შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღებისგან გათავისუფლების შესახებ“
მიღების თარიღი 02.06.2015
ძალაში შესვლა 13.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №12/4
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016382
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2016
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | სერბეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ეკვადორის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის
დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღებისგან გათავისუფლების შესახებ“
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღებისგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობა, (შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი),
გამოთქვამენ რა ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობის სურვილს, და მიზნად ისახავენ რა ხელი შეუწყონ თავიანთი სახელმწიფოს იმ მოქალაქეთა მიმოსვლას, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და სამსახურებრივ/ოფიციალურ პასპორტებს,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ორივე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ/ოფიციალურ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დარჩნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღის ვადით ნებისმიერ იმ 180 (ას ოთხმოცი)-დღიან პერიოდში, რომელიც აითვლება პირველადი შესვლის დღიდან.
მუხლი 2🔗
1.თითოეული მხარის სახელმწიფოს დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელი მოქალაქეებს, რომლებიც მივლინებულნი არიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, პირველადი შესვლისათვის ესაჭიროებათ ვიზა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, აგრეთვე მეურვეობის და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ/ოფიციალურ პასპორტებს.
3. (1) და (2) პუნქტებში მითითებული პირები, შესვლიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში ვალდებულნი არიან გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია.
4. თითოეული მხარე ვალდებულია (1) და (2) პუნქტებში მითითებულ პირებზე გასცეს შესაბამისი აკრედიტაცია 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.
მუხლი 3🔗
თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ/ოფიციალურ პასპორტებს, შეუძლიათ შევიდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ ეს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გავლით.
მუხლი 4🔗
თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ/ოფიციალურ პასპორტებს, ვალდებულნი არიან დაიცვან მეორე მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში.
მუხლი 5🔗
წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს მხარეთა უფლებას უარი უთხრან შესვლაზე ან აღკვეთონ მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე იმ მოქალაქეების ყოფნა, რომლებსაც ისინი მიუღებლად მიიჩნევენ.
მუხლი 6🔗
1. მხარეები დიპლომატიური არხების საშუალებით გაცვლიან თავიანთი მოქმედი დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის დღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
2. მხარეები, დიპლომატიური არხების საშუალებით, მიაწვდიან ერთმანეთს თავიანთი ახალი ან შეცვლილი დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად, არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა მათი ძალაში შესვლის თარიღამდე.
მუხლი 7🔗
წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს მხარეთა სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა ქვეყანაში შესვლას, გასვლასა და გადაადგილებას, თუ წინამდებარე შეთანხმების დებულებები აუარესებს მხარეთა სახელმწიფოთა მოქალაქეთა შესვლისა და ყოფნის პირობებს მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
მუხლი 8🔗
წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 9🔗
თითოეული მხარე ინარჩუნებს უფლებას დროებით მოქმედება შეუჩეროს წინამდებარე შეთანხმებას, მთლიანად ან ნაწილობრივ, ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ შეთანხმების მოქმედების შეჩერება ძალაში შევა დიპლომატიური არხების საშუალებით მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღებისთანავე. მოქმედების შეჩერების გაუქმების შემთხვევაში, თითოეული მხარე იმოქმედებს ისეთივე წესით.
მუხლი 10🔗
მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ამ შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული წესის შესაბამისად.
მუხლი 11🔗
1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების საშუალებით, ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოქმედება შეუწყვიტოს შეთანხმებას მეორე მხარისთვის დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის შემდეგ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2015 წლის 2 ივნისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, სერბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტის განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
სერბეთის რესპუბლიკის მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)