1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.

3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს ათანხმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

4. რეგენტთა საბჭო ან წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტის პროექტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს შესაბამისად რეგენტთა საბჭო ან წარმომადგენლობითი საბჭო.

6. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს, ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი სათანადო დასაბუთებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს შესაბამისად რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები.

7. რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის პროექტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას. ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდება ახალდანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.

საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013