„საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.05.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 310050020.54.066.016098
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია | სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების
წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რემონტის წესის დამტკიცების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესის“ დამტკიცების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№66
2016 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის, ICAO-ს ოფიციალური გამოცემების Doc-9476 („მიწისზედა მოძრაობის მართვის სისტემისა და კონტროლის სახელმძღვანელო“), Doc-9830 („გაუმჯობესებული მიწისზედა მოძრაობის მართვის სისტემისა და კონტროლის სახელმძღვანელო“), Doc-9870 („ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე არასანქცირებული შესვლის აღკვეთის სახელმძღვანელო“) და Doc-9137 („აეროპორტების საექსპლუატაციო სახელმძღვანელო“) მოთხოვნების შესაბამისად, ვბრძანებ
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესი“.
მუხლი 2🔗
1. „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესი“ ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან, გარდა მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლისა.
2. „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-7 მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მარტიდან.
3. ამ წესის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი არ ვრცელდება პირებზე, რომელთაც აქვთ აეროდრომის ტერიტორიაზე მძღოლად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა
და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესი
მუხლი 1🔗.
წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1.წესის მიზანია საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური ტრანსპორტის (შემდგომ - სატრანსპორტო საშუალებები) და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგებული სისტემის შექმნა, სატრანსპორტო საშუალებების საჰაერო ხომალდებთან შეჯახების, აეროდრომის ტერიტორიაზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, აეროდრომის სამანევრო არეზე არასანქცირებული შესვლისა და საავიაციო მოვლენების თავიდან აცილება.
2.წესის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ აეროდრომებზე, საიდანაც სრულდება საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა.
3.წესი ადგენს საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების, აგრეთვე აეროდრომის ტერიტორიაზე სამოძრაოდ/სამუშაოდ დასაშვებად „აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის მოწმობის“ (შემდგომ - მოწმობა) გაცემის პირობებს.
4.წესის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომლებიც აეროდრომის ტერიტორიაზე ახორციელებენ სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციას და ქვეითად მოძრაობას.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აეროდრომის კონტროლირებადი ზონა - აეროდრომის პერიმეტრის შიდა სამუშაო ფართობი (ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სხვ.), მიმდებარე ტერიტორია და შენობები, ან/და მათი ნაწილი, რომლებში დაშვებაც კონტროლდება;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება - მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩვეულებრივ, გამოიყენება აეროდრომის ტერიტორიაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად;
გ) არასაკმარისი ხილვადობა - დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვლის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება;
დ) არასანქცირებული შესვლა - ნებისმიერი საავიაციო მოვლენა აეროდრომის ტერიტორიაზე, რომელიც დაკავშირებულია საჰაერო ხომალდის, სატრანსპორტო საშუალების ან ფიზიკური პირის არამართებულ ყოფნასთან იმ დაცულ არეში, რომელიც განკუთვნილია საჰაერო ხომალდის აფრენისა და დაფრენის განსახორციელებლად.
ე) ბუქსირება - საჰაერო ხომალდის ან სატრანსპორტო საშუალების სხვა სატრანსპორტო საშუალების დახმარებით გადაადგილება;
ვ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება - ძრავიანი (თვითმავალი) სატრანსპორტო საშუალება, გარდა ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა, მოპედისა და მასთან გათანაბრებული სხვა სატრანსპორტო საშუალებისა.
ზ) მძღოლი - აეროდრომის ტერიტორიაზე სამუშაოდ/სამოძრაოდ დაშვებული პირი, რომელიც ფლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობას და ამ წესის საფუძველზე გაცემულ მოწმობას.
თ) სამანევრო არე - აეროდრომის ნაწილი, ბაქნების გამოკლებით, რომელიც განკუთვნილია საჰაერო ხომალდების დაფრენის, აფრენისა და მიმოსვლისათვის;
ი) სამანევრო არეში სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი - ფიზიკური პირი, რომელიც სამანევრო არეში, ორგანიზებას უწევს საექსპლუატაციო სამუშაოებს.
კ) სახელსაწყო დაფრენის სისტემების (ILS) კრიტიკული არე - წინასწარ განსაზღვრული ზომების მქონე არე, სადაც აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების შესვლა, როდესაც ხდება ILS-ის გამოიყენება;
ლ) საწარმო - აეროდრომის ტერიტორიაზე საქმიანობის/ფუნქციის განმახორციელებელი ნებისმიერი იურიდიული პირი;
მ) საჰაერო ხომალდის სადგომი - საჰაერო ხომალდის სადგომად ბაქანზე გამოყოფილი ნაკვეთი;
ნ) საჰაერო ხომალდთან სპეციალური ტრანსპორტის მიდგომა/გასვლაზე პასუხისმგებელი პირი - ფიზიკური პირი, რომელიც ორგანიზებას უწევს საჰაერო ხომალდთან სპეციალური ტრანსპორტის მიდგომას/გასვლას;
ო) სპეციალური ტრანსპორტი - სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საჰაერო ხომალდების სადგომზე მომსახურებისთვის, ლიდირებისთვის, გაცილებისთვის, აეროდრომის ხელოვნური საფარის საექსპლუატაციო უზრუნველყოფისთვის და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის, სახანძრო მანქანები.
პ) ქვეითი - აეროდრომის ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულე პირი.
მუხლი 3🔗.
საწარმოს ვალდებულებები
1. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგება;
ბ) აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების უზრუნველყოფის მიზნით, განახორციელოს აეროდრომის ხელოვნური საფარის შესაბამისი მარკირება, საგზაო ნიშნების მონტაჟი და მონიშვნა დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) შეიმუშაოს „აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების პროგრამა“;
დ) დანიშნოს აეროდრომის კონტროლირებად ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესის დაცვაზე ზედამხედველი პირ(ებ)ი.
2. ყველა ის პირი, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით, ესაჭიროება აეროდრომის ტერიტორიაზე გადაადგილდება სატრანსპორტო საშუალებებით, ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ამ სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, აგრეთვე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება აეროდრომის ტერიტორიაზე სამუშაოდ, საწარმოს საფირმო ნიშნის/წარწერის დატანა მათი იდენტიფიცირების გამარტივების მიზნით;
ბ) უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მომზადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან (შემდგომ - სააგენტო) შეთანხმებული „მძღოლის მომზადების პროგრამის“ შესაბამისად;
გ) უზრუნველყოს აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ დადგენილი აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრაობის წესების დაცვა.
მუხლი 4🔗.
აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების სამუშაოდ/სამოძრაოდ დაშვების მოთხოვნები
1. აეროდრომის ტერიტორიაზე სამუშაოდ/სამოძრაოდ დაშვებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებას უნდა გააჩნდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული რეგისტრაციის მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), მათი ტექნიკური მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2. იმ სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება რეგისტრაციას და არ ფლობს სახელმწიფო სანომრე ნიშანს, უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს და მინიჭებული ჰქონდეს უნიკალური ნომერი იდენტიფიცირების მიზნით.
3. აეროდრომის სამანევრო არეში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილი უნდა იყოს საბუქსირე, ცეცხლმაქრი, სპეციალური რადიოკავშირის საშუალებებით და ყვითელი ან ნარინჯისფერი ციმციმა სიგნალით.
4. საჰაერო ხომალდების მომსახურე სპეციალური ტრანსპორტი აღჭურვილი უნდა იყოს ციმციმა სიგნალით, დაგორების საწინააღმდეგო საბჯენებით და ცეცხლმაქრებით. საჰაერო ხომალდების ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე დაკავებული სპეციალური ტრანსპორტი (სამგზავრო ტრაპები, კეტერინგი, ამბულიფტი, ჩატვირთვა/ჩამოტვირთვის მექანიზმები) დამატებით აღჭურვილი უნდა იყოს საამორტიზაციო მოწყობილობებით.
5. აეროდრომის ტერიტორიაზე დაუშვებელია:
ა) ისეთი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელიც გამოიწვევს აეროდრომის ხელოვნური საფარის დაბინძურებას;
ბ) მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, მუხლუხებზე სპეციალური ზესადებების გარეშე;
გ) იმ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება/ექსპლუატაცია, რომელსაც არ გააჩნია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №260 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ შესაბამისად გაცემული საშვი.
მუხლი 5🔗.
აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების პროგრამა
1. აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, აეროდრომის ექსპლუატანტი, შეიმუშავებს „აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების პროგრამას“ (შემდგომ - პროგრამა).
2. პროგრამა, აგრეთვე მასში შესატანი ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას.
3. პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს პროცედურებს, აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, საწარმოების პასუხისმგებლობებს და „აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების განთავსების, ტრანსპორტირებისა და ქვეითთა მოძრაობის სქემატურ ნახაზს“.
მუხლი 6🔗.
აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების განთავსების, ტრანსპორტირებისა და ქვეითთა მოძრაობის სქემატური ნახაზი
1. აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითთა მოძრაობა ხორციელდება „აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების განთავსების, ტრანსპორტირებისა და ქვეითთა მოძრაობის სქემატური ნახაზით“ (შემდგომ - სქემა) დადგენილი და მარკირებული მარშრუტებით.
2. სქემა, სულ მცირე, უნდა ითვალისწინებდეს:
ა) საჰაერო ხომალდების სამიმოსვლო (ბუქსირების) მარშრუტებს;
ბ) საჰაერო ხომალდის სადგომებს, ნომრების ჩვენებით;
გ) სატრანსპორტო საშუალებების სამოძრაო მარშრუტებს, მოძრაობის სიჩქარეს და პარკირების ადგილებს;
დ) სატრანსპორტო საშუალებების საჰაერო ხომალდების სადგომებთან გაჩერების ადგილებს;
ე) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის და გაჩერებისთვის აკრძალულ არეებს;
ვ) საგზაო ნიშნების განთავსების ადგილებს;
ზ) ქვეითთა მოძრაობის მარშრუტებს.
3. სქემაზე დატანილი სატრანსპორტო საშუალებების სამოძრაო მარშრუტები არ უნდა ემთხვეოდეს საჰაერო ხომალდების სამიმოსვლო მარშრუტების ღერძულა ხაზებს, მათ შორის დაცული უნდა იყოს უსაფრთხო მინიმალური მანძილი.
4. სქემაზე დატანილი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მარშრუტები ბაქნებზე, უნდა იყოს ურთიერთდაკავშირებული და ისინი დაცილებული უნდა იყოს სადგომზე მდგომი საჰაერო ხომალდის განაპირა წერტილებიდან არანაკლებ 3 მეტრის მანძილით.
5. სქემაზე ასახული ცალმხრივი სამოძრაო გზების მინიმალური სიგანე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3,5 მეტრს, ხოლო ორმხრივი სამოძრაო გზების მინიმალური სიგანე - არანაკლებ 7 მეტრს.
6. ქვეითთა მოძრაობის მარშუტები ისე უნდა შემუშავდეს, რომ საფრთხე არ შეექმნას ქვეითად მოსიარულეებს, სატრანსპორტო საშუალებებს და ხმელეთზე მოძრავ საჰაერო ხომალდებს.
7. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს სქემა ყველა იმ იურიდიული და ფიზიკური პირისთვის, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ/გადაადგილდებიან აეროდრომის ტერიტორიაზე.
მუხლი 7🔗.
აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგება
1. სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სამანევრო არეში დაშვებულია მხოლოდ საჰაერო ხომალდი(ებ)ს ლიდირებისა და ბუქსირების დროს, აეროდრომის ხელოვნურ საფარზე მოვლა-შენახვითი სამუშაოების საწარმოებლად, შუქ-ტექნიკური სისტემების სამონტაჟო და საექსპლუატაციო სამუშაოების საწარმოებლად, ინსპექტირების (საინსპექციო შემოწმების) და საგანგებო სიტუაციების დროს.
2. აეროდრომის სამანევრო არეში დაუშვებელია:
ა) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის ნებართვის და/ან სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის თანხლების გარეშე;
ბ) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, მწყობრიდან გამოსული რადიოკავშირის საშუალებით და ციმციმა სიგნალით.
3. სამანევრო არეში სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის სატრანსპორტო საშუალება დამატებით აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური რადიოსადგურით საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეს და საჰაერო ხომლდის ეკიპაჟის შორის სამუშაო სიხშირის მოსასმენად.
4. მძღოლმა, ნებისმიერმა სატრანსპორტო საშუალებით გზა უნდა დაუთმოს მოძრავ საჰაერო ხომალდ(ებ)ს და საჰაერო ხომალდის ბუქსირებაზე დაკავებულ სპეციალურ ტრანსპორტს.
5. სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის სიჩქარე, საჰაერო ხომალდის სადგომთან და მომსახურების (მიდგომა/გასვლა) ზონაში არ უნდა აღემატებოდეს 5კმ/სთ-ს, ბაქანზე - 30 კმ/სთ-ს, ხოლო აეროდრომის ტერიტორიის სხვა არეებში - 50 კმ/სთ-ს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვა არ ვრცელდება სპეციალური ტრანსპორტის მიერ აეროდრომის ხელოვნურ საფარზე სამუშაოების ჩატარებისას და შეჭიდების კოეფიციენტის გაზომვისას, აგრეთვე განგაშის დროს გამოძახებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.
7. საგანგებო სიტუაციების დროს, საავარიო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული/მონაწილე სპეციალური ტრანსპორტი, აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრავი სხვა სატრანსპორტო საშუალების წინაშე სარგებლობს მოძრაობის უპირატესი უფლებით.
8. სატრანსპორტო საშუალებებზე გამოსაჩენ ადგილას (წრიული ხედვის არეში) დამონტაჟებული უნდა იყოს ყვითელი ან ნარინჯისფერი ციმციმა სიგნალი, რომელიც ჩართული უნდა იყოს:
ა) სატრანსპორტო საშუალებების სამანევრო არეში მოძრაობის და სამუშაოების წარმოების დროს;
ბ) საჰაერო ხომალდის სადგომზე საჰაერო ხომალდის მომსახურების ან ხელოვნური საფარის მოვლა-შენახვითი სამუშაოების წარმოების დროს;
გ) აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრაობისას არასაკმარისი ხილვადობისას.
9. ქვეითი ვალდებულია ისარგებლოს მისთვის გამოყოფილი მარშრუტით და გზა დაუთმოს ნებისმიერ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
მუხლი 8🔗.
სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება საჰაერო ხომალდის სადგომზე
1. საჰაერო ხომალდის სადგომზე სპეციალური ტრანსპორტის მიდგომა/გასვლას ხელმძღვანელობს საჰაერო ხომალდებთან სპეციალური ტრანსპორტის მიდგომაზე/გასვლაზე პასუხისმგებელი პირი.
2. საჰაერო ხომალდებთან სპეციალური ტრანსპორტის მიდგომა/გასვლა ხორციელდება კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდისათვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ან/და მწარმოებლის მიერ შემუშავებული, საჰაერო ხომალდების მომსახურებისას სპეციალური ტრანსპორტის მიდგომის, გასვლისა და მანევრირების სქემების შესაბამისად.
მუხლი 9🔗.
სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება სამანევრო არეში
1. სამანევრო არეში, აეროდრომის ხელოვნური საფარზე მოვლა-შენახვითი სამუშაოების ან სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად, სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობით.
2. სამუშაოს წარმოების პროცესში, სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია განახორციელოს რადიოკავშირის საკონტროლო შემოწმება საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურესთან 15 წუთიანი მონაკვეთების სიხშირით. რადიოკავშირის დაკარგვისას ან მისი არამდგრადობის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს სამუშაოები და სპეციალური ტრანსპორტი გაყვანილ იქნას უსაფრთხო ადგილზე, სახელსაწყო დაფრენის სისტემების (ILS) კრიტიკული არეს ან საფრენი ზოლის გარეთ.
3. სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს დამატებითი რადიოსადგურით, საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის სამუშაო სიხშირის მოსასმენად, რომელიც მუდმივად უნდა იყოს ჩართული საფრენ ზოლზე მუშაობის დროს.
4. სამანევრო არეში სამუშაოების დასრულების შემდეგ სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი უნდა დარწმუნდეს, რომ სამუშაოს შესრულების შემდეგ აღარ არსებობს ისეთი ფაქტორები, რაც ხელს შეუშლის ფრენის უსაფრთხოებას და საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეს გადასცეს ინფორმაცია სამუშაოს დასრულების და სამანევრო არედან სატრანსპორტო საშუალებებისა და დამხმარე ტექნიკური საშუალებების გაყვანა/გატანის თაობაზე.
5. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი სატრანსპორტო საშუალებებისა და დამხმარე ტექნიკური საშუალებებისაგან უნდა განთავისუფლდეს საჰაერო ხომალდის დაფრენის სავარაუდო დრომდე არანაკლებ 5 წუთით ადრე.
6. სამანევრო არეში სპეციალური ტრანსპორტის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი დაუყოვნებლივ გადასცემს ინფორმაციას მომხდარის შესახებ საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეს და დაუყოვნებლივ იღებს ზომებს, სამანევრო არედან გაუმართავი ტექნიკის უსაფრთხო მანძილზე გასაყვანად.
7. სამანევრო არეში, სამუშაოების წარმოების დროს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, სპეციალურ ტრანსპორტზე ჩართული უნდა იყოს რადიოსადგური, საგაბარიტო სინათლე და ციმციმა სიგნალი.
8. საფრენი ზოლი განთავისუფლებულად ითვლება, როდესაც სპეციალური ტრანსპორტი გასცდება სახელსაწყო დაფრენის სისტემების (ILS) კრიტიკულ არეს ან საფრენი ზოლის საზღვრებს.
9. საფრენი ზოლის განთავისუფლების შემდეგ, სპეციალური ტრანსპორტის მძღოლი საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეს გადასცემს ინფორმაციას საფრენი ზოლის განთავისუფლების შესახებ.
10. სამანევრო არეში დაუშვებელია:
ა) სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის ნებართვის გარეშე;
ბ) ტექნიკურად გაუმართავი სპეციალური ტრანსპორტის ექსპლუატაცია;
გ) მძღოლის მიერ, საფრენი ზოლის და სახელსაწყო დაფრენის სისტემების (ILS) კრიტიკული არეს გადაკვეთა საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის ნებართვის გარეშე.
მუხლი 10🔗.
მძღოლის ვალდებულებები
1. აეროდრომის ტერიტორიაზე სამოძრაოდ/სამუშაოდ დაშვებულმა მძღოლმა თან უნდა იქონიოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა და ამ წესის შესაბამისად გაცემული მოწმობა.
2. მძღოლი ვალდებულია:
ა) დაიცვას სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით სარგებლობის წესები;
ბ) დაიცვას სატრანსპორტო საშუალებების საჰაერო ხომალდის სადგომზე განთავსების, მუშაობის და მოძრაობის წესები;
გ) მიიღოს ზომები ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, სამიმოსვლო ბილიკზე და ბაქანზე სატრანსპორტო საშუალების მწყობრიდან გამოსვლისას მის უსაფრთხო მანძილზე დაუყოვნებლივ გამოსაყვანად;
დ) გზა დაუთმოს მოძრავ საჰაერო ხომალდებს;
ე) სატრანსპორტო საშუალების მართვა არ მიანდოს სხვა პირს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე დამსაქმებელ საწარმოს.
მუხლი 11🔗.
მძღოლების მომზადება
1. მძღოლის მომზადება გულისხმობს თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას.
2. მძღოლის თეორიულ მომზადებას უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სასწავლო დაწესებულება, სააგენტოსთან შეთანხმებული „მძღოლის მომზადების პროგრამის“ შესაბამისად.
3. თეორიული მომზადების დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულება ატარებს თეორიულ ტესტირებას წერილობითი ტესტების (საგამოცდო ბილეთების) მეშვეობით.
4. ტესტირების შემდეგ, სასწავლო დაწესებულების მიერ გაიცემა ტესტირების შედეგების შეფასების ფურცელი, რომელიც შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.
5. თეორიული კურსის გავლის შემდეგ, II და III კატეგორიის მიღების მსურველმა მძღოლმა უნდა გაიაროს პრაქტიკული მომზადება.
6. მძღოლების პრაქტიკულ მომზადებას უზრუნველყოფს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დანიშნული პირი, რომელსაც გააჩნია აეროდრომის ტერიტორიაზე შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე მძღოლად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
7. მძღოლების პრაქტიკული მომზადება ტარდება ყველა იმ კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების ტიპზე, რომელზეც იგეგმება მძღოლის სამუშაოდ დაშვება. პრაქტიკული მომზადების ხანგრძლივობა, თითოეული ტიპის სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 საათს.
8. აეროდრომის ტერიტორიაზე სამოძრაოდ დაშვების შემდეგ, საწარმო ვალდებულია ორ წელიწადში ერთხელ, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში უზრუნველყოს, მძღოლის თეორიული მომზადება და ტესტირება.
მუხლი 12🔗.
მძღოლის მომზადების პროგრამა
1. სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სასწავლო დაწესებულება შეიმუშავებს და სააგენტოსთან ათანხმებს „მძღოლის მომზადების პროგრამას“.
2. „მძღოლის მომზადების პროგრამა“, კატეგორიების შესაბამისად, სულ მცირე, უნდა ითვალისწინებდეს:
ა) I კატეგორიისათვის:
ა.ა) აეროდრომსა და მის შემადგენელ ნაწილებს;
ა.ბ) საგზაო ნიშნებს და მონიშვნებს;
ა.გ) „აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების განთავსების, ტრანსპორტირებისა და ქვეითთა მოძრაობის სქემატურ ნახაზს“;
ა.დ) აეროდრომის ტერიტორიაზე არასაკმარისი ხილვადობის დროს მოძრაობის წესს;
ა.ე) აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრაობისას მძღოლის ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას.
ბ) II კატეგორიისათვის:
ბ.ა) აეროდრომსა და მის შემადგენელ ნაწილებს;
ბ.ბ) საგზაო ნიშნებს და მონიშვნებს;
ბ.გ) „აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების განთავსების, ტრანსპორტირებისა და ქვეითთა მოძრაობის სქემატურ ნახაზს“;
ბ.დ) აეროდრომის ტერიტორიაზე არასაკმარისი ხილვადობის დროს მოძრაობის წესს;
ბ.ე) აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრაობისას მძღოლის ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას;
ბ.ვ) სპეციალური ტრანსპორტის ექსპლუატაციას, დანიშნულებას და მომსახურებას;
ბ.ზ) სპეციალური ტრანსპორტით საჰაერო ხომალდების მომსახურებას;
ბ.თ) შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დროს;
ბ.ი) საჰაერო ხომალდის მომსახურების არეში სპეციალური ტრანსპორტით შესვლისა და საჰაერო ხომალდთან მიდგომის/გასვლის მოთხოვნებს;
ბ.კ) გარემოს დაცვის მოთხოვნებს;
ბ.ლ) პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო დაცვის წესებს.
გ) III კატეგორიისათვის:
გ.ა) აეროდრომსა და მის შემადგენელ ნაწილებს;
გ.ბ) საგზაო ნიშნებს და მონიშვნებს;
გ.გ) „აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების განთავსების, ტრანსპორტირებისა და ქვეითთა მოძრაობის სქემატურ ნახაზს“;
გ.დ) აეროდრომის ტერიტორიაზე არასაკმარისი ხილვადობის დროს მოძრაობის წესს;
გ.ე) აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრაობისას მძღოლის ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას;
გ.ვ) სპეციალური ტრანსპორტის ექსპლუატაციას, დანიშნულებას და მომსახურებას;
გ.ზ) სპეციალური ტრანსპორტით სამანევრო არეს დაკავების/განთავისუფლების და საფრენი ზოლის გადაკვეთის წესს.
გ.თ) რადიოკავშირის წარმოების წესსა და ფრაზეოლოგიას.
გ.ი) რადიოკავშირის მტყუნების დროს მოქმედების წესს;
გ.კ) შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დროს;
გ.ლ) პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო დაცვის წესებს;
გ.მ) გარემოს დაცვის მოთხოვნებს.
მუხლი 13🔗.
მძღოლის კატეგორიები
1. აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის მიზნით, მძღოლს, სამსახურებრივი ვალდებულებიდან გამომდინარე, ენიჭება შემდეგი კატეგორიები:
ა) I კატეგორია - აეროდრომის ტერიტორიაზე, მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ გზებზე სამოძრაოდ.
ბ) II კატეგორია - აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ გზებზე სამოძრაოდ, საჰაერო ხომალდის სადგომზე შესვლისა და საჰაერო ხომალდის მომსახურების უფლებით.
გ) III კატეგორია - აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ გზებზე და სამანევრო არეზე სამოძრაოდ.
2. მოწმობის ნიმუში მოცემულია დანართში №1.
3. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მძღოლს მიენიჭოს ერთდროულად ორი კატეგორია.
მუხლი 14🔗.
მოწმობის გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება, გამოცვლა და გაუქმება
1. მოწმობის გაცემას, მოქმედების ვადის გაგრძელებას, გამოცვლას და გაუქმებას ახორციელებს და მოწმობის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, გამოცვლისა და გაუქმების პროცედურას შეიმუშავებს აეროდრომის ექსპლუატანტი. 2. მოწმობა გაიცემა 2 წლის ვადით.
3. მოწმობის გამოცვლა ხორციელდება მოწმობის ვადის 6-ჯერ გაგრძელების შემდეგ.
4. მოწმობის გაუქმება ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრაობის წესების დარღვევისას, კერძოდ, ერთი წლის განმავლობაში მოწმობაში სამი დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში;
ბ) მძღოლის მიერ თავისი ვალდებულებების სისტემატურად შეუსრულებლობის შემთხვევაში, რამაც გამოიწვია/შეიძლება გამოიწვიოს საავიაციო შემთხვევა/ინციდენტი;
გ) იმ საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, რომლის შუამდგომლობითაც იყო გაცემული მოწმობა.
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტისას (გაუქმებისას);
ე) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
1. მოწმობის გაუქმების თაობაზე აეროდრომის ექსპლუატანტი აცნობებს შესაბამის საწარმოს.
2. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაუქმებული მოწმობის აღდგენა შესაძლებელია ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მომზადების თავიდან გავლის შემთხვევაში.
მუხლი 15🔗.
პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე
1. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.