1. სუბიექტს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ენიჭება 1 წლის ვადით.

2. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 1 წლით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

3. სუბიექტმა ინოვაციური სტარტაპის სტატუსით შეიძლება ისარგებლოს ჯამურად არაუმეტეს 10 წლის ვადით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვის შემთხვევაში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი:

ა) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის პირველად მინიჭებიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში აღნიშნული სტატუსის მოქმედების ვადის 2-ჯერ გაგრძელებას შეძლებს, თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  ვადის გასვლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადის 3-ჯერ გაგრძელებას შეძლებს, თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთანავე, მას სტატუსის მოპოვების მე-3 წლის ბოლოსთვის მიღებული აქვს ჯამურად არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომლის სულ მცირე 30% არის საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიღებული ინვესტიცია. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად მიიჩნევა აგრეთვე სხვა ქვეყანაში დაფუძნებული იმ მშობელი კომპანიისგან ან/და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული სახსრების არანაკლებ 30%-ისა საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიიღო;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადის 4-ჯერ გაგრძელებას შეძლებს, თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთანავე, მას სტატუსის მოპოვების მე-6 წლის ბოლოსთვის მიღებული აქვს ჯამურად არანაკლებ 15 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომლის სულ მცირე 30% არის საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიღებული ინვესტიცია. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად მიიჩნევა აგრეთვე სხვა ქვეყანაში დაფუძნებული იმ მშობელი კომპანიისგან ან/და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული სახსრების არანაკლებ 30%-ისა საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიიღო.

საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №718 – ვებგვერდი, 27.06.2025