1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და აწარმოებს გამოძიებას; უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას; ახორციელებს სათამაშო ბიზნესის სახელმწიფოებრივ რეგულირებას; უზრუნველყოფს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.

2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ‑მინისტრის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

5. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

6. სამინისტროს აქვს ბალანსი.

7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0105, გორგასლის ქ. №16.

8. სამინისტროს სრული სახელწოდებაა „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო