შპს "უნივერსალი-93"-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/693-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
2016 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „უნივერსალი - 93” (ს/ნ 204388091)
წარმომადგენელი: სერგო უღრელიძე (დირექტორი)
მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 15 იანვარს განცხადებით მ ო მართა შპს „უნივერსალი-93”-ის დირექტორმა სერგო უღრელიძემ და მოითხოვა შპს „უნივერსალი - 93”-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „უნივერსალი-93” არსებობს 1995 წლიდან. მისი ძირითადი საქმიანობაა საპროექტო, სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სასაწყობო და სატრანსპორტო საწარმოების მოწყობა და ექსპლუატაცია, საგზაო სამუშაოების შესრულება ან/და წარმოებისას სხვადასხვა ორგანიზაციების სპეცტექნიკით მომარაგება. მოვალის ქონებაა: 20000 მ2 ფართის მქონე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი - 67.07.31.056), ასევე მოძრავი ნივთები, რომელთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება 931270 ლარს შეადგენს. მოვალის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ნივთები არის იპოთეკის, გირავნობისა და საგადასახადო იპოთეკა/გირავნობის საგანი. ერთ შემთხვევაში იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილია სს „საქართველოს ბანკის” მოთხოვნა, ხოლო მეორე შემთხვევაში სახელმწიფოს მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებები. მოვალის აქტივის ნაწილია ასევე შპს „ფონიჭალა 15”-ის საწესებო კაპიტალში წილი 100%-ით, რომელიც ასევე გირავნობითაა დატვირთული და წარმოადგენს სს „საქართველოს ბანკის” მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას. მოვალეს ანგარიში გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკში”, თუმცა ანგარიშზე თანხა არ აქვს და თავად ანგარიშს ადევს ყადაღა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოვალის კრედიტორების საერთო დავალიანებათა ჯამი 749493 ლარს შეადგენს. მოვალის მტკიცებით ჰყავს დებიტორებიც, რომელთაგან 21 იურიდიული და ერთი ფიზიკური პირია. ჯამში დებიტორული დავალიანება შეადგენს 4188333,48 ლარს (განცხადებას თან ერთვის კრედიტორთა და დებიტორთა ჩამონათვალი მოთხოვნათა და დავალიანებათა ოდენობების მითითებით).
მოვალე განმარტავს, რომ მიუხედავად მისი დიდი პოტენციალისა, დამფუძნებლების და საწარმოს ხელმძღვანელების დიდი მცდელობისა საწარმოს თავი დაეღწია ვალდებულებებისაგან, საწარმო დღეის მდგომარეობით კვლავ განიცდის ფინანსურ სიძნელეებს, ამიტომ მოვალე საწარმოს დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასამართლოს პატრონაჟის ქვეშ, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში შეეცადოს საწარმოს ფინანსური სიძნელეების დაძლევას და კრედიტორთა მოთხოვნების ეტაპობრივ დაკმაყოფილებას.
2016 წლის 20 იანვრის განჩინებით განმცხადებელს მიეთითა განცხადებისათვის დამახასიათებელ ხარვეზთა თაობაზე და მათი აღმოფხვრის მიზნით მოვალეს მიეცა 5 სამუშაო დღის ვადა. 2016 წლის 1 თებერვალს, კანონით დადგენილი ვადის დაცვით, ხარვეზის გამოწორების მიზნით, მოვალემ სასამართლოს წარუდგინა სათანადო დოკუმენტები.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოსათვის წარდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწარმოს მიმართ მიმდინარეობს იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, რაც შეუძლებელს ხდის მოვალის კრიზისიდან გამოყვანის გეგმის განხორციელებას; ხოლო ის აქტივები, რომელიც არსებობს დებიტორული დავალიანებების სახით, ამ ეტაპზე ამოუღებადია, რადგან იმ საწარმოებში, რომლებიც წარმოადგენენ საწარმოს ძირითად დებიტორებს, ყველგან გამოყენებულია იძულებითი აღსრულების ღონისძიებები - ადევს ყადაღა და დატვირთულია საგადასახადო გირავნობით.
სასამართლო გაეცნო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების და ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებებს, მათზე თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს „უნივერსალი - 93”-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. კერძოდ:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას შესაძლებელია ჰქონდეს ორი საფუძველი:
ა) გადახდისუუნარობა - მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა; ბ) მოსალოდნელი გადახდისუუნარობა - ეს არის საფრთხე იმისა, რომ სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში მოვალე გახდება ან შესაძლებელია გახდეს გადახდისუუნარო (იხ. კანონის მე-3 მუხლის „ა” და „ბ” პუნქტები, მე-13 მუხლი).
თავად გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება (იხ. კანონის 1 მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში მოვალე განმარტავს, რომ არსებობს საწარმოს შენარჩუნებისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესაძლებლობა, თუ სათანადო გეგმის განხორციელების შესაძლებლობა იარსებებს. ამდენად, მოვალის სურვილია რებილიტაცია, რაც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის ”ს” პუნქტის თანახმად გულისხმობს - საპროცესო, ხელმძღვანელობითი და მმართველობითი მოქმედებების ერთობლიობას, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით ეტაპობრივ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად მოვალის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მართვის სისტემის სრულყოფის, მოვალის კომერციული საქმიანობის წარმატებულობისა და მომგებიანობის ზრდის, აგრეთვე სამეურვეო ქონების შესაძლო ოპტიმიზაციის გზით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების გათვალისწინებით შესაძლებელია გაკეთდეს პირველადი დასკვნა, რომ შესაძლოა რეაბილიტაციის რეჟიმში მოვალის ფუნქციონირების შემთხვევაში მან თავი დააღწიოს ფინანსურ სიძნელეებს (შეინარჩუნოს არსებობა, ასცდეს გაკოტრებას) და იმავდროულად გაისტუმროს არსებული კრედიტორული მოთხოვნები. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადება ასახავს მოვალის ლეგიტიმურ ინტერესს, რომლიც მიიღწევა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების გზით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „უნივერსალი - 93”-ის (ს/ნ 204388091) განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.
2. შპს „უნივერსალი - 93”-ის მეურვედ დაინიშოს სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს შპს „უნივერსალი - 93”-ის ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შეჩერდეს შპს „უნივერსალი - 93”-ის მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.
7. განემარტოს შპს „უნივერსალი-93”-ის დირექტორს სერგო უღრელიძეს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს „უნივერსალი-93”-ის მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
9. განემარტოთ უცხოელ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან მათთვის წინამდებარე განჩინების შესაბამის ენაზე ნათარგმნი ეგზემპლარის გადაცემიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს „უნივერსალი - 93”-ის მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ უზრუნველყოს უცხოელ კრედიტორთა გასაგებ ენაზე განჩინების თარგმნა და მისი კრედიტორებისათვის ჩაბარება.
10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 11 მარტს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №23). კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია:
ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
11. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე არაუგვიანეს 2016 წლის 9 თებერვლისა. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.
12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე