ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 25.01.2017
ძალის დაკარგვა 01.07.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №158
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.123.016368
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.07.2024
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ ქუთაისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 18.01.2012
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №158
2017 წლის 25 იანვარი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ქუთაისში შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, რომელიც არის აუცილებელი გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 2🔗
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები /ორგანიზატორები/, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.
მუხლი 3🔗
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:
1. სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი.
2. წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი.
3. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა.
4. ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები.
5. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.
მუხლი 4🔗
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება უნდა მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით და განისაზღვროს:
1. თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი.
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 100 ლარი.
3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%.
4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარი.
5. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%.
6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 5 000 ლარი.
7. თითოეული კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.
შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 5🔗
წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია, საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მუხლი 6🔗
წამახალისებელი გათამაშების მომწყობის /ორგანიზატორის/ ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთან, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით /თანხით/.
მუხლი 7🔗
სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვების მფლობელი, ასევე, სისტემური ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
მუხლი 8🔗
მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტების გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის მოწყობის /ორგანიზატორის/ უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროების მოწყობაზე.
მუხლი 9🔗
მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტის მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები;
2. მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს.
მუხლი 10🔗
თამაშების მომწყობი /ორგანიზატორი/ საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.
მუხლი 11🔗
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტის მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში აღირიცხება თამაშების მომწყობის /ორგანიზატორის/ სახელზე.
მუხლი 12🔗
მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის (დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე, უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
მუხლი 13🔗
ლატარიის მომწყობნი /ორგანიზატორები/ ვალდებულნი არიან, ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებში ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მუხლი 14🔗
ამ დადგენილებით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება ევალება საგადასახადო ორგანოებს.
მუხლი 15🔗
საგადასახადო ორგანოები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით.
მუხლი 16🔗
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 17🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 18 იანვრის №147 დადგენილება (www.matsne.gov.ge 26.01.2012. №210020010.35.123.016099).
მუხლი 18🔗
დადგენილების ასლი გამოქვეყნებისთანავე გაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
მუხლი 19🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი