შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
მიღების თარიღი 08.10.2015
ძალაში შესვლა 01.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველო
ნომერი №32-27
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016424
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2016
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| საქართველო | პოლონეთის რესპუბლიკა |
| განსაკუთრებული მნიშვნელობის gansakutrebuli mnishvnelobis | ŚCIŚLE TAJNE |
| სრულიად საიდუმლო sruliad saidumlo | TAJNE |
| საიდუმლო saidumlo | POUFNE |
| შეზღუდული სარგებლობისთვის shezguduli sargeblobistvis | ZASTRZEŻONE |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის
საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას
შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
საქართველოს მთავრობა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“,
სათანადოდ ითვალისწინებენ რა მხარეებს შორის გაცვლილი ან თანამშრომლობის პროცესის დროს წარმოშობილი საიდუმლო ინფორმაციის ეფექტური დაცვის გარანტირების აუცილებლობას,
ხელმძღვანელობენ რა საიდუმლო ინფორმაციის დაცვის კუთხით ორივე მხარისთვის ერთნაირი რეგულაციების მიღების განზრახვით,
საერთაშორისო სამართლის სავალდებულო წესებისა და მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პატივისცემის საფუძველზე,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
წინამდებარე შეთანხმების მიზნით, შემდეგი განსაზღვრებები ნიშნავს:
a) საიდუმლო ინფორმაცია - ნებისმიერი ინფორმაცია, მისი ფორმის, მატარებლის და ჩაწერის ხერხის მიუხედავად, აგრეთვე ობიექტები ან მათი ნებისმიერი ნაწილები, მათ შორის შექმნის პროცესში არსებული, რომელიც მოითხოვს დაცვას უნებართვო გამჟღავნებისგან მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად;
b) კომპეტენტური ორგანო - წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლში მითითებული ორგანო;
c) უფლებამოსილი ორგანო - ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც კომპეტენტურია, წარმოშოს, გადასცეს, მიიღოს, შეინახოს, დაიცვას და გამოიყენოს საიდუმლო ინფორმაცია შესაბამისი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
d) საიდუმლო კონტრაქტი - კონტრაქტი, რომლის განხორციელებაც მოიცავს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას ან რომელიც წარმოშობს ასეთ ინფორმაციას;
e) კონტრაქტორი - ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელსაც გააჩნია სამართლებრივი უფლებაუნარიანობა, დადოს საიდუმლო კონტრაქტები;
f) მესამე მხარე - საერთაშორისო ორგანიზაცია ან სახელმწიფო, რომელიც არ არის წინამდებარე შეთანხმების მხარე, მათი ფიზიკური პირი ან სხვა ორგანო.
მუხლი 2🔗
საიდუმლოობის ხარისხები
1. საიდუმლო ინფორმაციას ენიჭება საიდუმლოობის ხარისხი მისი შინაარსის გათვალისწინებით წარმომშობი უფლებამოსილი ორგანოს სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მიმღებმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სულ მცირე ეკვივალენტური დონე ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა თანახმად.
2. საიდუმლოობის ხარისხი შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას მხოლოდ მისი მიმნიჭებელი უფლებამოსილი ორგანოს მიერ. მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წერილობით უნდა ეცნობოს ადრე მიღებული საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლო ხარისხის ყოველი ცვლილების ან მოხსნის შესახებ.
3. მხარეები თანხმდებიან, რომ შემდეგი საიდუმლოობის ხარისხები არის ეკვივალენტური:
საქართველო
პოლონეთის რესპუბლიკა
ეკვივალენტი ინგლისურ ენაზე
განსაკუთრებული მნიშვნელობის
gansakutrebuli mnishvnelobis
ŚCIŚLE TAJNE
TOP SECRET
სრულიად საიდუმლო
sruliad saidumlo
TAJNE
SECRET
საიდუმლო
saidumlo
POUFNE
CONFIDENTIAL
შეზღუდული სარგებლობისთვის
shezguduli sargeblobistvis
ZASTRZEŻONE
RESTRICTED
მუხლი 3🔗
კომპეტენტური ორგანოები
1. წინამდებარე შეთანხმების მიზნისთვის, მხარეების კომპეტენტური ორგანოები არიან:
a) საქართველოსთვის: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
b) პოლონეთის რესპუბლიკისთვის: შიდა უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი.
2. მხარეებმა დიპლომატიური არხებით უნდა აცნობონ ერთმანეთს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მხარეების კომპეტენტური ორგანოების ცვლილების ან მათი კომპეტენციების ცვლილების შესახებ.
მუხლი 4🔗
საიდუმლო ინფორმაციის დაცვის პრინციპები
1. წინამდებარე შეთანხმებისა და მათი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს ან უფლებამოსილ ორგანოებს შორის გაცვლილი ან თანამშრომლობის შედეგად წარმოშობილი, მათ შორის საიდუმლო კონტრაქტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი, საიდუმლო ინფორმაციის დაცვას.
2. მიმღებმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გამოიყენოს საიდუმლო ინფორმაცია მხოლოდ იმ მიზნებით, რომლებიც განისაზღვრა მისი გადაცემის დროს.
3. საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ ინფორმაციის გაცნობის საჭიროება და რომლებიც უფლებამოსილნი არიან, გაეცნონ ასეთ ინფორმაციას მიმღები უფლებამოსილი ორგანოს სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. მიმღებმა უფლებამოსილმა ორგანომ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა გადასცეს არცერთ მესამე მხარეს წარმომშობი უფლებამოსილი ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
მუხლი 5🔗
საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვებები და საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვებები
წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მხარეებმა უნდა ცნონ მეორე მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვებები და საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვებები.
მუხლი 6🔗
საიდუმლო კონტრაქტები
1. საიდუმლო კონტრაქტის დადებამდე თითოეულმა პოტენციურმა კონტრაქტორმა უნდა მიმართოს თავისი მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რათა მან მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოსგან მოითხოვოს წერილობითი დადასტურება იმის თაობაზე, რომ მეორე მხარის პოტენციური კონტრაქტორი აკმაყოფილებს შესაბამისი ხარისხის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მოთხოვნებს, ან რომ მას გააჩნია საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის სათანადო დაშვება.
2. საიდუმლო ინფორმაცია არ შეიძლება გადაეცეს კონტრაქტორს მანამდე, სანამ არ იქნება მიღებული ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დადასტურება.
3. კონტრაქტორმა, რომელიც იღებს საიდუმლო კონტრაქტთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციას, მეორე სახელმწიფოს კონტრაქტორისგან უნდა მოიპოვოს იურიდიული პირის უსაფრთხოების ინსტრუქცია, რომელიც საიდუმლო კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. იურიდიული პირის უსაფრთხოების ინსტრუქცია შეიცავს დებულებებს უსაფრთხოების მოთხოვნებზე, კერძოდ:
a) მოცემულ საიდუმლო კონტრაქტთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის სახეობების ნუსხას, მათ შორის მათ საიდუმლოობის ხარისხებს;
b) მოცემული საიდუმლო კონტრაქტის განხორციელების პროცესში წარმოშობილი ინფორმაციისთვის საიდუმლოობის ხარისხების მინიჭების წესებს.
იურიდიული პირის უსაფრთხოების ინსტრუქცია შეიძლება ასევე შეიცავდეს მოცემულ საიდუმლო კონტრაქტთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის დაცვის დამატებით წესებს.
4. კონტრაქტორმა იურიდიული პირის უსაფრთხოების ინსტრუქციის ასლი უნდა წარუდგინოს თავისი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.
5. საიდუმლო კონტრაქტის განხორციელება იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია საიდუმლო ინფორმაციის გაცნობასთან, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორი აკმაყოფილებს შესაბამისი ხარისხის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მოთხოვნებს, ან თუ მას გააჩნია საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის სათანადო დაშვება, და თუ იგი მოქმედებს იურიდიული პირის უსაფრთხოების ინსტრუქციის შესაბამისად.
6. ყველა ქვეკონტრაქტორი უნდა დაემორჩილოს საიდუმლო ინფორმაციის დაცვის იმავე პირობებს, რომლებიც გათვალისწინებულია კონტრაქტორისთვის.
მუხლი 7🔗
საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა
1. საიდუმლო ინფორმაცია უნდა გადაიცეს დიპლომატიური არხებით.
2. შეზღუდული სარგებლობისთვის / ZASTRZEŻONE / RESTRICTED ან საიდუმლო / POUFNE / CONFIDENTIAL გრიფით დასაიდუმლოებული ინფორმაცია შეიძლება აგრეთვე გადაიცეს უფლებამოსილი კურიერების მიერ, გადამცემი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. გადაუდებელ შემთხვევებში, თუ შეუძლებელია გადაცემის სხვა ფორმის გამოყენება, და თუ გადამცემი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხოების მოთხოვნები არის დაცული, დასაშვებია შეზღუდული სარგებლობისთვის / ZASTRZEŻONE / RESTRICTED ან საიდუმლო / POUFNE / CONFIDENTIAL გრიფით დასაიდუმლოებული ინფორმაციის პირადად ხელით გადატანა.
4. მხარეების კომპეტენტური ორგანოები შეიძლება შეთანხმდნენ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის სხვა ისეთ ფორმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს უნებართვო გამჟღავნებისგან მის დაცვას.
5. მხარეებს შორის გადაცემული საიდუმლო ინფორმაცია საჭიროებს მიღება-ჩაბარების აქტს.
მუხლი 8🔗
საიდუმლო ინფორმაციის გამრავლება და თარგმნა
1. საიდუმლო ინფორმაციის გამრავლება ან თარგმნა უნდა განხორციელდეს თითოეული მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად. გამრავლებულ ან თარგმნილ საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობა ხორციელდება ისევე, როგორც ინფორმაციის დედანთან. ასლების ან თარგმანების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს ოფიციალური მიზნებისთვის საჭირო რაოდენობამდე.
2. განსაკუთრებული მნიშვნელობის / ŚCIŚLE TAJNE / TOP SECRET გრიფით დასაიდუმლოებული ინფორმაცია არ უნდა გამრავლდეს. იგი შეიძლება ითარგმნოს მხოლოდ წარმომშობი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წინასწარი წერილობითი თანხმობის მოპოვების შემდეგ.
მუხლი 9🔗
საიდუმლო ინფორმაციის განადგურება და დაბრუნება
1. საიდუმლო ინფორმაცია უნდა განადგურდეს მიმღები უფლებამოსილი ორგანოს სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ისეთი წესით, რომ გამოირიცხოს მისი ნაწილობრივი ან სრული აღდგენა.
2. მიმღებმა უფლებამოსილმა ორგანომ შეუსაბამო დაყოვნების გარეშე უნდა აცნობოს მისი მხარის კომპეტენტურ ორგანოს საიდუმლო ინფორმაციის განადგურების შესახებ, რომელიც თავის მხრივ ამ ინფორმაციას გადაუგზავნის გადამცემი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.
3. ამ მუხლის მე-5 პუნქტისთვის ზიანის მიუყენებლად, განსაკუთრებული მნიშვნელობის / ŚCIŚLE TAJNE / TOP SECRET გრიფით დასაიდუმლოებული ინფორმაცია არ უნდა განადგურდეს, არამედ ის უნდა დაუბრუნდეს წარმომშობ უფლებამოსილ ორგანოს მას შემდეგ, როდესაც იგი აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რისთვისაც ის იქნა მიწოდებული.
4. წარმომშობი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაცია უბრუნდება მას.
5. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია საიდუმლო ინფორმაციის, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის / ŚCIŚLE TAJNE / TOP SECRET გრიფით დასაიდუმლოებული ინფორმაციის დაცვა ან დაბრუნება, ის დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. ასეთ შემთხვევაში, გადამცემი მხარის კომპეტენტურ ორგანოს უნდა ეცნობოს აღნიშნულის თაობაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 10🔗
ვიზიტები
1. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, ფიზიკურ პირებს, რომლებიც ვიზიტად ჩადიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უნდა მიეცეთ ნებართვა, გაეცნონ საიდუმლო ინფორმაციას მხოლოდ მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ.
2. ვიზიტის დაგეგმილ თარიღამდე სულ მცირე 30 დღით ადრე და გადაუდებელ შემთხვევებში უფრო მოკლე ვადაში, ვიზიტის განმახორციელებელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ ვიზიტზე მოთხოვნით უნდა მიმართოს მასპინძელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
a) ვიზიტის მიზანს, თარიღსა და პროგრამას;
b) ვიზიტის მიზნისთვის საჭირო საიდუმლო ინფორმაციის წინასწარ განსაზღვრულ ხარისხს;
c) ვიზიტორის სახელს და გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, მოქალაქეობას და პასპორტის ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერს;
d) ვიზიტორის თანამდებობას, აგრეთვე იმ უწყების დასახელებას, რომელსაც ის წარმოადგენს;
e) საიდუმლო ინფორმაციასთან იმ ინდივიდუალური დაშვების დონეს და მოქმედების ვადას, რომელსაც ფლობს ვიზიტორი;
f) იმ უწყების დასახელებას და მისამართს, სადაც უნდა განხორციელდეს ვიზიტი;
g) იმ პირის სახელს, გვარს და თანამდებობას, ვისთანაც უნდა განხორციელდეს ვიზიტი;
h) თარიღს, ხელმოწერას და კომპეტენტური ორგანოს ოფიციალურ ბეჭედს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, რომლებიც გადაიცემა ამ მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების დებულებათა თანახმად, თითოეული მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით გამოიყენება შემდეგი დებულებები:
a) მასპინძელი მხარის მიერ მიღებული პერსონალური მონაცემი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გადამცემი მხარის მიერ განსაზღვრული მიზნითა და პირობებით;
b) პერსონალური მონაცემი მასპინძელი მხარის მიერ შენახული უნდა იქნეს არაუმეტეს იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მისი დამუშავების მიზნისთვის;
c) ისეთი პერსონალური მონაცემის გადაცემის შემთხვევაში, რომლის მიწოდება არ იყო ნებადართული, გადამცემმა მხარემ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ მასპინძელ მხარეს, რომელიც ვალდებულია წაშალოს ეს მონაცემი ისეთი წესით, რაც გამორიცხავს მის ნაწილობრივ ან სრულ აღდგენას;
d) გადამცემმა მხარემ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა პერსონალური მონაცემის სისწორესთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემი აღმოჩნდება ყალბი ან არასრული, ამის შესახებ უნდა შეატყობინოს მასპინძელ მხარეს, რომელიც ვალდებულია გაასწოროს ან წაშალოს ეს მონაცემი;
e) მასპინძელი მხარე და გადამცემი მხარე ვალდებულნი არიან, აღრიცხონ პერსონალური მონაცემის გადაცემა, მიღება და წაშლა;
f) გადამცემი მხარე და მასპინძელი მხარე ვალდებულნი არიან, ეფექტიანად დაიცვან დამუშავებული პერსონალური მონაცემი არაუფლებამოსილი პირებისთვის მისი გამჟღავნებისგან, მონაცემის არაუფლებამოსილი ცვლილებებისგან, მისი დაკარგვისგან, დაზიანებისგან ან განადგურებისგან.
5. მხარეების კომპეტენტური ორგანოები შეიძლება შეთანხმდნენ იმ პირთა სიების შედგენაზე, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, განახორციელონ პერიოდული ვიზიტები კონკრეტული პროექტის, პროგრამის ან საიდუმლო კონტრაქტის განხორციელებასთან დაკავშირებით. სიები უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ მონაცემებს და ძალაში უნდა იყოს 12 თვის ვადით. მას შემდეგ, რაც მხარეების კომპეტენტური ორგანოები დაამტკიცებენ აღნიშნულ სიებს, ვიზიტების თარიღები შეთანხმდება უშუალოდ ვიზიტის განმახორციელებელ და მასპინძელ უფლებამოსილ ორგანოებს შორის, მათ მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ვიზიტები, რომლებიც მოიცავენ შეზღუდული სარგებლობისთვის / ZASTRZEŻONE / RESTRICTED გრიფით დასაიდუმლოებული ინფორმაციის გაცნობას, იგეგმება უშუალოდ ვიზიტის განმახორციელებელ და მასპინძელ უფლებამოსილ ორგანოებს შორის.
მუხლი 11🔗
უსაფრთხოების დარღვევა
1. უსაფრთხოების დარღვევა არის მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმებას ან საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებულ მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.
2. წარმომშობი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაცემულ საიდუმლო ინფორმაციასთან, ან უფლებამოსილ ორგანოებს შორის თანამშრომლობის შედეგად წარმოშობილ საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნებისმიერი დარღვევის ან დარღვევის ეჭვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიაზეც მოხდა უსაფრთხოების დარღვევა ან არსებობს დარღვევის ეჭვი.
3. უსაფრთხოების ნებისმიერი დარღვევა ან დარღვევის შესახებ ეჭვი გამოძიებულ უნდა იქნეს იმ მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიაზეც მას ჰქონდა ადგილი.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, იმ მხარის კომპეტენტურმა ორგანომ, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიაზეც მოხდა უსაფრთხოების დარღვევა, მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს წერილობით უნდა აცნობოს დარღვევის ფაქტი, გარემოებები და ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ქმედებების შედეგი.
5. მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა, ერთ-ერთი მათგანის მოთხოვნის საფუძველზე, უნდა ითანამშრომლონ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ქმედებებთან დაკავშირებით.
მუხლი 12🔗
ენები
წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელების ფარგლებში მხარეებმა უნდა გამოიყენონ ინგლისური ენა ან თავიანთი ოფიციალური ენები, რომელთა გამოყენების შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს მეორე მხარის ოფიციალურ ენაზე ან ინგლისურ ენაზე შესრულებული თარგმანი.
მუხლი 13🔗
ხარჯები
თითოეულმა მხარემ უნდა დაფაროს წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელების შედეგად წარმოშობილი თავისი ხარჯები, თუ მხარეების კომპეტენტური ორგანოები ან უფლებამოსილი ორგანოები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მუხლი 14🔗
კონსულტაციები
1. მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა შეატყობინონ ერთმანეთს საიდუმლო ინფორმაციის დაცვის შესახებ თავიანთი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების თაობაზე, რომელიც წინამდებარე შეთანხმების განხორციელებას ეხება.
2. მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა, ერთ-ერთი მათგანის მოთხოვნის საფუძველზე, უნდა გაიარონ ერთმანეთთან კონსულტაცია წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელებასთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით.
3. თითოეულმა მხარემ უნდა დართოს ნება მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლებს, ვიზიტად ეწვიონ მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მეორე მხარის მიერ გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის დაცვის პროცედურების განხილვის მიზნით.
4. ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების მიზანს, და მათი მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით აღიარებული უფლებამოსილების ფარგლებში, მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება წერილობით გააფორმონ დეტალური ტექნიკური ან ორგანიზაციული წესები.
მუხლი 15🔗
დავების გადაწყვეტა
1. წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის პირდაპირი კონსულტაციების გზით.
2. თუ დავის გადაწყვეტა შეუძლებელია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით, ასეთი დავა უნდა გადაწყდეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 16🔗
ურთიერთობა სხვა შეთანხმებებთან
წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან უნდა შეწყდეს 2007 წლის 31 მაისს, ქ. თბილისში შესრულებული „საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორგანიზებული და სხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების მე-3 მუხლის გამოყენება. ზემოხსენებული შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი ან გასაცვლელი საიდუმლო ინფორმაცია უნდა იქნეს დაცული წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
მუხლი 17🔗
დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის იმ უკანასკნელი დიპლომატიური შეტყობინების მიღების თარიღიდან მეორე თვის პირველ დღეს, რომლითაც მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი მათი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
2. წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები ორივე მხარის ერთობლივი წერილობითი თანხმობით. ასეთი ცვლილებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იქნება და ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად.
3. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. მისი მოქმედება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.
4. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი ყველა საიდუმლო ინფორმაცია მე-9 მუხლის შესაბამისად იქნება განადგურებული ან დაბრუნებული მანამდე, სანამ წინამდებარე შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
შესრულებულია ქ. ბრიუსელში, 2015 წლის 8 ოქტომბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, პოლონურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აvთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის
სახელით სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)