გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა შპს „gs group“-ის მიმართ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/19768-16
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
2016 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი − შემოსავლების სამსახური
დავების დეპარტამენტის უფროსი − რომან ბუღაძე
მოთხოვნა − გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი და
გამოარკვია:
2016 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,gs group’’-ის წარმომადგენელმა გიორგი გვენეტაძემ და მოითხოვა შპს ,,gs group’’-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის განჩინებით შპს ,,gs group’’-ს უარი ეთქვა მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,gs group’’-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 20 ივლისს კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა შპს ,,gs group’’-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით განმცხადებლის − შემოსავლების სამსახურის განცხადება მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.
კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 25 ოქტომბერს. 2016 წლის 25 ოქტომბრის კრედიტორთა პირველი კრება გადაიდო 2016 წლის 25 ნოემბერს.
კრედიტორთა კრებაზე შპს ,,gs group’’-ის წარმომადგენელმა და მეურვემ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ საზოგადოებას არ გააჩნია არავითარი ქონება და თვით საპროცესო ხარჯების გადახდასაც კი ვერ უზრუნველყოფს. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა აღნიშნულ მოთხოვნას.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. კანონის ანალოგიის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,gs group’’-ს რადგან არ გააჩნია არავითარი ქონება, ფულადი თანხები ანგარიშზე, ის თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-19 მუხლით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს სასამართლო წყვეტს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, გადახდისუუნარობის საქმე გახსნილად ითვლება განცხადების შეტანის დღიდან.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე კრედიტორმა შემოსავლების სამსახურმა მომართა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით, ვინაიდან საზოგადოება ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯებს და ვადამოსული კრედიტორების დაკმაყოფილებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს, შესაბამისად გადახდილი თანხით უნდა მოხდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასურის გადახდა.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-19, მე-20, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 187-ე, 284-285-ე მუხლებით
დაადგინა
1. შეწყდეს შემოსავლების სამსახურის განცხადებით დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შპს ,,gs group’’-ის მიმართ.
2. შპს ,,gs group’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი 404979706) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,gs group’’-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
3. განმცხადებლის მიერ გადახდილი 5000 ლარიდან, რომელიც განთავსებულია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, დასახელება, ქ. თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა’’, ბანკის კოდი TRESGE 22 ანაზღაურდეს საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ყველა დანარჩენ შემთხვევაში თანხა დაუბრუნდეს განმცხადებელს.
4. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან ან გადაცემიდან5 დღის ვადაში კერძო საჩივრით,თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი