1. საქართველოში აუდიტი ტარდება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA) არის აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები, რომლებსაც მოიცავს ამ ორგანოს და მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების ცნობარი.

2. აუდიტის გარდა, სხვა აუდიტორული მომსახურების (მიმოხილვა, სხვა მარწმუნებელი გარიგება და დაკავშირებული მომსახურება) განხორციელებისას აუდიტორი/აუდიტორული ფირმა იყენებს აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ  ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული და დამტკიცებული მიმოხილვისა და დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სხვა მარწმუნებელი გარიგების საერთაშორისო სტანდარტებს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებას უზრუნველყოფს სამსახური მათი განახლებიდან 6 თვის ვადაში. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, გამოიყენოს ამ სტანდარტების მოქმედი (ინგლისურენოვანი) რედაქცია.

4. სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ დამატებითი მოთხოვნები დგინდება სამსახურის უფროსის ბრძანებით, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი წესით განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც გაიარა შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი.

6.
აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც აუდიტორულ მომსახურებას უწევს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მუნიციპალიტეტის ორგანოსა და სხვა პირს, რომელთათვისაც შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილია ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ან საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების მოთხოვნა, ვალდებულია აუდიტორული მომსახურების გაწევისას ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებით იხელმძღვანელოს.

7. იმ ხელშეკრულებით, რომლის მხარეც არის ქონების მმართველი, განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც გაიარა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის მოთხოვნილი, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი, სამსახურის მიერ დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურების მიმართ მოთხოვნებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ადგენს საქართველოს მთავრობა.

9. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელი აუდიტორული ფირმებისათვის დამატებითი ან განსხვავებული მოთხოვნები დაადგინოს. ამგვარი მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაციის რეესტრში ასახვას უზრუნველყოფს სამსახური.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7014-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022