პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებების გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.11.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2021
გამომცემი ორგანო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016015
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/11/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი | პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებების გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის
ბრძანება №6
2016 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებების გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
თანდართული სახით დამტკიცდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებების გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორითამარ ქალდანი
დანართი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებების გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ეს წესი არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისა და გაცემის წესს.
თავი II
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება
მუხლი 2🔗. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებების რეესტრი
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება გადაწყვეტილებების რეესტრი (შემდგომში - რეესტრი).
2. რეესტრის შექმნის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება, კანონის არაჯეროვანი ინტერპრეტაციისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენცია.
3. რეესტრის ელექტრონულ ვებგვერდს წარმოადგენს - www.decisions.pdp.ge .
4. რეესტრში განთავსდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებული მიზნების მიღწევას.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებული მიზნით, რეესტრში განსათავსებელი გადაწყვეტილების შესახებ მოსაზრებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს წარუდგენს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რის საფუძველზეც ინსპექტორი გადაწყვეტს გადაწყვეტილების რეესტრში განთავსების საკითხს.
6. რეესტრის საძიებო სისტემა უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა ძიებას შემდეგი მონაცემების მიხედვით:
ა) მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციის ტიპი (საჯარო ან კერძო დაწესებულება);
ბ) საჯარო ორგანიზაციის დასახელება;
გ) დავის საგანი;
დ) შედეგი;
ე) გატარებული ღონისძიება;
ვ) გადაწყვეტილების თარიღი.
7. რეესტრში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებები განთავსდება ელექტრონული სახით (ფაილის ფორმატი: .pdf), იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მათი დათვალიერება, ჩამოტვირთვა და ბეჭდვა.
8. რეესტრის ვებგვერდის მართვასა და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი. რეესტრში განთავსებული ინფორმაციის შინაარსობრივ მხარეზე პასუხისმგებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი.
მუხლი 3🔗. ინფორმაცია, რომელიც არ გამოქვეყნდება
1. რეესტრში განთავსებულ გადაწყვეტილებაში არ მიეთითება პირის მაიდენტიფიცირებელი შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი, სატელეფონო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით იძლეოდეს პირის იდენტიფიცირების საშუალებას;
ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები გადაწყვეტილებაში მიეთითება ლიტერული ან ციფრული აღნიშვნებით.
3. ფიზიკური პირის სახელი და გვარი მიეთითება შეცვლილი ინიციალების მეშვეობით.
4. კერძო სამართლის იურიდიული პირის დასახელება მიეთითება ლიტერული აღნიშვნით ანბანური თანმიმდევრობის გამოყენებით.
5. გადაწყვეტილებაში საჯარო ორგანიზაციის დასახელება მიეთითება სრულად.
მუხლი 4🔗. რეესტრში გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებებზე წვდომა
1. რეესტრში გამოქვეყნებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
2. რეესტრით სარგებლობა უსასყიდლოა.
თავი III
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებ(ებ)ის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა
მუხლი 5🔗. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებ(ებ)ის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა
1. ყველას აქვს უფლება განცხადების საფუძველზე მოითხოვოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებ(ებ)ის ასლი წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებ(ებ)ის ასლის გაცემა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. განმცხადებელს შესაძლოა უარი ეთქვას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებ(ებ)ის გაცემაზე, თუ იგი შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას.
4. განმცხადებელს შესაძლოა უარი ეთქვას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებ(ებ)ის გაცემაზე, თუ საჯარო ინფორმაციის სახით დასამუშავებელი გადაწყვეტილებ(ებ)ის მოცულობა არაპროპორციულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ადამიანურ რესურსთან და ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავება ხელს შეუშლის აპარატის ნორმალურ ფუნქციონირებას.
5. უარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებ(ებ)ის გაცემაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებების რეესტრში ელექტრონული სახით გამოქვეყნება არ ათავისუფლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს მოთხოვნის შემთხვევაში გადაწყვეტილებ(ებ)ის დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან.