მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების წესი
მიღების თარიღი 09.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010290000.22.027.016664
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2016 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| № | სახელწოდება (შემოკლებული დასახელება) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.06.2012
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების წესი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№161
2016 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე-24-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს:
ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების წესი (დანართი №1);
ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ფორმა (დანართი №2).
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 18 ივნისის №103 ბრძანება.
3.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების სარეგისტრაციო მოწმობები, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე იქნა გაცემული, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
4.
ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს შეუნარჩუნდეთ რეესტრის ნომერი (სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი) და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.
5.
ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრირებული პარტიების შესახებ მონაცემების ასახვა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში განხორციელდეს ეტაპობრივად, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
6.
ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარდგენილ განცხადებებზე, რომლებზეც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, სარეგისტრაციო წარმოება დასრულდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 18 ივნისის №103 ბრძანებით დამტკიცებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციის წესის“ შესაბამისად.
7.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
დანართი №1
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) დებულების შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს სააგენტოს მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების პროცედურებსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებანი
ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (შემდგომში – პარტიები) შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა;
ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოება – სააგენტოს საქმიანობა პარტიის რეგისტრაციის მიზნით;
გ) რეგისტრაცია - პარტიის შექმნის, მის წესდებაში და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული მონაცემების ცვლილებისა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;
დ) სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – პარტიის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები;
ე) საიდენტიფიკაციო ნომერი – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ პირთათვის ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უნიკალური ნომერი;
ვ) ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან (შემდგომში – ამონაწერი) – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში არსებული მონაცემების შემცველი, ამ წესით დადგენილი ფორმით შედგენილი დოკუმენტი;
ზ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში დაცული ინფორმაციისა და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაციის (გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა) საჯაროობის, მათი თავისუფალი გაცნობისა და გაცემის უზრუნველყოფა;
თ) წესდება – წერილობითი, კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პარტიის რეგისტრაციისა და მისი საქმიანობისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას;
ი) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება.
მუხლი 3🔗. სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და მათი წარდგენა
1. პარტიის რეგისტრაციასა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოებას, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, უზრუნველყოფს სააგენტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის სამსახური (შემდგომში – რეგისტრაციის სამსახური).
2. პარტიის რეგისტრაციისათვის, პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში, სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით;
ბ) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი;
გ) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის მითითებითა და მათი ხელმოწერებით. აღნიშნული ინფორმაცია დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს ისეთი ელექტრონული ფორმით (ელექტრონული ცხრილის სახით - xlsx, cvs, ან მსგავსი ფორმატი; კოდირება UTF8), რაც რეგისტრაციის სამსახურს მისცემს შესაბამისი მონაცემების ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავების შესაძლებლობას. ელექტრონული ფორმით შედგენილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს იმ თანმიმდევრობით და სიზუსტით, როგორც ეს მითითებულია ქაღალდის მატარებელზე;
დ) პარტიის წესდება;
ე) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის ნომრის შესახებ;
ვ) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;
ზ) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება;
თ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის ნომრის შესახებ ცნობა გულისხმობს მონაცემებს შესაბამისი იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მესაკუთრისა და ტელეფონის ნომრის მფლობელის სანოტარო წესით დადასტურებული თანხმობის ან ადგილსამყოფლისა და ტელეფონის ნომრის სარგებლობის შესახებ დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების თაობაზე. იურიდიულ მისამართად უნდა მიეთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა.
4. პარტია ვალდებულია წესდებაში ან/და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში 10 დღის ვადაში აცნობოს ამის თაობაზე სააგენტოს და წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტი (დოკუმენტები).
5. თუ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით ან პარტიის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია პარტიის ყრილობის მიერ სათანადო წესით მიღებული გადაწყვეტილება. ამ მიზნით ჩატარებულ ყრილობას ესწრება და მის ოქმს ამოწმებს ნოტარიუსი. ნოტარიუსის დასწრება არ არის სავალდებულო ყრილობის იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება წესდებაში ან/და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანას, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ ყრილობის ოქმში.
6. ცვლილების რეგისტრაცია ხდება ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი წესით.
7. წესდებაში ან/და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში შეტანილი ცვლილების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ.
8. პარტიის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს ერთ ეგზემპლარად.
9. განცხადებების წარდგენა და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა წარმოებს ელექტრონული პროგრამის საშუალებით. სააგენტო განცხადების წარმოდგენას ადასტურებს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში მისი რეგისტრაციითა და მასზე სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით. უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში წარმოდგენილი განცხადება და გასცეს განცხადების მიღების ბარათი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენის ფაქტს.
10. თუ სააგენტოში განცხადება წარმოდგენილია ფოსტის ან კანცელარიის მეშვეობით, ან არსებობს სააგენტოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო აქტით (არბიტრაჟის გადაწყვეტილებით) დაკისრებული ვალდებულება, მიიღოს გადაწყვეტილება, უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრიროს პირობითი განცხადება.
მუხლი 4🔗. რეგისტრაცია
1. სააგენტო პარტიის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
2. წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პარტიის რეგისტრაციის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
3. პარტია წარმოშობილად ითვლება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
4. პარტიას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ მისი წესდება ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ წესის მოთხოვნებს.
5. პარტიის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში, წერილობით აცნობოს ამის თაობაზე, უარის თქმის დასაბუთებული მიზეზის მითითებით.
6. პარტიას შეუძლია რეგისტრაციაზე უარი ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.
7. რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში განმცხადებელს შეუძლია ხელახლა წარადგინოს დოკუმენტები სარეგისტრაციოდ.
მუხლი 5🔗. სარეგისტრაციო მოწმობა
1. პარტიის რეგისტრაციის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო სარეგისტრაციო მოწმობას და წესდებას გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში. თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ერთი თვის ვადაში არ განხორციელდა რეგისტრაცია და განმცხადებელს არ ეცნობა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ამასთან, თუ პარტიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ წესისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის მოთხოვნებს, პარტია რეგისტრირებულად ჩაითვლება და სააგენტო ვალდებულია მომდევნო 7 დღის ვადაში გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა და წესდება.
2. სარეგისტრაციო მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბს;
ბ) მოწმობის დასახელებას;
გ) სააგენტოს ემბლემას წარწერით „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“;
დ) პარტიის სახელწოდებას (შემოკლებულ დასახელებას);
ე) პარტიის რეგისტრაციის (ცვლილების რეგისტრაციის) თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს, გამომცემი ორგანოს დასახელებას, აგრეთვე, მისი გამოცემის თარიღსა და ნომერს;
ვ) პარტიის ხელმძღვანელ ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირთა) სახელსა (სახელებსა) და გვარს (გვარებს);
ზ) პარტიის იურიდიულ მისამართს;
თ) პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერს.
3. პარტიის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული იმ ცვლილების შემთხვევაში, რომელიც იწვევს მათ სარეგისტრაციო მოწმობაში ცვლილების შეტანას, გაიცემა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა. ახალ სარეგისტრაციო მოწმობაზე მიეთითება სიტყვა: „ცვლილება“.
მუხლი 6🔗. საიდენტიფიკაციო ნომერი
1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციის შედეგად პარტიას ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის შეცვლა დაუშვებელია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საიდენტიფიკაციო ნომერი არის უნიკალური კოდი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებულ ცხრანიშნა ნომერს.
3. საიდენტიფიკაციო ნომერი უცვლელია და ის უქმდება პარტიის რეგისტრაციის გაუქმებასთან ერთად.
მუხლი 7🔗. ამონაწერი
1. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, ამონაწერი გაიცემა ნებისმიერ პირზე და მზადდება რეგისტრირებული მონაცემის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მოთხოვნისას.
2. ამონაწერი მზადდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად.
3. ამონაწერში აისახება ინფორმაცია:
ა) განცხადების რეგისტრაციისა და ამონაწერის მომზადების თარიღისა და ნომრების შესახებ;
ბ) პარტიის სახელწოდების (შემოკლებული დასახელების), იურიდიული მისამართისა და ტელეფონის ნომრის შესახებ;
გ) პარტიის საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ;
დ) პარტიის ხელმძღვანელი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) თანამდებობის, სახელისა და გვარის შესახებ, ასევე მათი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ (შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში);
ე) რეგისტრაციის (ცვლილების რეგისტრაციის) თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახის, გამომცემი ორგანოს, მისი გამოცემის თარიღისა და ნომრის შესახებ.
4. ამონაწერი უნდა ასახავდეს ერთ პარტიაზე რეგისტრირებულ მონაცემებს.
5. ამონაწერის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია.
დანართი №2
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიების) რეესტრის ფორმა
№
სახელწოდება (შემოკლებული დასახელება)
იურიდიული მისამართი და ტელეფონის ნომერი
ხელმძღვანელი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირები) თანამდებობა, სახელი, გვარი, ასევე მათი უფლებამოსილების შეზღუდვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საიდენტიფიკაციო
ნომერი
რეგისტრაციის (ცვლილების რეგისტრაციის) თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის სახე, გამომცემი ორგანო, გამოცემის თარიღი და ნომერი
შენიშვნა