ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.11.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 360090000.22.023.016405
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.2016 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის“ დამტკიცების თაობაზე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესების დამტკიცების თაობაზე „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ ბირთვული და რადიოაქტიური მასალების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №39
2016 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა და „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 51 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი
ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
წინამდებარე ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესი (შემდგომში –
წესი) შემუშავებულია „საქართველოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე“ შეთანხმებისა (შემდგომში –
შეთანხმება) და მისი დამატებითი ოქმის მოთხოვნათა შესაბამისად და ადგენს მოთხოვნებს შეთანხმებითა და მისი დამატებითი ოქმით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.
2.
ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (შემდგომში – მარეგულირებელი ორგანო).
მუხლი 2🔗.
რეგულირების სფერო
ეს წესი ადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ბირთვული მასალების აღრიცხვის განხორციელების, ინვენტარული ცვლილებისა და ბირთვული მასალის ბალანსის მარეგულირებელი ორგანოსათვის წარდგენის წესსა და პერიოდულობას.
მუხლი 3🔗.
მიზანი და ამოცანა
1.
ამ წესის მიზანია ბირთვული მასალებისა და მათი შემცველი მოწყობილობების გაუვრცელებლობისა და მშვიდობიანი მიზნით გამოყენების ხელშეწყობა.
2.
ამ წესის ამოცანაა ბირთვული მასალების აღრიცხვისა და კონტროლის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება.
მუხლი 4🔗.
ტერმინთა განმარტებანი
1.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
ბირთვული მასალის ბალანსი –
აღრიცხული და ფაქტობრივად არსებული ბირთვული მასალის რაოდენობის შედარების საფუძველზე მიღებული შედეგი;
ბ)
მასალის ბალანსის ზონა (მბზ) –
ბირთვული მასალების მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ტერიტორიული ან ადმინისტაციული პრინციპით განსაზღვრული ზონა, სადაც შესაძლებელია ბირთვული მასალის რაოდენობის განსაზღვრა ყველა სახის გადაადგილების შემთხვევაში მის შიგნით და გარეთ და ბირთვული მასალის ფიზიკური ინვენტარიზაცია, არსებული პროცედურებისა და მეთოდების მიხედვით;
გ)
შეფასების განხორციელების ადგილი (შგა) –
მასალის ბალანსის ზონაში განსაზღვრული ტერიტორია, სადაც წარმოებს როგორც არსებული ბირთვული მასალის გაზომვა, ასევე მათი გაზომვები მბზ-ში შესვლა-გასვლის დროს;
დ)
ბირთვული მასალების გაზომვათა სისტემა –
მეთოდოლოგიების, გაზომვის საშუალებებისა და ადმინისტრაციული ღონისძიებების ერთობლიობა;
ე)
ბირთვული მასალების აღრიცხვა –
ბირთვული მასალების რაოდენობის და შემცველობის განსაზღვრა, აღრიცხვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
ვ)
ფიზიკური ინვენტარიზაცია –
მბზ-ში მოცემულ მომენტში ბირთვული მასალის ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა გაზომვებისა და შეფასებების საშუალებით, შესაბამისი გაზომვათა სისტემის გამოყენებით;
ზ)
აღრიცხვის ძირითადი ჟურნალი –
შეთანხმებით განსაზღვრული ბირთვული მასალების აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც აისახება ბირთვული მასალების ფიზიკური ინვენტარიზაციის საწყისი შედეგები და ინვენტარული ცვლილებები;
თ)
ინვენტარული ცვლილება –
მბზ-ში შესვლა-გასვლის შესაბამისად ბირთვული მასალის რაოდენობის ცვლილება;
ი)
ბუნებრივი ურანი - ბუნებაში არსებული ურანი, რომელიც შეიცავს 99.28% ურან-238-ს და დაახლოებით 0.72% ურან-235-ს;
კ)
გაღარიბებული ურანი –
ურანი, რომელშიც ურან-235-ის შემცველობა ნაკლებია დაახლოებით 0.72%-ზე;
ლ)
გამდიდრებული ურანი –
ურანი, რომელშიც ურან-235-ის შემცველობა მეტია დაახლოებით 0.72%-ზე.
2.
წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მოქმედ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.
მუხლი 5🔗.
ბირთვული მასალების აღრიცხვისა და კონტროლის ეროვნული სისტემა
1.
ბირთვული მასალების აღრიცხვისა და კონტროლის ეროვნული სისტემა წარმოადგენს ბირთვული მასალების რაოდენობის, ფიზიკური მდგომარეობის, ქიმიური შემადგენლობის, გაზომვების შედეგებისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციისა და ანალიზის ერთობლიობას, ასევე, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას.
2.
ბირთვული მასალების აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება ბირთვულ მასალასთან მოპყრობის ყველა ეტაპზე (წარმოება, გამოყენება, გადამუშავება, შენახვა, ტრანსპორტირება და ტექნოლოგიური პროცესის სხვა ეტაპი).
3.
აღრიცხვისა და კონტროლის ეროვნული სისტემა არ ვრცელდება:
ა)
ურანის და თორიუმის მადანზე, ასევე სამთო-მეტალურგიული საქმიანობის დროს მიღებულ შუალედურ ურანშემცველ პროდუქციაზე;
ბ)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებულ ბირთვულ მასალებსა და მათ შემცველ დანადგარებზე.
4.
ბირთვული მასალების აღრიცხვისა და კონტროლის სისტემა მოიცავს შემდეგ ქმედებებს:
ა)
რეგისტრაციას, აღრიცხვისა და კონტროლის წარმოებას;
ბ)
ბირთვული მასალის მფლობელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებში მბზ-ის დადგენას;
გ)
ბირთვული მასალების მფლობელ ფიზიკურ ან იურიდიული პირების მბზ-ში ბირთვული მასალების შემადგენლობის მიხედვით აღრიცხვისა და კონტროლის დიფერენცირებულ მიდგომას;
დ)
ანგარიშგების წარდგენას შესაბამისი პერიოდულობით მარეგულირებელ ორგანოში;
ე)
ბირთვული მასალების შემადგენლობისა და რაოდენობის განსაზღვრას (გაზომვები და გამოთვლები);
ვ)
ფიზიკური ინვენტარიზაციის წარმოებას, დადგენილი პერიოდულობით და მოცულობით;
ზ)
ბირთვული მასალების ბალანსისა და საინვენტარიზაციო ცდომილებების დასაშვები სიდიდეების დადგენას.
5.
ბირთვული მასალების აღრიცხვის სისტემის ჩანაწერებში შეცდომების გასწორება დასაშვებია ახალი ჩანაწერების სახით, შეცდომის შემცველი ჩანაწერის შენარჩუნებით.
6.
სამხედრო დანიშნულების ნაკეთობების უტილიზაციის შემდეგ ამოღებული ბირთვული მასალები ექვემდებარება აღრიცხვას, მათი შესაბამის მბზ-ში გადაცემის შემდეგ მშვიდობიანი გამოყენების ან შენახვის მიზნით.
მუხლი 6🔗.
შეთანხმების მოთხოვნების შესრულების რეგულირება და კონტროლი
1.
შეთანხმებისა და მისი დამატებითი ოქმის მოთხოვნების შესრულების რეგულირებასა და კონტოლს ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო.
2.
მარეგულირებელი ორგანო თავისი უფლებამოსილებით:
ა)
ადგენს ბირთვული მასალების, მათი აღრიცხვის და კონტროლის მოთხოვნებს;
ბ)
ქმნის და აწარმოებს ბირთვული მასალების უწყებრივ რეესტრს ელექტრონული ფორმით;
გ)
აწარმოებს მბზ-ს და შგა-ს რეგისტრაციას და ანიჭებს უნიკალურ საიდენტიფიკაციო დასახელებას;
დ)
ახორციელებს კონტროლს ბირთვული მასალების უსაფრთხოებასა და დაცულობის უზრუნველყოფაზე;
ე)
იღებს გადაწყვეტილებას ბირთვული მასალების აღრიცხვიანობაზე;
ვ)
უზრუნველყოფს მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომელთა და ბირთვული მასალის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირის ბირთვული მასალების აღრიცხვის, კონტროლის და ანგარიშგების საკითხებში მომზადებასა და გადამზადებას;
ზ)
კოორდინაციას უწევს ბირთვული მასალის მფლობელი იურიდიული პირის მუშაკთა და ბირთვული მასალის მფლობელი ფიზიკური პირის ბირთვული მასალების აღრიცხვის, კონტროლის და ანგარიშგების საკითხებში მომზადებასა და გადამზადებას.
3.
მარეგულირებელი ორგანო შეთანხმების და მისი დამატებითი ოქმის მოთხოვნათა განხორციელების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხების ეროვნული პასუხისმგებელი პირის კანდიდატურას.
4.
ეროვნული პასუხისმგებელი პირი:
ა)
შეთანხმების მოთხოვნათა შესაბამისად ამზადებს დოკუმენტაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (შემდეგში „აესს“) გარანტიების დეპარტამენტში წარსადგენად;
ბ)
ახორციელებს ბირთვული მასალების მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის ინსპექტირებას და კონტროლს, ესწრება აესს-ის გარანტიების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ ინსპექტირებას;
გ)
აწარმოებს ბირთვული მასალების უწყებრივ რეესტრს.
მუხლი 7🔗.
ბირთვული მასალების მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მოვალეობები და ვალდებულებები
1.
ბირთვული მასალების მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ორგანიზაციული დოკუმენტების საფუძველზე, ბირთვულ მასალებთან მიმართებაში, განსაზღვრავს:
ა)
ორგანიზაციულ სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, პერსონალის უფლება-მოვალეობებს;
ბ)
მბზ-ის და შგა-ს სტრუქტურასა და საზღვრებს;
გ)
ბირთვული მასალების გაზომვების პროგრამას;
დ)
ფიზიკური დაცვის სისტემებს;
ე)
ფიზიკური ინვენტარიზაციის ჩატარების წესს.
ვ)
მბზ-ში ბირთვული მასალების ერთი პასუხისმგებელი პირიდან მეორეზე გადაცემის წესს;
ზ)
საქმიანობის კონფიდენციალობის ხარისხს.
2.
ბირთვული მასალების მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ორგანიზაციული დოკუმენტაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს მუშაკთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
3.
ბირთვული მასალების მფლობელი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირის ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა)
ხელი შეუწყოს აესს-ისა და მარეგულირებელი ორგანოს ინსპექტორებს, მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია, რათა მოხდეს დეკლარირებული საქმიანობისა და მასალების გადამოწმება;
ბ)
უზრუნველყოს აესს-ისა და მარეგულირებელი ორგანოს ინსპექტორების შეუფერხებელი დაშვება ბირთვულ მასალებთან დამოუკიდებელი გაზომვების, ნიმუშების აღებისა და სხვა კვლევების, ინფორმაციის მიღების, გადამოწმებისა და შეთანხმების მიხედვით შედგენილი ანგარიშგებების შემოწმების მიზნით;
გ)
ბირთვული მასალების მახასიათებლების გაზომვების ჩატარების შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში, მიმართოს სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს. გაზომვის შედეგები წარდგენილი უნდა იქნას მარეგულირებელ ორგანოში გაზომვების ჩამტარებლის მითითებით.
დ)
დანიშნოს ბირთვული მასალების აღრიცხვასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი და შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს დანიშვნიდან 10 დღის ვადაში;
ე)
მიაწოდოს ინფორმაცია მარეგულირებელ ორგანოს მბზ-ში ბირთვული მასალის ინვენტარული ცვლილებების შესახებ ცვლილებების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, ამ ბრძანების დანართში მითითებული ფორმით (დანართი 1).
4.
ბირთვული მასალების აღრიცხვასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:
ა)
აწარმოოს ბირთვული მასალის აღრიცხვის ძირითადი ჟურნალი;
ბ)
აწარმოოს ბირთვული მასალების აღრიცხვა შემდეგი მახასიათებლების მიხედვით:
ბ.ა)
ბირთვული მასალის რაოდენობა პარტიაში - ცალი;
ბ.ბ)
ბირთვული მასალის მომწოდებელი და საბოლოო განთავსების მბზ;
ბ.გ)
ბირთვული მასალის ტიპი (ბუნებრივი ურანი, გაღარიბებული ურანი, გამდიდრებული ურანი, პლუტონიუმი, თორიუმი);
ბ.დ)
ბირთვული მასალის ფიზიკური მდგომარეობა და ქიმიური ფორმა;
ბ.ე)
ბირთვული მასალის მასა: ბუნებრივი, გაღარიბებული ურანისა და თორიუმისათვის -კილოგრამებში, გამდიდრებული ურანისა და პლუტონიუმისათვის - გრამებში;
ბ.ვ)
შემცველი კონტეინერის ტიპი და მასა;
ბ.ზ)
გაზომვის ადგილის იდენტიფიცირება (შგა);
ბ.თ)
ბირთვული მასალის ტრანზაქციის ტიპი: მიღება საზღვარგარეთიდან, გაგზავნა საზღვარგარეთ, მიღება ადგილობრივი მბზ-დან, გაგზავნა ადგილობრივ მბზ-ში, აღმოჩენა;
ბ.ი)
ტრანზაქციის თარიღი.
გ)
აწარმოოს აღრიცხვა აესს-ის მიერ შემუშავებული აღრიცხვის ძირითადი ჟურნალის სახით. ჩანაწერები უნდა ეფუძნებოდეს მბზ-ში, როგორც ბირთვულ მასალებზე ჩატარებული მახასიათებლების გაზომვათა შედეგებს, ასევე მწარმოებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ან გამოთვლით მეთოდებს ამ წესის დანართში მოცემული ფორმით (დანართი 2);
დ)
აღრიცხოს ბირთვული მასალა აღრიცხვის ძირითად ჟურნალში მისი სხვა მბზ-დან შემოსვლის შემდეგ არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში და დაიცვას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადები;
ე)
მოხსნას აღრიცხვის ძირითადი ჟურნალიდან ბირთვული მასალა მისი სხვა მბზ-ში გაგზავნის შემდეგ არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში და დაიცვას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადები.
მუხლი 8🔗.
მბზ და შეფასების განხორციელების ადგილები
1.
მბზ უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:
ა)
უზრუნველყოფილ იქნეს მბზ-ში ბირთვული მასალის ტრანზაქციის დროს ბირთვული მასალის მახასიათებლებისა (მე-7 მუხლის მიხედვით) და საპასპორტო დოკუმენტაციის შეფასების შესაძლებლობა;
ბ)
მბზ-ში განსაზღვრულ შგა-ში შესაძლებელი უნდა იყოს ბირთვული მასალის მახასიათებლების განსაზღვრა.
2.
დასაშვებია განისაზღვროს დამოუკიდებელი მბზ-ს სახით ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფი, მასში არსებული ბირთვული მასალების მახასიათებლების და მათთან მოპყრობის წესის გათვალისწინებით.
3.
თითოეულ მბზ-ში განსაზღვრული უნდა იყოს:
ა)
შგა, მასში გამოყენებული გაზომვების მეთოდებისა და საშუალებების აღწერით;
ბ)
კონკრეტულ შგა-ში ბირთვული მასალების აღრიცხვისა და კონტროლის პროცედურების აღწერა.
მუხლი 9🔗.
ფიზიკური ინვენტარიზაცია
1.
მბზ-ში ბირთვული მასალების აღრიცხვაზე კონტროლის დამყარების მიზნით, წელიწადში ორჯერ ტარდება ფიზიკური ინვენტარიზაცია. ფიზიკური ინვენტარიზაციის შედეგები მარეგულირებელ ორგანოს უნდა მიეწოდოს არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა და 1 დეკემბრისა. ფიზიკური ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს მარეგულირებელ ორგანოში შედეგების წარდგენამდე ერთი თვით ადრე.
2.
ფიზიკური ინვენტარიზაციის ამოცანებია:
ა)
მბზ-ში ფაქტობრივად არსებული ბირთვული მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
ბ)
ბირთვული მასალების მახასიათებლების შესაბამისობის დადგენა ფიზიკური ან იურიდიული პირის აღრიცხვის ძირითად ჟურნალში არსებულ ინფორმაციასთან;
გ)
მბზ-ში ბირთვული მასალების ბალანსის შედგენა, მის საფუძველზე ნაკლოვანებების აღმოჩენა და მათი მიზეზის დადგენა.
3.
მბზ-ში ბირთვული მასალების ბალანსი შედგენილი უნდა იქნეს თითოეული ტიპის ბირთვული მასალისათვის ცალ-ცალკე და უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა)
ბირთვული მასალების საწყის რაოდენობას (წინა ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით);
ბ)
ბირთვული მასალების მომატებას ან შემცირებას ბალანსთაშორისი პერიოდის განმავლობაში;
გ)
ფიზიკური ინვენტარიზაციის შედეგად მიღებულ ფაქტობრივ რაოდენობას.
4.
ფიზიკური ინვენტარიზაციის მიმდინარეობისას აკრძალულია ბირთვული მასალების ნებისმიერი გადაადგილება სხვა მბზ-ში, სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მბზ-თვის გადაცემა ან ახალი მასალების მიღება.
5.
ფიზიკური ინვენტარიზაცია სრულდება შესაბამისი აქტის შედგენით, სადაც აისახება მბზ-ში ბირთვული მასალების ბალანსი, აღწერილი იქნება ყველა ინვენტარული ცვლილება, შეიქმნება საინვენტარიზაციო დოკუმენტები და ფაქტობრივად არსებული ბირთვული მასალების ნუსხა.
6.
ფიზიკური ან იურიდიული პირის გადაწყვეტილებით, საინვენტარიზაციო ცვლილებების შემთხვევაში ჩატარებული ფიზიკური ინვენტარიზაციის შედეგები უნდა მიეწოდოს მარეგულირებელ ორგანოს მისი დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
7.
იმ შემთხვევაში, თუ ბირთვული მასალების ბალანსის ანალიზის დროს აღრიცხვაში დარღვევები არ აღმოჩნდება, დოკუმენტურად დაფიქსირებული ბირთვული მასალების ნუსხა და მათი რაოდენობრივი მახასიათებლები გამოყენებული უნდა იქნას შემდგომი ბალანსთაშორისი პერიოდის საწყის მონაცემად.
8.
ბირთვული მასალების ფაქტობრივი და აღრიცხული რაოდენობის განსხვავების შემთხვევაში, ინვენტარიზაციის აქტში აისახება განსხვავების გამომწვევი მიზეზი.
9.
ფიზიკური ინვენტარიზაციის დროს აღრიცხვის ძირითად ჟურნალში დაუფიქსერებელი ცვლილებების აღმოჩენისას, ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს.
10.
ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში, მარეგულირებელ ორგანოს აქვს მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების უფლება.
11.
განსხვავების წარმოშობის მიზეზის დაუდგენლობის შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს შეთანხმებით განსაზღვრულ ორგანიზაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილ უწყებებს.
მუხლი 10🔗.
ბირთვული მასალების იმპორტი, ექსპორტი, მიღება-გადაცემა და მწარმოებლისთვის დაბრუნება
1.
ბირთვული მასალების მფლობელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს შორის აღრიცხული ბირთვული მასალების მიღება-გადაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
2.
იმ შემთხვევაში, როდესაც გადამცემი ფიზიკური ან იურიდიული პირის მონაცემების მიხედვით გადასაცემი ბირთვული მასალის მახასიათებლები არ განსხვავდება მიმღები მხარის შგა-ში გაზომილი ან შეფასებული ბირთვული მასალის მახასიათებლებისაგან, გადამცემი და მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირების შგა-სათვის დამახასიათებელი ცდომილების ფარგლებში, მაშინ ის მიიღება მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირის ბალანსზე. თუ დაფიქსირდა განსხვავება, ორივე მხარე ვალდებულია გამოიკვლიოს ამის მიზეზი, მარეგულირებელი ორგანოს და ეროვნული პასუხისმგებელი პირის ჩართულობით.
3.
ბირთვული მასალის მიმღებ და გადამცემ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს შეაქვთ შესაბამისი ცვლილებები აღრიცხვის ძირითად ჟურნალში, ქმნიან ინვენტარული ცვლილების ანგარიშს (დანართი 2) და ამავე წესის მე-7 მუხლის მიხედვით ატყობინებენ მარეგულირებელ ორგანოს.
4.
ბირთვული მასალის იმპორტისას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტებისა, მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ბირთვული მასალის, როგორც მაიონებელი გამოსხივების წყაროს რეგისტრაციის ფორმა.
5.
ბირთვული მასალის უცხოური მწარმოებლისთვის დაბრუნება ხორციელდება ექსპორტის ნებართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11🔗.
ბირთვული მასალის ტრანსპორტირება და ფიზიკური დაცულობა
1.
ბირთვული მასალის ტრანსპორტირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2.
ტრანსპორტირებას ახორციელებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი.
3.
ბირთვული მასალის ფიზიკური უსაფრთხოება (დაცულობა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗.
ბირთვული მასალების უწყებრივი რეესტრი და მის წარმოებასთან დაკავშირებული მხარეების ვალდებულებები
1.
ბირთვული მასალების უწყებრივი რეესტრი წარმოადგენს ქვეყანაში არსებული ბირთვული მასალების მონაცემთა ელექტრონულ ბაზას.
2.
მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია:
ა)
შექმნას და აწარმოოს ბირთვული მასალების უწყებრივი რეესტრი;
ბ)
დაიცვას უწყებრივი რეესტრის ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და სარეზერვო არქივების უსაფრთხოება;
გ)
დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად.
მუხლი 13🔗.
ინფორმაციაზე წვდომა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
1.
უწყებრივ რეესტრში დაცული ინფორმაცია კონფიდენციალურია.
2.
ბირთვული მასალის მფლობელს შეუძლია გაეცნოს უწყებრივ რეესტრში მხოლოდ მის მფლობელობაში არსებული ბირთვული მასალების შესახებ ინფორმაციას.
3.
უწყებრივ რეესტრში დაცული ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4.
მარეგულირებელი ორგანოს უფროსის ბრძანების საფუძველზე განისაზღვრება უწყებრივი რეესტრის ადმინისტრატორი, ოპერატორი და მათი ფუნქციები, აგრეთვე, მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლების უწყებრივ რეესტრთან წვდომის დონეები (წაკითხვის, ცვლილების შეტანის ან/და ანგარიშების წარმოების).
5.
ელექტრონულ უწყებრივ რეესტრში არსებული ინფორმაცია დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.
6.
უწყებრივ რეესტრში არსებული ინფორმაციის გავრცელება, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აკრძალულია.