აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/14

 

2017 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2016 წლის 23 დეკემბრის №04/5073 განცხადება სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ,,ახალციხე-ბათუმის Э 220 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ  და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია” აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში, ერთობლივად ახორციელებენ ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2840 განკარგულებით მოწონებული და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.

ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაფინანსებით ხორციელდება ,,ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების (,,შუახევის ” და ,,კორომხეთის ” ჰესები) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი. გარდა ამისა, რეგიონში ახალი 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის მთლიანად აჭარის ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ავტონომიური რესპუბლიკის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას.

მითითებულ პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის. მოცემულ პროექტს ასევე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს პარალელურად მიმდინარე ჰესების მშენებლობის პროექტების სრულყოფილი შესრულებისა და აშენებული ელექტროსადგურების ქსელთან მიერთების კუთხით. 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი ახალციხის არსებული 500/400 კვ-იანი მუდმივი ძაბვის ქვესადგურიდან დაიწყება და ბათუმის არსებულ 220 კვ-იანი ქვესადგურს დაუკავშირდება. ხაზის მთლიანი სიგრძე 150 კილომეტრია.

„ახალციხე-ბათუმის ” ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ფარგლებში (ნაწილობრივ) მოექცა მიხეილ დავითაძის (პ/ნ61002012170) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს/კ 24.02.31.143.

მიხელ დავითაძეს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპესაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მან უარი განაცხადა.

ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ წერილობით მიმართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინაშე ექსპროპრიაციის პროცედურების დაწყების შუამდგომლობისათვის.

2016 წლის 23 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით (04/5073) მომართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და „ახალციხე-ბათუმის ” ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ მიწის ნაკვეთზე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შუამდგომლობა და მითითებული პროექტის განხორციელების მიზნით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია” აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში, ერთობლივად ახორციელებენ ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტებს, მათ შორის, ხორციელდება ,,ახალციხე - ბათუმის ” 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, აუცილებელია გამოსყიდულ იქნეს კერძო საკუთრებაში არსებული ის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც უნდა განთავსდეს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი ანძები.

პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა მიხეილ დავითაძის (პ/ნ 61002012170) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი – ს/კ 24.02.31.143.

დადასტურებულია, რომ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მესაკუთრეს შესთავაზა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 24.02.31.143) ნაწილობრივ (310 კვ.მ.) გამოსყიდვა-გამოსყიდვის თანხა ჯამში 6422 ლარი (მიწის ღირებულება 1550 ლარი, მრავალწლიანი ნარგავები 4872 ლარი, საჯარო რეესტრის ხარჯი 100 ლარი). მესაკუთრეს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მან უარი განაცხადა.

დადგენილია, რომ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ გამოსყიდვის შეტყობინებით მესაკუთრეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი უარის შემთხვევაში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც პროექტის განმახორციელებელი, იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი საკუთრების (პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე) ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“.

ვინაიდან მიხელ დავითაძესთან ვერ ხორციელდება ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, პროექტის განხორციელებისათვის არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს „ახალციხე-ბათუმის ” ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება: მესაკუთრე მიხეილ დავითაძე (პ/ნ61002012170), უძრავი ქონება (ს/კ 24.02.31.143) მდებარე შუახევის რაიონი, სოფელი დაბაძველი (მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 1525 კვ.მ), საექსპროპრიაციო მიწის ფართი 310 კვ.მ.

 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის .: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

მინისტრი                                                                 გიორგი გახარია