შპს „ენერჯი ედვაიზერის“ - გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმის №2/4976-16 (330210316001268060)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2016 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „ენერჯი ედვაიზერი” (ს/კ 205247598)
წარმომადგენელი: ირაკლი გვილია (დირექტორი)
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ენერჯი ედვაიზერი” (ს/კ 205247598) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ენერჯი ედვაიზერის” (ს/კ 205247598) წარმომადგენელმა (დირექტორმა) ირაკლი გვილიამ და განმარტა, რომ მოვალე იმყოფება გადახდისუუნარობის მდგომარეობაში, მას არ გააჩნია არანაირი ქონება, რომლითაც შესაძლებელი იქნება კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. უფრო მეტიც, საწარმოს არ შესწევს უნარი, დაფაროს საპროცესო ხარჯებიც კი. კომპანიას დაგეგმილი ჰქონდა ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში, თუმცა ვინაიდან ექსპორტის განსახორციელებლად არ არსებობდა შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, კომპანიამ ელექტროენერგია მიყიდა სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს”, რომლის მიერ გადახდილი ნასყიდობის საფასური ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ელექტროენერგიის შეძენის ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას წარმოეშვა დავალიანება. შპს „ენერჯი ედვაიზერის” თავდაპირველი კრედიტორი იყო სს „ინტერ რაო უეს”, რომელმაც მოთხოვნა დაუთმო კომპანია „SILVERTERIA HOLDINGS LIMITED”-ს. ამ უკანასკნელმა გადაიხადა განმცხადებლის ვალი. დღეის მდგომარეობით შპს „ენერჯი ედვაიზერის” დავალიანება მისი კრედიტორის - „SILVERTERIA HOLDINGS LIMITED”-ის მიმართ შეადგენს 7 577 673,45 აშშ დოლარს. კომპანიას არ აქვს არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება, არ აქვს თანხა ანგარიშებზე, რის გამოც შეუძლებელია დავალიანების დაფარვა. საწარმოს ერთადერთი კრედიტორია „SILVERTERIA HOLDINGS LIMITED”-ი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ენერჯი ედვაიზერმა” მოითხოვა საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადება მისი რეგისტრაციის გაუქმების გზით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 მარტის განჩინებით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „ენერჯი ედვაიზერს” (ს/კ 205247598) უარი ეთქვა მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ენერჯი ედვაიზერის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორები გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდნენ სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 მარტის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 6 აპრილს, სსიპ -შემოსავლების სამსახურს ჩააბარდა 2016 წლის 31 მარტს; რაც შეეხება უცხოელ კრედიტორს - „SILVERTERIA HOLDINGS LIMITED”-ს, მას განჩინება ჩააბარდა 2016 წლის 11 აპრილს; ამასთან, სასამართლოსათვის წარმოდგენილ იქნა „SILVERTERIA HOLDINGS LIMITED”-ის დირექტორის - ვასილიკი ანდრეუს განცხადება, რომ კომპანია არ გეგმავს შპს „ენერჯი ედვაიზერის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების შეტანას (იხ. ს.ფ. 57-62); უცხოელ კრედიტორს - „SILVERTERIA HOLDINGS LIMITED”-ს ინგლისურ ენაზე ნათარგმნი განჩინება სასამართლოს მიერაც გაეგზავნა მისამართზე - კვიპროსი, ნიქოზია, პოსეიდონის 1-ლი, ლედრა ბიზნესცენტრი, ეგკომი. გზავნილი ჩააბარდა 2016 წლის 3 მაისს (იხ.ს.ფ, 64-65);
განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს „ენერჯი ედვაიზერის” (ს/კ 205247598) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. აღნიშნული კი საფუძველია შპს „ენერჯი ედვაიზერის” (ს/კ 205247598) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს „ენერჯი ედვაიზერი” (ს/კ 205247598) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება განმცხადებლისათვის მისი ასლის გადაცემიდან გონივრულ ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს შპს „ენერჯი ედვაიზერმა” (ს/კ 205247598). ამასთან, განმცხადებელსვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა.
3. მოვალე შპს „ენერჯი ედვაიზერს” (ს/კ 205247598) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
4. უცხოელ კრედიტორთა ინფორმირების მიზნით შპს „ენერჯი ედვაიზერი” (ს/კ 205247598) ვალდებულია გონივრულ ვადებში უზრუნველყოს განჩინების გადათარგმნა, თარგმანის ნოტარიალური დადასტურება, ნათაგმნი განჩინების ასლების უცხოელ კრედიტორთათვის ჩაბარება, ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტთა და ნათარგმნი განჩინების ერთი ეგზემპლარის სასამართლოში წარმოდგენა.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის განმცხადებლისათვის და უცხოელ კრედიტორთათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ იმავე წესით სხვა კრედიტორებმაც, განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბ . სისვაძე