„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№251
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016903
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №251

2016 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-14 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს ინსტრუქცია მომზადებულია  საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის საფუძველზე და განსაზღვრავს საბიუჯეტო ორგანიზაციების (შემდგომში – „ორგანიზაციების“) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების (შემდგომში „აღრიცხვა-ანგარიშგება“) მეთოდოლოგიურ საფუძვლებს.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) პირველ პუნქტს:

ბ.ა.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ)1 ბუღალტერი – ორგანიზაციაში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებაზე ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე პასუხისმგებელი, დაქირავებული  ან ხელშეკრულების შესაბამისად განსაზღვრული სხვა კომპეტენტური პირი;";

ბ.ა.ბ) დაემატოს  შემდეგი შინაარსის „დ2“ ქვეპუნქტი:

„დ)2 ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები − პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები, სააღრიცხვო პოლიტიკით/შიდა აღრიცხვის პროცედურებით განსაზღვრული დოკუმენტები და მაგროვებელი დოკუმენტები;“;

ბ.ა.გ) დაემატოს „პ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„პ)1 მაგროვებელი დოკუმენტები − სააღრიცხვო რეგისტრები, ჟურნალები, „მთავარი წიგნი“ და სხვა მაგროვებელი დოკუმენტები.“;

ბ.ბ) პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ნაერთი (კრებსითი) დოკუმენტები – ერთ კონკრეტულ ეკონომიკურ მოვლენასთან დაკავშირებული ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები (გარდა მაგროვებელი დოკუმენტებისა); ";

გ)  თავი II ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თავი II

ზოგადი დებულებები

მუხლი 4. აღრიცხვის და ანგარიშგების ორგანიზება

1. ორგანიზაციები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ და ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებენ ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მეთოდოლოგიის, ანგარიშთა გეგმისა და ფინანსური ანგარიშგების ფორმების შესაბამისად.

2. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მეთოდოლოგიის დახვეწის მიზნით, ორგანიზაციებს უფლება აქვთ მოამზადონ რეკომენდაციები მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შესატანად და წარადგინონ ფინანსთა სამინისტროში დასამტკიცებლად.

3. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება ხორციელდება მატერიალური ფორმით ან ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით.

4. ორგანიზაციებში, სადაც მოქმედებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ სისტემაში შექმნილ დოკუმენტს/განხორციელებულ ქმედებას, მისთვის გადაცემული სააუთენტიფიკაციო მონაცემების საშუალებით, აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ დოკუმენტს/მატერიალურ დოკუმენტზე განხორციელებულ ქმედებას.

5. ორგანიზაციაში ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს და ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს ბუღალტერი. ბუღალტრის შტატის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ორგანიზაციის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადება განხორციელდეს დაქირავებული ბუღალტრის მიერ ან სხვა კომპეტენტური პირის მომსახურებით.

6. ორგანიზაციაში ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებაზე, სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებასა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენაზე პასუხისმგებელია ორგანიზაციის ხელმძღვანელი. სააღრიცხვო პოლიტიკით/შიდა აღრიცხვის პროცედურებით დადგენილი ფორმით და წესით ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების (მათ შორის, ელექტრონული ფორმის) წარდგენა სავალდებულოა ორგანიზაციის ყველა სტრუქტურისა და მომუშავისათვის. ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის სტრუქტურ(ებ)ისა და მომუშავეების მიერ ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებისა და მონაცემების სწორად გაფორმება და წარდგენა.

7. ეკონომიკური მოვლენების ამსახველ ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებს ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვით ხელს აწერენ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი (შემდგომში – ხელმძღვანელი) და ბუღალტერი ან ორგანიზაციის სააღრიცხვო პოლიტიკით/შიდა აღრიცხვის პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სხვა პირები.

8. სალაროს ოპერაციების დოკუმენტური გაფორმება და აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

9. ბუღალტერს არ ეკისრება პასუხისმგებლობა სხვა პირების მიერ შედგენილი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების ეკონომიკური მოვლენების ფაქტებთან შესაბამისობაზე.

10. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ მონაცემებს.

მუხლი 5. ბუღალტრის უფლება-მოვალეობები

1. ბუღალტრის უფლება-მოვალეობებია:

ა) აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით მომუშავეთა ფუნქციების განსაზღვრა და მათი მუშაობის კოორდინირება;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) კონტროლი ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე, ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული პროგრამული კლასიფიკაციის მოთხოვნების დაცვით;

დ) კონტროლი ეკონომიკური მოვლენების შესახებ პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების დროულ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმებაზე;

ე) ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვა ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით;

ვ) მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე;

ზ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვა;

თ) ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით, არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა;

ი) ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმით, ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენა;

კ) მატერიალური/ელექტრონული ფორმის ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების/ფინანსური ანგარიშგებების დადგენილი წესით შენახვა;

ლ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

2. ბუღალტერს ეკრძალება აღრიცხვაში ასახვის მიზნით მიიღოს პირველადი ან ნაერთი (კრებსითი) დოკუმენტები ისეთ ოპერაციებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ასეთი დოკუმენტების შესახებ ბუღალტერი წერილობით აცნობებს საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელს. ხელმძღვანელისაგან აღნიშნული დოკუმენტების შესრულების შესახებ წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ ოპერაციების ასახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმძღვანელს.

3. ბუღალტრის მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვების დროს, ან ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებაზე ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე ხელშეკრულების დასრულების/გაუქმების შემთხვევაში, ბუღალტერმა ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები ან/და ფინანსური ანგარიშგებები უნდა გადასცეს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირ(ებ)ს, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

მუხლი 6. სინთეზური და ანალიზური აღრიცხვა

1. ორგანიზაციები სინთეზურ და ანალიზურ აღრიცხვას აწარმოებენ მატერიალური ფორმით ან ელექტრონულად, საინფორმაციო სისტემების მეშვეობით, ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვით.

2. პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები და ნაერთი (კრებსითი) დოკუმენტები, შემოწმების და მიღების შემდეგ, ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვით, სისტემატიზირდება და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აისახება იმ პერიოდის მაგროვებელ დოკუმენტებში, რომელსაც მოხდენის თარიღით მიეკუთვნება,

3. მაგროვებელი დოკუმენტების გამოყენების აუცილებლობა (გარდა „მთავარი წიგნისა“), ოპერაციების მოცულობიდან გამომდინარე, განისაზღვრება ორგანიზაციის სააღრიცხვო პოლიტიკით/შიდა აღრიცხვის პროცედურებით.

4. „მთავარი წიგნი“ იხსნება ყოველი წლის დასაწყისში გასული წლის საბოლოო ნაშთების – საწყისი ნაშთების სახით გადმოტანით.

5. სინთეზური და ანალიზური აღრიცხვის ჩანაწერების სისწორის კონტროლის მიზნით, ყოველი თვის ბოლოს ანალიზურ ანგარიშებზე ბრუნვები და ნაშთები უდარდება „მთავარი წიგნის“ შესაბამისი ანგარიშების ნაშთებს.

მუხლი 7. არქივი

1. როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით არსებული ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები და ფინანსური ანგარიშგებები ორგანიზაციაში ინახება შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მატერიალური ფორმით არსებული ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები და ფინანსური ანგარიშგებები ორგანიზაციის არქივში გადაცემამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა ინახებოდეს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის ქვეშ. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების და ფინანსური ანგარიშგებების ორგანიზაციის არქივში ჩაბარების ვადები და პერიოდულობა განისაზღვრება ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

3. ელექტრონული ფორმით არსებული ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები და ფინანსური ანგარიშგებები ინახება ორგანიზაციის საინფორმაციო ბაზაში, დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების და ფინანსური ანგარიშგებების დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე იქმნება დაკარგვის ან განადგურების მიზეზების შემსწავლელი კომისია. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლების მოწვევა. კომისიის მუშაობის  შედეგები ფორმდება აქტით, რომელიც მტკიცდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.“;

დ) 42-ე მუხლის:

დ.ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. არაფულადი მუხლები, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით უცხოურ ვალუტაში, აღრიცხვაში აისახება რეალური ღირებულების დადგენის თარიღისათვის არსებული გაცვლითი კურსით.“;

დ.ბ) მე-17 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.გ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. საანგარიშგებო თარიღისათვის, გადაანგარიშებას ექვემდებარება უცხოურ ვალუტაში გამოსახული ფულადი მუხლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული სავალუტო კურსის გამოყენებით, რომელთა არსებითი მახასიათებელი არის უფლება, მიიღო, ან ვალდებულება, რომ შეასრულო ვალუტის ერთეულის ფიქსირებული ან განსაზღვრული ოდენობა.“;

ე) 44-ე მუხლის:

ე.ა) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული არაფინანსური აქტივის ღირებულება გასული არაფინანსური აქტივის საბალანსო ღირებულებაზე ნაკლებია, სხვაობის თანხა აისახება მოთხოვნების შესაბამისი ანგარიშის დებეტსა და არაფინანსური აქტივის (1600-2000) შესაბამისი ანგარიშის კრედიტში. მოთხოვნების დაფარვა აისახება ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშის დებეტსა და მოთხოვნების შესაბამისი ანგარიშის კრედიტში.“;

ე.ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. თუ სხვაობის თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით შესაბამისი დებიტორული/კრედიტორული დავალიანების პატიება (ანულირება) მოხდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სხვაობა აღიარდება სასაქონლო ფორმით მიღებულ ხარჯად/შემოსავლად კაპიტალური გრანტის ან სხვადასხვა ხარჯების/სხვა შემოსავლების სახით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური