„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№193
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.016316
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №193

2015 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 13/05/2013, 360160000.22.023.016151) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისა (შემდგომში - მინისტრი) და  მინისტრის შესაბამისი მოადგილის წინაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი სფეროა ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, მათ შორის, საქართველოს ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ქიმიური უსაფრთხოების, ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა), ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლი, რომელიც მოიცავს, გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებაზე, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებაზე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას და შესაბამისი რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლი.“

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1) დეპარტამენტის  უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური იძულება და სპეციალური საშუალებები „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ცეცხლსასროლი იარაღის სასაზღვრო ზონასა და ზოლში გამოყენებისას მან უნდა იხელმძღვანელოს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით;“.

4. მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) ანალიტიკური სამსახური;

გ) აპარატი;

დ) ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახური;

ე) გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახური;

ვ) იურიდიული სამსახური;

ზ) სწრაფი რეაგირების სამსახური.

3. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) კახეთის სამსახური;

ბ) ქვემო ქართლის სამსახური;

გ) მცხეთა-მთიანეთის სამსახური;

დ) შიდა ქართლის სამსახური;

ე) სამცხე-ჯავახეთის სამსახური;

ვ) იმერეთის სამსახური;

ზ) გურიის სამსახური;

თ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამსახური;

ი) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახური;

კ) აჭარის სამსახური;

ლ) შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური.“

5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები

1. ადმინისტრაციული სამსახურის ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარდგენის უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

გ) დადგენილი წესით დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;

დ) დეპარტამენტის საფინანსო, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა (ორგანიზება) კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) დეპარტამენტის ფინანსური და არაფინანსური აქტივების, მოთხოვნების, ვალდებულებებისა და კაპიტალის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

ვ) დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური სახსრების მართვის ორგანიზება;

ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, მათი განხორციელება და ანგარიშგება;

თ) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი წესით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ი) დეპარტამენტის ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით მიღება, განაწილება და მის გამოყენებაზე კონტროლის უზრუნველყოფა. დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

კ) სამსახურებრივი-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის მომარაგება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი აღრიცხვა, შენახვისა და გაცემის ორგანიზება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

2. ანალიტიკური სამსახურის ამოცანებია:

ა) სახელმწიფო კონტროლის ორგანიზების ხელშეწყობა, მათ შორის, სახელმწიფო კონტროლის პრიორიტეტებისა და შემოწმების რისკების შეფასების საფუძველზე შემოწმებათა წლიური გეგმის პროექტის შემუშავება და დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგის განხორციელება;

ბ) დეპარტამენტის კომპეტენციების შესაბამისად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გამოვლენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი და ამ მიმართულებით ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

გ) გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების (ინფორმაციების) მომზადება;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის  წარდგენა და/ან გამოთხოვა;

ე) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

ზ) კანონმდებლობის შესრულების ხელშემწყობი ღონისძიებების დანერგვაში მონაწილეობა;

თ) დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადების ორგანიზება;

ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში მოქმედ ელექტრონულ საინფორმაციო სისტემების მართვაში მონაწილეობა;

კ) წინადადებების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში დაშვებების უზრუნველსაყოფად,  მათთვის მეთოდური დახმარების გაწევა;

ლ) სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური, სახელმძღვანელო და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

3. აპარატის ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების და დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის ორგანიზაციულ-საინფორმაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა თათბირების ორგანიზება, თათბირების ოქმების შედგენა, თათბირის სხდომების გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

გ) დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების და დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

ე) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

ვ) საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;

ზ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება;

თ) დეპარტამენტის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;

ი) დეპარტამენტში შემოსული კორესპოდენციების აღრიცხვა და კონტროლი;

კ) საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია;

ლ) უწყებრივი საარქივო საქმიანობის წარმოება;

მ) საკადრო საქმიანობის წარმოება;

ნ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებათა გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურირება, დეპარტამენტის ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება;

ო) ინფორმაციული-საკომუნიკაციო სისტემის და ქსელების სისტემური ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

პ) დეპარტამენტის კუთვნილი ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების დაცვის მდგომარეობის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა ჯეროვანი გამოყენების მდგომარეობის კონტროლი;

ჟ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, ასევე მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების, საჩივრების ან სხვა სახის ინფორმაციის შესწავლა,  მოქალაქეებისთვის (ნებაყოფლობით საფუძვლებზე) და დეპარტამენტის საჯარო მოსამსხურეთათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, ასევე მათგან ინფორმაციის მიღება;

რ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსხურეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;

ს) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენა;

ტ) აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს რეკომენდაცია/კონსულტაცია დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთაგან;

უ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურისგან საჭირო დოკუმენტი ან ინფორმაცია;

ფ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებზე, დეპარტამენტის უფროსს წარუდგინოს წერილობითი დასკვნა, საკითხებზე არსებული საქმის მასალები და რეკომენდაცია მათ მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;

ქ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოამზადოს საქმის მასალები, დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში გადასაგზავნად;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

4. ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ამოცანებია:

ა) ბიომრავალფეროვნების სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (მათ შორის, ტყით სარგებლობის გენერალური, ხე-ტყის დამზადების სპეციალური, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური და თევზჭერის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლი, ასევე, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლი, რომელიც მოიცავს, გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებაზე, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებაზე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას და შესაბამისი რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვას);

ბ) ბიომრავალფეროვნების სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის განხილვა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ტყითსარგებლობის, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, არამერქნული სახეობის მცენარეებით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით, მერქნული მცენარეთა პროდუქტებით უკანონოდ სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

5. გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ამოცანებია:

ა) გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, გარემოსდაცვითი ნებართვის,  სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის შესრულების კონტროლი);

ბ) სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის განხილვა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში წიაღის, მიწის (ნიადაგი) უკანონო სარგებლობის ფაქტების, ატმოსფერული ჰაერის,  წყლის,  მიწის (ნიადაგის), ქიმიური უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა), დაბინძურების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ვ) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლების შეთანხმება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

6. იურიდიული სამსახურის ამოცანებია:

ა) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;

ბ) სამსახურში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შეთანხმება და ვიზირება;

დ) დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ე) დეპარტამენტის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება (გარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა);

თ) კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებულ პირთათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა;

ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

7. სწრაფი რეაგირების სამსახურის ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე;

ბ) პიროვნების დადგენის მიზნით და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება,  სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა/დალუქვა;

გ) რეგულირების ობიექტების დათვალიერება/შესწავლის განხორციელება;

დ) დათვალიერება/შესწავლისას დადგენილი წესით ინსპექტირების აქტის შედგენა, ხოლო დათვალიერება/შესწავლის პროცესში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების გატარება;

ე) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, მათ შორის, სასაზღვრო ზოლში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში არსებული ნივთები და საგნები, აწარმოოს პირადი გასინჯვა. პირის (მათ შორის, იმ პირის, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას) დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები;

ვ) სამსახურზე გადაცემული სამსახურებრივი-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, შენახვისა და გაცემის ორგანიზება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას რეგულირების ობიექტებისგან ახსნა-განმარტებების, ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში;

თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს „ცხელ ხაზზე” შემოსული შეტყობინებები და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება („ცხელ ხაზზე“ შემოსული ანონიმური შეტყობინებების განხილვა სავალდებულო არ არის), ამ მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების ინსპექტორების დახმარება ან/და მონაწილეობა;

ი) დეპარტამენტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო მოსამსახურეთათვის, გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელების პროცესში  მონაწილეობის მიღება ან/და დახმარების გაწევა;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის უფროსის ბრძანების შესაბამისად,  ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელება. ამ მიზნით სამსახურის შესაბამისი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს  2015 წლის 6 აპრილიდან.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმაია ბითაძე