შპს,,სტემ-ჯორჯია’’ -ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2502-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/2502-16  

 

 

საქართველოს სახელით

 

განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2016 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე  ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს ,,სტემ-ჯორჯია’’ (ს/კ 205211073)

დირექტორი: მერაბ მარაქველიძე

წარმომადგენელი: გიორგი ზედგინიძე

 

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს ,,სტემ-ჯორჯიას’’ (ს/კ 205211073) წარმომადგენელმა გიორგი ზედგინიძემ და მოითხოვა შპს ,,სტემ-ჯორჯიას’’ (ს/კ 205211073) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს ,,სტემ-ჯორჯია’’ (ს/კ 205211073) დაფუძნდა 2007 წლის 20 ივნისს. საზოგადოების 100% წილის მფლობელი არის მერაბ მარაქველიძე. საზოგადოების საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა-რეალიზაცია. სახელმწიფოს მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანება 2016 წლის 04 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 157622.98 ლარს. აღნიშნული დავალიანების გამო შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია აქტი საწარმოს მთლიან ქონებაზე საგადასახადო გირავნობისა და იპოთეკის გავრცელების შესახებ. ამასთან ერთად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საზოგადოებას ერიცხება საურავი, გადაუხდელი თანხის 0,06 პროცენტის ოდენობით. შპს ,,სტემ-ჯორჯიას’’ (ს/კ 205211073) 2012 წლის 01 მაისიდან შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა. მას არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება. განმცხადებლის მითითებით, საწარმო გადახდისუუნაროა და თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვასაც. ამ გარემოებებზე მითითებით, შპს ,,სტემ-ჯორჯია’’ (ს/კ 205211073) ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.

 

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს ,,სტემ-ჯორჯიას’’ (ს/კ 205211073) უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანს სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. იმავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც გახდება მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

შპს ,,სტემ-ჯორჯიას’’ (ს/კ 205211073) კუთვნილი ქონების სიმცირის და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარმოდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის 04 თებერვლის მდგომარეობით, საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,საქართველოს ბანკში’’. სს ,,საქართველოს ბანკის’’ მიერ გაცემული ცნობის მიერ 2016 წლის 08 თებერვლის მდგომარეობით საწარმოს ანგარიშებზე ნაშთი შეადგენს 0,00 ლარს. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ  გაცემული ცნობა, რომ შპს ,,სტემ-ჯორჯიას’’ (ს/კ 205211073) სახელზე რაიმე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის თანახმად, შპს ,,სტემ-ჯორჯია’’ (ს/კ 205211073) საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ის ასევე არ ფლობს წილს სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 04 თებერვლის წერილი).

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისთვის, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება, მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს - გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა. მითითებული ნორმის თანახმად,გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარგანჭვრეტადი ხარჯის ოდენობა მინიმუმ 5000 ლარია.

განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს ,,სტემ-ჯორჯიას’’ (ს/კ 205211073) აქტივები არ გააჩნია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარგანჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის - მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,სტემ-ჯორჯიას’’ (ს/კ 205211073) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს ,,სტემ-ჯორჯიას’’ (ს/კ 205211073) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს ,,სტემ-ჯორჯია’’ (ს/კ 205211073) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მისი რეგისტრაციის გაუქმებას.

3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება განმცხადებლისათვის მისი ასლის გადაცემიდან გონივრულ ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს ,,სტემ-ჯორჯიამ’’ (ს/კ 205211073). ამასთან, განმცხადებელსვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

მოსამართლე                                                           ბ . სისვაძე