„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.016399
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №33

2016 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, ს/კ: 360160000.22.023.016151) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის უფროსს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს უფროსს და  დეპარტამენტში გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განმახორცილებელ საჯარო მოსამსახურეებს, უფლება აქვთ დადგენილი წესით გამოიყენონ ფიზიკური იძულება და სპეციალური საშუალებები.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:

„42. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით განსაზღვრულ დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს.“

3. მე-6 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახური";

ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახური.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) კახეთის რეგიონული სამმართველო;

ბ) ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო;

გ) აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველო;

დ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო;

ე) დასავლეთის რეგიონული სამმართველო;

ვ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო;

ზ) აჭარის რეგიონული სამმართველო;

თ) შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო.“.

4. მე-7 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე;

ბ) პიროვნების დადგენის მიზნით და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება,  სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა/დალუქვა;

გ) რეგულირების ობიექტების დათვალიერება/შესწავლის განხორციელება;

დ) დათვალიერება/შესწავლისას დადგენილი წესით ინსპექტირების აქტის შედგენა, ხოლო დათვალიერება/შესწავლის პროცესში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების გატარება;

ე) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ვ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, მათ შორის, სასაზღვრო ზოლში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში არსებული ნივთები და საგნები, აწარმოოს პირადი გასინჯვა. პირის (მათ შორის, იმ პირის, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას) დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები;

ზ) სატრანსპორტო საშუალებით მოძრავი პირის დაუმორჩილებლობის (გაქცევის) შემთხვევაში მოძრაობის უსაფრთხოების დაცვით სატრანსპორტო საშუალების დევნა მისი დაკავების მიზნით;

თ) პატრულირების განხორციელება განსაზღვრული სამოძრაო მიმართულებების შესაბამისად;

ი) პატრულირების განხორციელება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის მიერ შედგენილი ყოველდღიური 24-საათიანი გრაფიკის მიხედვით;

კ) სამსახურზე გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, შენახვისა და გაცემის ორგანიზება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას რეგულირების ობიექტებისგან ახსნა-განმარტებების, ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში;

მ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს „ცხელ ხაზზე” შემოსული შეტყობინებები და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება („ცხელ ხაზზე“ შემოსული ანონიმური შეტყობინებების განხილვა სავალდებულო არ არის), ამ მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების ინსპექტორების დახმარება ან/და მონაწილეობა;

ნ) დეპარტამენტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ საჯარო მოსამსახურეთათვის გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელების პროცესში  მონაწილეობის მიღება ან/და დახმარების გაწევა;

ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის უფროსის ბრძანების შესაბამისად,  ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელება. ამ მიზნით სამსახურის შესაბამისი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის კუთვნილი ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების დაცვის მდგომარეობის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა ჯეროვანი გამოყენების მდგომარეობის კონტროლი;

ბ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, ასევე მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების, საჩივრების ან სხვა სახის ინფორმაციის შესწავლა, მოქალაქეებისთვის (ნებაყოფლობით საფუძვლებზე) და დეპარტამენტის საჯარო მოსამსხურეთათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, ასევე მათგან ინფორმაციის მიღება;

გ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა;

დ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენა;

ე) აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს რეკომენდაცია/კონსულტაცია დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთაგან;

ვ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურისგან საჭირო დოკუმენტი ან ინფორმაცია;

ზ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებზე დეპარტამენტის უფროსს საქმის მასალებან ერთად წარუდგინოს დასკვნა მათ მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;

თ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოამზადოს საქმის მასალები, დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში გადასაგზავნად;

ი) დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებით განსაზღვრული წესით გათვალისწინებული პატრულირების ან/და ინსპექტირების პროცესში სავალდებულოდ შესადგენი დოკუმენტების შედგენაზე სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მატერიალური და ფინანსური რესურსების დაგეგმვის, განაწილებისა და გამოყენების კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა;

ლ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა რაციონალური გამოყენების შესწავლა და ანალიზი. სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისის არსებობის ფაქტების გამოვლენა და დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი დასკვნების მომზადება;

მ) კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მათი ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა;

ნ) მოპოვებული მასალებისა და ინფორმაციის შესწავლა, გაანალიზება და შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების თავიდან აცილების მიზნით დეპარტამენტის უფროსისთვის დასკვნების წარდგენა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს 2016 წლის 9 სექტემბრიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 16 სექტემბრიდან.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი