებამდე. ნებართვაზე უნდა დაისვას ბეჭედი საბაჟო ორგანოების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას. იმ შემთხვევაში, თუ ხდება საზღვრის გადაკვეთა ისეთ ადგილას, სადაც არ არის საბაჟო, მძღოლმა ნებართვაში იმ ადგილას, სადაც ხდება საბაჟო ბეჭდის დასმა, მელნით უნდა ჩაწეროს საზღვრის გადაკვეთის ადგილი, თარიღი და საათი.
4. მე-4 მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, განცხადება სპეციალური ნებართვის მისაღებად იმ დატვირთული სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომლის წონა და გაბარიტებიც აჭარბებს მასპინძელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ნებადართულ ზღვარს, უნდა შეიცავდეს:
a) ოპერატორის დასახელებასა და მისამართს;
b) სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელს, ტიპსა და სახელმწიფო ნომერს;
c) ღერძების რაოდენობას და ღერძებშორის მანძილს;
სატრანსპორტო საშუალების გაბარიტებსა და წონას;
d) ტვირთამწეობას;
f) ტვირთის გაბარიტებსა და წონას;
g) საჭიროების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების სურათს ტვირთთან ერთდ;
h) დატვირთვას თითოეულ ღერძზე;
i) ჩატვირთვის და გადმოტვირთვის მისამართებს;
j) საზღვრის გადაკვეთის დაგეგმილ ადგილსა და თარიღს, ასევე მოძრაობის მარშრუტს.
ნაწილი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 13🔗
ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
1. ეს შეთანხმება ძალაში შედის თითოეული ხელშემკვრელი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ყველა საჭირო პროცედურის შესრულების თაობაზე უკანასკნელი შეტყობინების მიღების შემდეგ.
2.ეს შეთანხმება მოქმედებს მისი ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში. ამის შემდგომ შეთანხმება თავისთავად გრძელდება წლიდან წლამდე, სანამ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე მისი გაგრძელების თარიღამდე ექვსი თვით ადრე არ გააგზავნის დიპლომატიური არხებით წერილობით შეტყობინებას თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება.
რის დასტურადაც, სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემორე ხელმოწერებმა, მოაწერეს ხელი ამ შეთანხმებას.
შესრულებულია ქ. ბრიუსელში, 2002 წლის __ მარტს ორ პირად, თითოეული ქართულ, ფრანგულ, ფლამანდურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
ბელგიის სამეფოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)