სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარა ტექსტილესათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1911
2016 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარა ტექსტილესათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, მოწერილიას ქუჩა №31-ში მდებარე 40777.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4 (ნანგრევი), №5 (ნანგრევი), №6, №7 (ავზი), №8 (ნანგრევი) და №9 (ნანგრევი) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №04.02.04.538) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „აჭარა ტექსტილეს“ (ს/კ: 245619898).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე საფეიქრო, ტექსტილის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 9 136 000 (ცხრა მილიონ ას ოცდათექვსმეტი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში, წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შეთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის (მამაკაცისა და ქალის შორტები და მაისურები არანაკლებ 3 000 000 (სამი მილიონი) ერთეული ჯამურად) წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:
დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში - წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;
დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში - წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.
3. შპს „აჭარა ტექსტილეს“ მიერ წარდგენილი, განსახორციელებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი