პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №219 |
|
2017 წლის 28 აპრილი ქ. თბილისი |
|
პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პროფესიული საჯარო მოხელისათვის (შემდგომში – მოხელე) მოხელის კლასის მინიჭების მიზანს, წესსა და პირობებს, მოხელისათვის მოხელის კლასის მინიჭების პერიოდულობას, ასევე 2017 წლის 1 ივლისამდე მინიჭებული საჯარო მოხელის საკლასო ჩინების ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოხელის კლასებთან გათანაბრების წესს.
1. მოხელის კლასი განსაზღვრავს მოხელის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დონეს.
2. მოხელისათვის მოხელის კლასის მინიჭების მიზანია მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა.
3. მოხელის კლასების საერთო რაოდენობაა 12, სადაც პირველი კლასი არის ყველაზე დაბალი კლასი, ხოლო მე-12 – ყველაზე მაღალი კლასი.
1. მოხელეს მოხელის კლასი ენიჭება მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით.
2. მოხელეს მოხელის კლასი მიენიჭება:
ა) პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით – საუკეთესო შეფასებით 2 წელიწადში ერთხელ, მინიმუმ კარგი შეფასებით – 3 წელიწადში ერთხელ;
ბ) მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით – საუკეთესო შეფასებით წელიწადში ერთხელ, მინიმუმ კარგი შეფასებით – 2 წელიწადში ერთხელ.
3. მოხელის კლასი არ მიენიჭება იმ მოხელეს, რომელიც დანიშნულია გამოსაცდელი ვადით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.
4. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, მოხელეს მოხელის კლასის მინიჭებისას, გამოსაცდელი ვადა ჩაეთვლება სამსახურის სტაჟში.
5. მოხელეს მინიჭებული მოხელის კლასი უნარჩუნდება მუდმივად და დაუშვებელია მისი ჩამორთმევა.
1. მოხელეს მოხელის კლასს ანიჭებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარდგინებით.
2. მოხელისათვის მოხელის კლასის მინიჭება ფორმდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
1. მოხელეს, რომელსაც მიენიჭა მოხელის კლასი, ეძლევა თანამდებობრივი სარგოს დანამატი – საკლასო დანამატი.
2. მოხელეს საკლასო დანამატი ეძლევა საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.
3. მოხელეს საკლასო დანამატი ეძლევა, ასევე:
ა) სხვა საჯარო დაწესებულებაში ან/და იმავე საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობაზე გადასვლისას;
ბ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას.
4. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შემთხვევაში, მოხელეს საკლასო დანამატი არ ეძლევა.
5. მოხელის საკლასო დანამატის ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
1. 2017 წლის 1 ივლისამდე, 1997 წლის 31 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული საჯარო მოხელის საკლასო ჩინები გაუთანაბრდეს მოხელის კლასებს შემდეგი შესაბამისობით:
ა) ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი – მე-12 კლასი;
ბ) პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი – მე-11 კლასი;
გ) სახელმწიფო მრჩეველი – მე-10 კლასი;
დ) პირველი კლასის მრჩეველი – მე-9 კლასი;
ე) მეორე კლასის მრჩეველი – მე-8 კლასი;
ვ) მესამე კლასის მრჩეველი – მე-7 კლასი;
ზ) საჯარო სამსახურის პირველი კლასის მრჩეველი – მე-6 კლასი;
თ) საჯარო სამსახურის მეორე კლასის მრჩეველი – მე-5 კლასი;
ი) საჯარო სამსახურის მესამე კლასის მრჩეველი – მე-4 კლასი;
კ) საჯარო სამსახურის პირველი კლასის რეფერენტი – მე-3 კლასი;
ლ) საჯარო სამსახურის მეორე კლასის რეფერენტი – მე-2 კლასი;
მ) საჯარო სამსახურის მესამე კლასის რეფერენტი – პირველი კლასი.
2. მოხელის საკლასო დანამატის ოდენობასა და მის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.11.2025.
- როდის იქნა მიღებული „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.04.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №219. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.10.003.019928.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.11.2025-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.11.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №219, 28.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.019928 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3652584/