„იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, ივლისი 1993 წ., მუხ. 183) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„მუხლი 3. იმიგრანტის სტატუსი
1. იმიგრანტად საქართველოში ითვლება უცხოელი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება.
2. იმიგრანტის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს:
ა) წარმოშობით ქართველს, ე. ი. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის მამა ქართველია;
ბ) საქართველოს მოქალაქის მშობლებს, მეუღლეს, 18 წლამდე ასაკის ან სრულწლოვან ქმედუუნარო შვილებს;
გ) იმიგრანტის მეუღლეს, 18 წლამდე ასაკის ან არასრულწლოვან ქმედუუნარო შვილებს;
დ) საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირებს;
ე) უცხოელს, რომელიც საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველია;
ვ) მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელთა ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს, აგრეთვე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-ტექნიკოსებს და მუშებს, რომლებიც ესაჭიროებიან საქართველოს მეურნეობას.
3. იმიგრანტის სტატუსის მისაღებად უცხოელს უნდა ჰქონდეს შემოსავლის მუდმივი ლეგალური წყარო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს უზრუნველყოს თავისი (თავისი ოჯახის წევრების) მინიმალური საარსებო მოთხოვნილებანი. ამ მოთხოვნილებათა ფულად ეკვივალენტს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
4. თუ იმიგრანტს არა აქვს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობანი, უნდა არსებობდეს მისი (მისი ოჯახის წევრის) შრომითი მოწყობის გარანტია. ასეთ დასკვნას იძლევა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.“.
2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. იმიგრანტის რეგისტრაცია
1. იმიგრანტი ვალებულია საქართველოში ჩამოსვლიდან 10 დღის განმავლობაში გაიაროს რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. იმიგრანტი ვალდებულია შეატყობინოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 15 ნოემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 ივნისი.
№188–რს