სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/8768-11
განჩინება
საქართველოს სახელით
კ რედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
კრედიტორი - სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ რეაბილიტაციის მმართველი/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე
წარმომადგენელი - ლევან ქევხიშვილი
მოთხოვნა - კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია გაკოტრების საქმის წარმოება მოვალე სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ რეაბილიტაციის მმართველის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის წარმომადგენელმა ლევან ქევხიშვილმა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე.
სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 18 აპრილს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:
სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ მიმართ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ კრედიტორული მოთხოვნების 2017 წლის 1 აპრილის მდგომარეობით - 2 385 431,06 ლარის მეორე რიგის კრედიტორულ მოთხოვნად აღიარება და სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მეორე რიგის მოთხოვნად ასახვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი