თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს „სანნის" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/23527-2015
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
2016 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი ნინო ენუქიძე
განმცხადებელი: შპს ,,სანნი “
მ ო თხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლო სხდომაზე განიხილა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი, გამოარკვია:
2015 წლის 16 ნოემბერს შპს ,,სანნის” წარმომადგენელმა დავით ალავიძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს ,,სანნის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში.
მეურვემ კრედიტორთა კრებაზე წარმოადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის დასკვნა მოვალის ქონების შესახებ, რომლის მიხედვით შპს ,,სანნის“ საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა შემდეგი სახით: 1) უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №01.72.14.014.252 – 362 000 ლარი; 2) უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №01.72.14.014.263 – 850 000 ლარი; მექანიკური სატრანსპორტო საშუალება TOYOTA LANDCRUISER LC 200 – 110000 ლარი; მექანიკური სატრანსპორტო საშუალება BMW 520 I – 12500 ლარი; სხვა მოძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა 7760 ლარით.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ შპს ,,სანნის“ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.
,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობა არის მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა, ხოლო ,,ბ“ პუნქტის მიხედვით მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი მოვალე არის მოვალე, რომელიც სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში გახდება ან შესაძლებელია გახდეს გადახდისუუნარო.
,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მიხედვით მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად.
მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
განსახილველ შემთხვევაში, მოვალე განცხადებით ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას და ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. როდესაც მოვალე განცხადებით ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას, ასეთ შემთხვევაში ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი მომრიგებელი საბჭოს შექმნას არ ითვალისწინებს. ამასთან, დადგენილია, რომ შპს ,,სანნის“ მიმართ სასამართლოში წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების ჯამი შეადგენს სულ – 65919.00 აშშ დოლარს და 304200,36 ლარს. მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულება კი შეადგენს 1 342 260 ლარს.
ამდენად, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ გამოვლინდა, რომ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი, მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა, მოვალეს შეუძლია დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები, რის გამოც უნდა შეწყდეს შპს „სანნის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-13, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. შპს „სანნის” (ს/ნ 405051731) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
3.განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.,№6), გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განიჩნების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
| მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი |
|
|
|
|
|