შ.პ.ს. ,,TUR.AZ”-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/14283-2016
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
2016 წლის 2 დეკემბერი
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, შპს ,,TUR.AZ”-ის კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,TUR.AZ”-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით შპს ,,TUR.AZ”-ის განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. განცხადების მიხედვით, საწარმოს ჰყავს ერთადერთი კრედიტორი - სსიპ ,,შემოსალვების სამსახური“, რომლის ჯამური მოთხოვნა შეადგენს 65 392,99 ლარს. შპს ,,TUR.AZ”-ის სახელზე ირიცხება მოძრავი ქონება - მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ხოლო უძრავი ქონება არ გააჩნია. საზოგადოებას ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,საქართველოს ბანკში”. საბანკო ანგარიშზე თანხა არ ირიცხება.
მეურვის მოხსენების მიხედვით, მოვალის კრედიტორული დავალიანება ჯამში შეადგენს 67 565,90 ლარს. სხვა განცხადება კრედიტროული მოთხოვნების აღიარების თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ შესულა. შპს ,,TUR.AZ”-ს გააჩნია დებიტორული მოთხოვნა შპს ,,G.Z.S.’’-ის მიმართ 38 556 ლარის ოდენობით. მეურვის მიერ გაგზავნილი წერილები დებიტორულ კომპანიას არ ჩაჰბარდა, რადგან შპს ,,G.Z.S.’’ვერ იქნა მოძიებული, აღნიშნული საწარმოს სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. ასევე, საჯარო რეესტრის ინფორმაციის მიხედვით მოვალის სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება. შპს ,,TUR.AZ”-ის საკუთრებად ირიცხება ავტომანქანა ,,DODGE GRAND CARAVAN 3.3 V6 LE’’ (სახ.№MFC699), რომლის საბაზრო ღირებულება ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯის დაფარვას. მოვალეს ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,საქართველოს ბანკში“ და ანგარიშზე თანხა არ ირიცხება.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ შპს ,,TUR.AZ”-ის მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. განსახილველ შემთხვევაში, მოვალის საკუთრებად არ ირიცხება უძრავი ქონება, რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ქონების ღირებულება ვერ ფარავს საპროცესო ხარჯს. შპს ,,TUR.AZ”-ს შპს ,,G.Z.S.’’-ის მიმართ გააჩნია დებიტორული მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაგრამ შპს ,,G.Z.S.’’ მოძიებული ვერ იქნა, აღნიშნული საწარმოს სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება და კრედიტორის ინტერესის საგანს დებიტორული დავალიანება არ წარმოადგენს. მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ გამოვლინდა, რომ მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს ,,TUR.AZ”-ის უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,TUR.AZ”-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,TUR.AZ”-ის (ს/ნ 432541092) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს ,,TUR.AZ”-ი გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,TUR.AZ”-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაშიб თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი