შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ
მიღების თარიღი 13.11.2015
ძალაში შესვლა 03.02.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №27-11
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016456
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/02/2017
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო
საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ
საქართველოს მთავრობა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი, სურთ რა, თავიანთი ეკონომიკური ურთიერთობების ინტერესებიდან გამომდინარე განავითარონ ხელშემკვრელ მხარეთა შორის მგზავრების გადაყვანა და ტვირთების გადაზიდვა,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
სფერო
მუხლი 1🔗
წინამდებარე შეთანხმების დებულებები ვრცელდება მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანებსა და სატვირთო გადაზიდვებზე, ქირით ან ანაზღაურების საფასურად ან საკუთარი ხარჯებით, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოთა ტერიტორიებს შორის და ტრანზიტად მათი ტერიტორიების გავლით. დებულებები ასევე ვრცელდება მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთების გადაზიდვაზე ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიასა და მესამე ქვეყანას შორის ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც რეგისტრირებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
განსაზღვრებები
მუხლი 2🔗
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის ტერმინი:
a) „გადამზიდველი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და დაფუძნების სახელმწიფოში მინიჭებული აქვს იურიდიული უფლებამოსილება განახორციელოს მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ქირით, ანაზღაურების საფასურად ან საკუთარი ხარჯით, ამ ტერიტორიაზე მოქმედი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
b) „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ ნიშნავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას ან ავტოსატრანსპორტო საშუალებათა კომბინაციას, რომელთაგან სულ მცირე ძრავიანი (გამწე) ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და გამოიყენება მხოლოდ მგზავრთა გადაყვანისათვის და/ან ტვირთის გადაზიდვისათვის;
c) „სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება“ ნიშნავს ნებისმიერ მექანიკურ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ცხრაზე მეტი სავარძლით, მძღოლის სავარძლის ჩათვლით;
d) „რეგულარული სამგზავრო მომსახურება“ ნიშნავს მომსახურებას, რომელიც ითვალისწინებს მგზავრთა გადაყვანას განსაზღვრულ მარშრუტზე და განსაზღვრული განრიგის მიხედვით, რომლის დროსაც მგზავრთა ჩასხმა/გადმოსხმა ხდება წინასწარ განსაზღვრულ გაჩერების ადგილებზე;
e) „მგზავრთა არარეგულარული მომსახურება“ ნიშნავს მომსახურებას, რომელსაც არ მოიცავს რეგულარული სამგზავრო მომსახურების განმარტება.
f) „ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორია“:
- საქართველოსთან მიმართებაში ის ნიშნავს –
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის, სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
- სლოვაკეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში ის ნიშნავს სლოვაკეთის რესპუბლიკას და გამოიყენება მისი გეოგრაფიული მნიშვნელობით, ნიშნავს ტერიტორიას, რომელზეც სლოვაკეთის რესპუბლიკა ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებებსა და იურისდიქციას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
g) „კომპეტენტური ორგანოები“ ნიშნავს:
საქართველოსთვის –
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან სახმელეთო ტრანსპორტზე პასუხისმგებელ შესაბამის ხელისუფლებებს.
სლოვაკეთის რესპუბლიკისათვის –
სლოვაკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, მშენებლობისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს.
მგზავრთა გადაყვანა
მუხლი 3🔗
სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული ყველა სახის სამგზავრო სატრანსპორტო საქმიანობა, ქირით ან ანაზღაურების საფასურად, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიიდან, ტერიტორიებისაკენ ან ტრანზიტად მათი სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით, წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლში მოყვანილი შემთხვევების გარდა, ექვემდებარება ნებართვის გაცემას ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ.
მუხლი 4🔗
1. ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოთა ტერიტორიებს შორის რეგულარული სამგზავრო მომსახურება ან ტრანზიტი მათი სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით ერთობლივად უნდა იქნეს დამტკიცებული ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოების მიერ.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გასცეს ნებართვა საკუთარ ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე.
3. კომპეტენტურმა ორგანოებმა ერთობლივად უნდა დაადგინონ ნებართვის პირობები, კერძოდ, მისი მოქმედების ვადა, სატრანსპორტო საქმიანობების სიხშირე, განრიგი და გამოსაყენებელი ტარიფები, ისევე როგორც რეგულარული სამგზავრო მომსახურების შეუფერხებელი და ეფექტური განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი სხვა პირობა.
4. განაცხადი ნებართვის მიღებაზე უნდა გაეგზავნოს იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, სადაც რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება და რომელსაც უფლება აქვს დააკმაყოფილოს განაცხადი ან უარი თქვას მის დაკმაყოფილებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი განაცხადის დაკმაყოფილებაზე არ არსებობს უარის თქმის საფუძველი, შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიაწოდოს ის მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.
5. განაცხადი უნდა შეიცავდეს აუცილებელი დეტალების ამსახველ ისეთ დოკუმენტებს, როგორიცაა შეთავაზებული განრიგები, ტარიფები და მარშრუტები, პერიოდი და წელიწადის დრო, როდესაც განხორციელდება მომსახურება და თარიღი, როდესაც შესაძლებელია, რომ დაიწყოს ეს მომსახურება. კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ ამგვარი დამატებითი დეტალების წარდგენა, რომლებსაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან.
6. ნებართვა გაიცემა გადამზიდველის სახელზე და დაუშვებელია ამ უკანასკნელის მიერ მიერ მისი მესამე მხარისათვის გადაცემა.
7. ნებართვის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.
მუხლი 5🔗
ნებისმიერი არარეგულარული მომსახურება, რომელზეც არ ვრცელდება წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლი, ექვემდებარება სანებართვო პროცედურას. განაცხადი ნებართვის მიღებაზე უნდა გაეგზავნოს იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიაზეც არის დაფუძნებული გადამზიდველი. ამ კომპეტენტურმა ორგანომ აღნიშნული განაცხადები საკუთარი რეკომენდაციებით უნდა გადაუგზავნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. განაცხადზე რეაგირება უნდა მოხდეს ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. განაცხადი უნდა მოიცავდეს გადამზიდველის დასახელებას, მოთხოვნილი ნებართვის მოქმედების ვადას, სიხშირესა და რეისების ზუსტ რიცხვს, ისევე როგორც გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტებს. წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლის შესაბამისად ჩამოყალიბებული ერთობლივი კომიტეტი განსაზღვრავს განაცხადების ფორმას.
მუხლი 6🔗
1. „არარეგულარული სამგზავრო მომსახურება“, ე.ი. მომსახურება, რომელიც არ შეესაბამება რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმარტებას, არ საჭიროებს ნებართვის გაცემას ქვემოთ მოყვანილ შემთხვევებში:
a) ტური დახურული კარით, ე.ი. მომსახურება, რომლის დროსაც მთელი მგზავრობის განმავლობაში გამოიყენება ერთი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთი ჯგუფის მგზავრების გადაყვანისა და მასპინძელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან მათი წაყვანისთვის; გამგზავრების პუნქტი მდებარეობს იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც დაფუძნებულია გადამზიდველი;
b) მომსახურება, რომლის დროსაც ავტოსატრანსპორტო გამგზავრება ხორციელდება დატვირთულად, ხოლო უკან დაბრუნების გარბენი –
დაუტვირთავად; როდესაც გამგზავრების პუნქტი მდებარეობს იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც დაფუძნებულია გადამზიდველი;
c) მომსახურება, რომლის დროსაც უკან დაბრუნების გარბენი ხორციელდება დაუტვირთავად და ყველა მგზავრი აყვანილია ერთსა და იმავე პუნქტში, იმის გათვალისწინებით, რომ ქვემორე მოთხოვნებიდან შესრულებულია ერთი (ან მეტი) მოთხოვნა:
- მგზავრები შეადგენდნენ ჯგუფს გადაყვანის იმ კონტრაქტის შესაბამისად, რომლის ხელმოწერაც მოხდა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათ ჩასვლამდე, სადაც ხდება მათი აყვანა და გადაყვანა ამ ტერიტორიის გარეთ;
- მგზავრები, რომლებიც წარსულში გადაყვანილი იქნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე იგივე გადამზიდველის მიერ პირველი პუნქტის b) ქვეპუნქტის შესაბამისად, როდესაც შემდგომში მოხდა მათი აყვანა და იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაყვანა, სადაცაა რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება; და
- მგზავრები, რომლებიც მიწვეულნი არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამოგზაუროდ; მგზავრობის ხარჯებს ფარავს მიმწვევი პირი; ასეთი მგზავრები უნდა შეადგენდნენ ერთგვაროვან ჯგუფს, რომლის ჩამოყალიბება არ მომხდარა მხოლოდ ამ მოგზაურობის განხორციელების მიზნით და რომელიც გადაყვანილია იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაცაა დაფუძნებული გადამზიდველი;
d) ნებართვისგან გათავისუფლებულ არარეგულარულ მომსახურებასთან დაკავშირებული სატრანზიტო საქმიანობა ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით;
e) დაუტვირთავი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამიზნულია უშუალოდ დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული იმ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩასანაცვლებლად, რომელიც ახორციელებს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ საერთაშორისო მომსახურებას წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.
2. ზემოაღნიშნული ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო მომსახურების დროს, პირველი პუნქტის a) –
e) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მძღოლები ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტზე იქონიებენ შესაბამისად შევსებულ, სათანადოდ ბეჭედდასმულ და გადამზიდავის მიერ ხელმოწერილ ზედნადებს, რომელიც მოიცავს მგზავრთა სიას, როგორც ეს შეთანხმებულია ერთობლივი კომიტეტის მიერ, თუ ამას მოითხოვს კომპეტენტური ორგანო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად.
3. დაუტვირთავი შესვლის დროს, რომელიც განსაზღვრულია პირველი პუნქტის c) ქვეპუნქტით, მძღოლი ასევე სატრანსპორტო საშუალების ბორტზე ნებისმიერ შემთხვევაში იქონიებს მომსახურების დამამტკიცებელ დოკუმენტს –
გადაყვანა/გადაზიდვის კონტრაქტს, ზედნადებს დატვირთული უკან დაბრუნების გარბენისათვის, წინა დაუტვირთავი უკან დაბრუნების გარბენისათვის ან მოწვევის დოკუმენტს.
სატვირთო გადაზიდვა
მუხლი 7🔗
1. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული გამონაკლისების გარდა, ტვირთების გადაზიდვა ქირით ან ანაზღაურების საფასურად ან დამოუკიდებლად, წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესაბამისად, იმ გადამზიდველის მიერ, რომელიც დაფუძნებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამავე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ექვემდებარება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ ნებართვას.
2. ორივე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები თანხმდებიან ყოველწლიურად გაცვალონ ნებართვების შესაბამისი რაოდენობა, რომლებიც ძალაშია მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან მომდევნო წლის 31 იანვრამდე. ნებართვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ ერთი ბრუნის შესასრულებლად. ნებართვა იძლევა ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოთა ტერიტორიებს შორის, ტრანზიტად მათი სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით ან ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან მესამე ქვეყნის/ქვეყნიდან მიმართულებით გადაზიდვის განხორციელების უფლებას.
3. შემდეგი სახის გადაზიდვები თავისუფლდება ნებართვებისაგან:
a) გადაზიდვები იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა საერთო ნებადართული დატვირთული მასა, მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის ჩათვლით, არ აჭარბებს 6 ტონას, ან როცა ნებადართული ტვირთის მასა, მისაბმელის ჩათვლით, არ აჭარბებს 3.5 ტონას;
b) აეროპორტებიდან ან აეროპორტების მიმართულებით ტვირთის გადაზიდვა, საჰაერო მომსახურების შეცვლის დროს;
c) დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვა და მათ შესაკეთებლად გაგზავნილი სატრანსპორტო საშუალება;
d) იმ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი გარბენი, რომელიც გაგზავნილია სხვა სახელმწიფოში დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლების მიზნით და დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების უკუგარბენი შეკეთების შემდეგ;
e) საზღვაო და საჰაერო ხომალდებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და სურსათ-სანოვაგის გადაზიდვა;
f) მედიკამენტებისა და დამხმარე მოწყობილობების გადაზიდვა საგანგებო სიტუაციებში, კერძოდ, სტიქიური უბედურებებისას დახმარების გასაწევად;
g) ბაზრობებისა და გამოფენებისათვის განკუთვნილი ხელოვნების ნიმუშებისა და ნამუშევრების გადაზიდვა;
h) არაკომერციული მიზნებით ქონების, აპარატურის და ცხოველების გადაზიდვა თეატრალური, მუსიკალური, კინო ან საცირკო წარმოდგენენებისა და სპორტული ღონისძიებებისათვის ან ბაზრობებისათვის, ისევე როგორც რადიო, სატელევიზიო ან კინოჩაწერებისათვის;
i) საფოსტო გადაზიდვა, როგორც საჯარო მომსახურება;
j) სამგლოვიარო გადაზიდვები;
k) ახლად შეძენილი (ახალი ან მეორადი) ავტოსატრანსპორტო საშუალების პირველი დაუტვირთავი გარბენი.
4. ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის ურთიერთშეთანხმებული ყოველწლიური ფიქსირებული კვოტის ფარგლებში, ნებართვებს გასცემს იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო, სადაც რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, ხელშემკვრელ მხარეთა თანხმობით, შესაძლებელია წლის განმავლობაში დამატებითი რაოდენობის კვოტირებული ნებართვების გაცვლა.
ზოგადი დებულებები
მუხლი 8🔗
1. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაფუძნებულ გადამზიდავს არ აქვს უფლება განახორციელოს გადაზიდვა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ორ პუნქტს შორის, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულია სპეციალური თანხმობა ამ მიზნისათვის.
2. საჭიროების შემთხვევაში ერთობლივ კომიტეტს შეუძლია დაადგინოს ასეთი სპეციალური ნებართვების გაცემის შესაძლებლობა და ის პირობები, რომლებსაც განმცხადებელი დააკმაყოფილებს.
მუხლი 9🔗
1. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების მასასა და გაბარიტებს, თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს ვალდებულებას არ დააკისროს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას უფრო შემზღუდველი პირობები, ვიდრე საკუთარ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გადამზიდავს.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები შესაბამისობაში იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალების ოფიციალური რეგისტრაციისას დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან.
3. ორივე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოთა გადამზიდავები უნდა აკმაყოფილებდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მასასა და გაბარიტებთან დაკავშირებით მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასა და რეგულაციებს.
4. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მასა და/ან გაბარიტები აჭარბებს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ძალაში მყოფ დასაშვებ მასას და/ან გაბარიტებს, მოთხოვნილ უნდა იქნეს სპეციალური ნებართვა. ასეთი სპეციალური ნებართვის მისაღებად გადამზიდავმა უნდა მიმართოს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, მის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ახორციელებენ სახიფათო ტვირთების გადაზიდვებს, უნდა მოქმედებდნენ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ 1957 წლის 30 სექტემბრის ევროპის შეთანხმების (ADR) მოთხოვნების გათვალისწინებით.
6. თუ სახიფათო ტვირთების გადაზიდვა მეხუთე პარაგრაფში მითითებული ევროპის შეთანხმების (ADR) მოთხოვნების გათვალისწინებით ან ხელშემკვრელი მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, საჭიროებს სპეციალური ნებართვას, გადამზიდველი მიიღებს ასეთ ნებართვას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან მის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე.
7. თუ წინამდებარე მუხლის მეექვსე პარაგრაფის თანახმად გაცემული სპეციალური ნებართვები მოითხოვს ავტოსატრანსპორტო საშუალების დადგენილი მარშრუტით მოძრაობას, მაშინ ავტოსატრანსპორტო საშუალება იმოძარავებს ამ მარშრუტზე.
მუხლი 10🔗
1. ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების გადამზიდველები, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას და ტვირთის გადაზიდვას, ნაცვალგების პრინციპით თავისუფლდებიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობასთან და გადაადგილებასთან დაკავშირებული გადასახადების, გადასახდელებისა და სხვა მოსაკრებლებისაგან, ისევე როგორც მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს საავტომობილო გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრანზიტად გადაადგილების მოსაკრებლისაგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადასახადებისაგან განთავისუფლება არ ვრცელდება არადისკრიმინაციული პრინციპით გზების, საავტომობილო მაგისტრალების, ხიდებისა და გვირაბების გამოყენებაზე დაწესებულ მოსაკრებელზე.
მუხლი 11🔗
მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საქმიანობისას, გადამზიდველი და მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟები ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა და რეგულაციები.
მუხლი 12🔗
იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს გადამზიდველი მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაარღვევს წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულებას, იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა დარღვევა, საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებისათვის ზიანის მიუყენებლად, აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს დარღვევის შესახებ, რომელიც გაატარებს სათანადო ღონისძიებებს საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად. ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწოფოების კომპეტენტური ორგანოები გაცვლიან ინფორმაციას დაკისრებული სანქციების შესახებ.
მუხლი 13🔗
1. ხელშემკვრელი მხარეები დანიშნავენ საკუთარ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესრულებაზე პასუხისმგებელ კომპეტენტურ ორგანოებს და ერთმანეთს შეატყობინებენ აღნიშნულის შესახებ.
2. შეიქმნება ერთობლივი კომიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესრულებას.
3. ერთობლივი კომიტეტი უნდა შეიკრიბოს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით და უნდა შედგებოდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისაგან.
მუხლი 14🔗
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 15🔗
წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება წერილობითი სახით. ცვლილებები და დამატებები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში.
მუხლი 16🔗
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო პირობების შესრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან მესამოცე დღეს.
2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. მისი მოქმედება შეიძლება შეწყდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ წერილობით. ასეთ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის გაგზავნიდან 6 თვის შემდეგ. რის დასტურადაც სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემორე ხელმომწერნმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია 2015 წლის 13 ნორმბერს, ქ. ბრატისლავაში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, სლოვაკურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ხელშემკვრელ მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)