შ.პ.ს.,,კოლო”-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/16838-201 6
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
2016 წლის 7 სექტემბერი
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, შპს ,,კოლოს“ კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,კოლოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით შპს ,,კოლოს“ განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. განცხადების მიხედვით, კრედიტორთა ჯამური მოთხოვნა შეადგენს 9 240 487.23 ლარს, შპს ,,კოლოს“ შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა და მისი აქტივები ნულის ტოლია. საზოგადოებას ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,ლიბერთი ბანკში”, სს ,,ეიჩ ეს ბი სი ბანკში” და სს ,,თიბისი ბანკში’’. საბანკო ანგარიშებზე თანხის ოდენობა შეადგენს 2,17 ლარს. უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება ერიცხება სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ მიმართ, რაც შეადგენს 180 422.2 ლარს, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არიან: სს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს 3 588.36 ლარს, შპს ,,სმარტ მუვი” – 1 490 151.47 ლარი, ააიპ ,,ცოდნის ფონდი” – 7 009 488.61 ლარი, შპს ,,ბაგები სითი ჯგუფი” – 478 713.99 ლარი და ჯუმბერ ხატიაშვილი – დავალიანება 78 122.6 ლარი. კომპანიას მიმართ არსებობს დებიტორული დავალიანებები, რომელთა ჯამური ოდენობა შეადგენს 7 512 094.45 ლარს. კერძოდ: შპს ,,ბათუმი პლაზა” – 188 816.01 ლარი, სს ,,პარკ პლეისი” - 1 016 522.54 ლარი, შპს ,,არესემ საქართველო” _ 31260 ლარი, შპს ,,ბაგები სითი დეველოპმენტი” _ 105 359.98 ლარი, შპს ,,პლაზა ფიტნესი” _ 3 292.67 ლარი, შპს ,,ბაგები 2002” - 6 198 103.25 ლარი. კომპანიას ასევე წილობრივი მონაწილეობა გააჩნია შემდეგ კომპანიებში: შპს ,,ბაგები სითი დეველოპმენტი” – 33%, შპს ,,ბაგები 2002” – 2,02% და სს ,,პარკ პლეისი” – 28, 054875%.
მეურვის მოხსენების მიხედვით, მოვალის კრედიტორული დავალიანება ჯამში შეადგენს 9240487 ლარს და 23 თეთრს, მოვალის სახელზე უძრავი ქონება და ავტომანქანა არ ირიცხება, ხოლო დებიტორული მოთხოვნა შეადგენს 7512094 ლარს და 45 თეთრს.
კრედიტორთა პირველ კრებაზე, კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის 51%-ზე მეტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით დავის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული საწარმოების მიმართ დაწყებული იყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და დავალიანების ამოღების პერსპექტივა არ არსებობდა და კრედიტორთა კრებამ მხარი დაუჭირა საქმის წარმოების შეწყვეტას.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მეურვის და კრედიტორთა განმარტებები, მიაჩნია, რომ შპს ,,კოლოს“ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 53 პუნქტის მიხედვით, თუ ქონებაზე არ მიმდინარეობს დავა, მაგრამ ის შეიძლება გახდეს დავის საგანი, კრედიტორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა აღნიშნული ქონება მათი ინტერესის საგანი და დაიწყოს თუ არა დავა სასამართლოში. თუ ეს ქონება მათი ინტერესის საგანია, მასთან დაკავშირებული დავა განიხილება ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული წესით.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის მიხედვით: კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას არის თუ არა სადავო ქონება ან ქონება, რომელიც შეიძლება გახდეს დავის საგანი, კრედიტორთა ინტერესის საგანი ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მეურვის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. მოვალის ინფორმაციის და მეურვის მოხსენების მიხედვით, მოვალეს არ გააჩნია უძრავი და მოძრავი ქონება. შპს ,,კოლოს“ რამდენიმე კომპანიის მიმართ გააჩნია დებიტორული მოთხოვნები, შპს ,,კოლოს“კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის 51%-ზე მეტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით დავის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ. მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ გამოვლინდა, რომ მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს ,,კოლო” გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,კოლოს” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,კოლოს” (ს/ნ 205287358) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს ,,კოლო” გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,კოლოს” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განიჩნების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი